მილანის გამოფენის “EXPO 2015” განმავლობაში (2015 წლის 1 მაისი – 31 ოქტომბერი), ქალაქ ტურინში დაგეგმილია მრავალრიცხოვანი კულტურული, სპორტული, სოციალური და ტურისტული ღონისძიებების სერია “EXPO-EXTO”. უკვე 31 მარტს გაიხსნება ტურინის ახალი ეგვიპტური მუზეუმი, რომელიც ეგვიპტოლოგიის დარგში სიდიდითა და მნიშვნელობით მსოფლიოში მეორე მუზეუმია, ქაიროს მუზეუმის შემდეგ.
მთელი 2015 წლის განმავლობაში გაიმართება დიდი გამოფენები, რომლებიც მიეძღვნება მოდილიანის, დე ლემპიკას, მონესა და თანამედროვე ხელოვნებას. ამავე დროს ტურინი უმასპინძლებს ჯაზის საერთაშორისო ფესტივალს, წიგნის საერთაშორისო ფესტივალსა და ტურინის კინოფესტივალს.
2015 წელი მნიშვნელოვანი წელია რელიგიური თვალსაზრისითაც: 19 აპრილიდან 24 ივნისამდე ისევ გამოიფინება ტურინის წმინდა სუდარა. ქალაქი მილიონობით პილიგრიმს უმასპინძლებს, 21 ივნისს კი დაგეგმილია რომის პაპი ფრანჩესკოს ვიზიტი.
2015 წელს ტურინი, რომელიც სპორტის ევროპულ დედაქალაქად დასახელდა, უმასპინძლებს შეჯიბრებებს სპორტის სხვადასხვა სახეობებში და მნახველს შესთავაზებს მრავალრიცხოვან ინიციატივებსა და ისეთ უნიკალურ ღონისძიებებს, როგორიცაა “სპორტის დღესასწაული” (30 მაისი -1 ივნისი) და სპორტის ევროპული სიმპოზიუმი.
13-16 ოქტომბერს გაიმართება გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით ორგანიზებული ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების III ფორუმი, რომელიც თავს მოუყრის ათასობით ექსპერტს მთელი მსოფლიოდან, რათა მათ ერთობლივად იმუშაონ მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენის ცხოვრების დონის კომპლექსური განვითარების ხელშემწყობი ამბიციური მიზნების განსახორციელებლად.