საქართველოში იტალიური ინოვაციებისა და კვლევების დღის აღნიშვნის ფარგლებში, 28 სექტემბერს გაიმართა საქართველოში იტალიის საელჩოსა და იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ITA) მიერ ორგანიზებული ღონისძიება „იტალიური სტარტაპები საქართველოში“. მასში მონაწილეობდნენ იტალიის ისეთი უმსხვილესი სტარტაპები და ტექნოლოგიური ცენტრები, როგორიცაა IoTique (Igloo S.r.l., ნივთების ინტერნეტის (IoT) ღრუბლოვანი პლატფორმების მონაცემთა მართვა და პროგრამული უზრუნველყოფა); IRS Prodigy (ციფრული ტრანსფორმაციის, ხელოვნური ინტელექტის, დიდი მონაცემების ანალიტიკა, პროექტირება და განვითარება); ICARUS (ხელოვნული ინტელექტის შესაძლებლობები სამედიცინო სფეროში); Junto (ციფრული ინოვაციები, სტრატაპებისა და ტექნოლოგიური გადაცემა) და MY-MONEY (ბიომეტრიული და Device-free გადახდის სისტემების განვითარება).
ღონისძიება მიზნად ისახავდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დარგებში საუკეთესო იტალიური პროდუქტების პოპულარიზაციას, იტალიურ და ქართულ კომპანიებს შორის პირდაპირი კავშირების დამყარებასა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ახალი პარტნიორობის ხელშეწყობას, B2B ფორმატის შეხვედრებსა და ადგილობრივი ტექნოლოგიური ცენტრებისა და სტარტაპების მონახულებას.
ღონისძიება გახსნა იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ, რომელმაც ისაუბრა იტალიასა და საქართველოს შორის ორმხრივი კავშირების დინამიკურ განვითარებასა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დარგში მზარდი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. „შემთხვევითი არ არის, რომ სტარტაპებისაკენ მიმართული ღონისძიება იმართება საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც კავკასიაში ინოვაციურ-ტექნოლოგიური ჰაბის ადგილს იმკვიდრებს“, – აღნიშნა ელჩმა დ’ანტუონომ, – „ეს ღონისძიება შესანიშნავი შესაძლებლობაა ადგილობრივ პარტნიორებთან დაკავშირებისთვის, ჩვენი ქვეყნების ინოვაციურ ეკოსისტემებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ახალი ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობისთვის“.
იტალიური კომპანიების, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და იტალია-საქართველოს სავაჭრო პალატის (ITAGEO) პრეზენტაციების შემდეგ, ღონისძიება გაგრძელდა სტარტაპ ეკოსისტემასთან დაკავშირებული პანელური დისკუსიითა და B2B შეხვედრებით, რომლებიც მიზნად ისახავდა ორი ქვეყნის კომპანიებს შორის აუცილებელი დიალოგის ხელშეწყობას და მსჯელობას თანამშრომლობასა და სამომავლო პროექტებზე.
იტალიური დელეგაციის ვიზიტი საქართველოში გაგრძელდა 29 სექტემბერს, ქ. ქუთაისში, სადაც იტალიური დელეგაცია ეწვია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბსა და ინოვაციურ საგანმანათლებლო ცენტრ „თუმო ქუთაისს“, ასევე, გაეცნო სხვადასხვა ქართულ სტარტაპებს.
#DiplomaziaEconomica