მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების 29-ე საერთაშორისო ფესტივალის (GIFT) გახსნითი ღონისძიების (იტალიური ინოვაციური საცეკვაო და პერფორმანსული ხელოვნების დასის, Dewey Dell-ის სპექტაკლის „კურთხეული გაზაფხული“, რომელიც თეოდორა კასტელუჩის ქორეოგრაფიით შეიქმნა) შემდეგ, იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებულმა ფესტივალმა ქართველ მაყურებელს კიდევ ერთი შესანიშნავი თეატრალური სანახაობა შესთავაზა.
გუშინ, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სცენაზე წარმოდგენილი იყო სპექტაკლი “ამფიტრიონი”, რომელიც რეჟისორმა ტერეზა ლუდოვიკომ პლავტუსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომედიის მიხედვით დადგა და Teatri di Bari/Teatro Kismet-ის მსახიობებმა შეასრულეს.
“უკვე ტრადიციად იქცა თანამშრომლობა იტალიის საელჩოსა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “საჩუქარს” შორის, რომელიც საქართველოს დედაქალაქში ყოველწლიურად უყრის თავს ადგილობრივ და საერთაშორისო ხელოვანებს და საერთაშორისო კულტურული გაცვლისათვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა”, – აღნიშნა იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ, – “ეს სპექტაკლი საქართველოში წარმოდგენილია Puglia Season-ის პროგრამის ფარგლებში, რომელიც იტალიის საელჩოს მიერ პულიის რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული პროექტის ნაწილს შეადგენს“.
#DiplomaziaCulturale