იტალიური სამზარეულოს მეექვსე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, იტალიის საელჩოს მოწვევით, საქართველოს ესტუმრა მიშლენის ვარსკვლავით დაჯილდოვებული ყველაზე ახალგაზრდა იტალიელი შეფ-მზარეული მატეო სივერო და კულინარიული აკადემიის სტუდენტებისთვის მაღალი სამზარეულოს მასტერკლასი ჩაატარა.
მასტერკლასზე, რომელიც კვირეულის მთავარ თემას, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ კვებას ეძღვნებოდა, მატეო სივერომ დამსწრეებს სპეციალური მენიუ – იტალიის (ვენეტოს რეგიონიდან ქალაქ რომამდე) უძველესი კულინარიული ტრადიციისთვის დამახასიათებელი გლეხური კერძების საკუთარი, თანამედროვე ვერსია შესთავაზა: “კვერცხის ღრუბელი” – ხახვის წვნიანი კვერცხის კრუტონებით; სახელგანთქმული სპაგეტი “cacio e pepe”, რომლის რეცეპტი მატეო სივერომ მაზარა დელ ვალოს წითელი კიბორჩხალებით გაამდიდრა; “pasta e fagioli alla veneta” მიდიებითა და სხვადასხვა ზღვის პროდუქტებით.
კულინარიული აკადემიის სტუდენტები და მომავალი მზარეულები დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით უსმენდნენ იტალიელი შეფ-მზარეულის რჩევებს კერძების მომზადების ტექნიკასთან და პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით.
თვალყური ადევნეთ ჩვენი სოც. ქსელებით მასტერკლასის ამსახველ ფოტომასალას, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებლმა მოამზადა.