19 სექტემბრიდან 26 სექტემბრამდე გაიმართება ბათუმის საავტორო კინოს XX საერთაშორისო ფესტივალი (BIAFF), რომელზეც წარმოდგენილი იქნება მოკლე და სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, იტალიიდან. საქართველოს კულტურული ცხოვრების ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების სექციაში „დიდოსტატთა კოლექცია“ პაოლო სორენტინოს ახალი ფილმის მონაწილეობა საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.
20 სექტემბერს, 20:30სთ-ზე და 21 სექტემბერს, 22:30სთ-ზე ნაჩვენები იქნება უამრავი პრემიით დაჯილდოებული, 8 ვერცხლის ლენტის (მათ შორის, საუკეთესო ფილმისთვის) და 2 ოქროს გლობუსის მფლობელი ფილმი „შეწყალება“, რომელშიც მთავარ როლს შესანიშნავი იტალიელი მსახიობი ტონი სერვილო ასრულებს. ფილმი მოგვითხრობს იტალიის გამოგონილ მოხუცებულ პრეზიდენტ მარიანო დე სანტისზე, რომელიც საპრეზიდენტო მანდატის ბოლო თვეებში მძიმე მორალური დილემის წინაშე აღმოჩნდება: მას უწევს ორი ურთულესი გადაწყვეტილების მიღება ორი მკვლელის შეწყალებასთან და ქვეყანაში ევთანაზიის დაშვებაზე კანონის ხელმოწერასთან დაკავშირებით.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ.