ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულის ფარგლებში ორგანიზებული წვეულება

1

იტალიური სამზარეულოს მეთერთმეტე მსოფლიო კვირეული იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული საზეიმო ღონისძიებით გაგრძელდა: თბილისის ერთ-ერთმა საუკეთესო რესტორანმა „რესპუბლიკამ“ უმასპინძლა წვეულებას, რომელიც პულიის რეგიონის სამზარეულოს გასაოცარ გემოებს მიეძღვნა.

ცნობილმა იტალიელმა შეფ-მზარეულმა და რესტორან „Osteria del Borgo Antico di Gioia del Colle“-ს მფლობელმა ოტავიო ჯულიო სურიკომ წვეულების 150-ზე მეტ სტუმარს (მათ შორის, სამთავრობო წრეების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სამეწარმეო წრეებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს) პულიის კულინარიული ტრადიციებით შთაგონებული სპეციალური მენიუ შესთავაზა.

„ეს ღონისძიება იმ მნიშვნელოვანი ინიციატივის ნაწილია, რომელსაც იტალიის საელჩო საქართველოში პულიის რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით ახორციელებს“, – განმარტა იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ, – „იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული იტალიური სამზარეულოს მეთერთმეტე  კვირეულის ფარგლებში წარმოვადგინეთ უაღრესად მრავალფეროვანი ენოგასტრონომიული ტრადიციებითა და გამორჩეულად გემრიელი კერძებით რეგიონის სამზარეულო, სადაც ტრადიციები და ინოვაციები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და თითოეული ინგრედიენტი საკუთარი მიწა-წყლის ისტორიას მოგვითხრობს“.

საღამო გაიმართა ცნობილი იტალიური სიმღერების თანხლებით, რომლებიც ნიჭიერმა მომღერალმა ნათია სვანაძემ და გიტარისტმა გიორგი ცინცაძემ შეასრულეს.

#DiplomaziadellaCrescita