ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

საქართველოში იტალიური დიზაინის დღის აღნიშვნა გრძელდება

1

იტალიური არქიტექტურისა და დიზაინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ტრადიციული ინიციატივის ფარგლებში, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ, იტალიის კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, წელს უკვე მეათედ იმართება, საქართველოში იტალიის საელჩოს და იტალიის საგარეო ვაჭრობის სააგენტოს (ITA) ორგანიზებით კიდევ ერთი ღონისძიება ჩატარდა, რომელიც მიეძღვნა წლევანდელი იტალიური დიზაინის დღის მთავარ თემას „Re-Design. სივრცის, ობიექტებისა და იდეების რეგენერაცია“.

ღონისძიება საქართველოში იტალიის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა ფაბიოლა ალბანეზემ გახსნა, რომელმაც ხაზი გაუსვა დიზაინისა და არქიტექტურის როლს ადამიანთა ყოველდღიური საცხოვრებელი სივრცეების ახლებურად გააზრების პროცესში. „დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთი შესანიშნავი შესაძლებლობაა, წარმოვაჩინოთ იტალიის გამოცდილება, ცოდნა და კრეატიულობის, ინოვაციებისა და ტრადიციების შერწყმის უნარი“, – აღნიშნა მან.

იტალიის საგარეო ვაჭრობის სააგენტოს (ITA) წარმომადგენლის, თამარ მდივანის მისალმების შემდეგ, ღონისძიება საინტერესო პრეზენტაციებით გაგრძელდა. სიტყვით გამოვიდნენ დიზაინის, არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის საკითხებზე მომუშავე ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯორჯო ტარტარო, NABA-ს (იტალიის პირველი და ერთადერთი სახვითი ხელოვნების აკადემია, რომელიც ხელოვნებისა და დიზაინის მიმართულებით მსოფლიოს 50 საუკეთესო სასწავლებელს შორისაა) მოდის მარკეტინგის მენეჯმენტის პროგრამის ხელმძღვანელი ალესანდრო მანცი და ACT Global-ის წარმომადგენელი ანა ბურდული, რომელმაც ღონისძიების სტუმრებს გააცნო იტალიის საგარეო ვაჭრობის სააგენტოსთვის (ITA) ჩატარებული „ავეჯისა და ინტერიერის დიზაინის პროდუქციის B2B ბაზრის კვლევა საქართველოში“.

ღონისძიება იტალიური დიზაინის დღის თემისადმი მიძღვნილ კონკურსში გამარჯვებული მონაწილეების დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა. NABA-ს ორგანიზებით გამართული კონკურსი ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდებისთვის ნაწილობრივ სასწავლო სტიპენდიებს ითვალისწინებს.

იტალიური დიზაინის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება კიდევ ერთხელ ადასტურებს დიზაინის, როგორც დიალოგისა და ინოვაციების ხელშემწყობი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის მნიშვნელობას, და იტალიასა და საქართველოს შორის კულტურული და პროფესიული კავშირების გაძლიერებას ემსახურება.

#IDD2026