ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

იტალიურ-ქართული თანამშრომლობა კლდეში ნაკვეთი ქალაქის დასაცავად

ვარძიის კომპლექსის დასაცავად უკვე შესრულებული სამუშაოების ანგარიშის წარსადგენად და მომავალში განსახორციელებელი სამუშაოების დასაგეგმად, 1 დეკემბერს გაიმართა იტალიელი და ქართველი ექსპერტების ერთობლივი კონფერენცია. ვარძია XII საუკუნის კლდეში ნაკვეთი ქალაქი და სამონასტრო კომპლექსია, რომელიც 13 იარუსზე განლაგებულ 600-ზე მეტ ოთახს წარმოადგენს. ეს კომპლექსი ქართული კულტურის გასაოცარი და, ამავდროულად, მეტად ფაქიზი ძეგლია, რომელიც კლდის ჩამოშლისა და სხვა სეისმური მოვლენების შედეგად ზიანდება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით სამეცნიერო თანამშრომლობის მაგალითია პროექტი Multidisciplinary survey and monitoring of the Vardzia rock cut complex, რომელსაც იტალიური და ქართული ინსტიტუციები და ორგანიზაციები ერთობლივად ახორციელებენ.
სწორედ ამ საკითხზე იმსჯელეს ორივე ქვეყნის ექსპერტებმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, რომელიც გახსნეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, იტალიის ელჩმა ანტონიო ბარტოლიმ და სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ.
“პროექტს სამი მიზანი აქვს: შესწავლა, მონიტორინგი და პრევენცია”, – განმარტა ელჩმა ბარტოლიმ, – “პირველი კომპონენტი გეოტექნიკური ხასიათისაა და გულისხმობს მეწყერების, ქანების მოძრაობის, გეოლოგიური და სეისმური ასპექტების გამოვლენასა და სისტემატიზაციას. მეორე მიზანია მონიტორინგი, რომელიც რთული ტექნოლოგიების გამოყენებითა და მილიმეტრული სიზუსტით ტარდება (2012 წელს იტალიური კომპანიის მიერ დამონტაჟებული სისტემა ყოველ თხუთმეტ წუთში აღრიცხავს მონაცემებს ერუშეთის ქედზე 50 ათასზე მეტ წერტილში კლდოვანი მასების შესაძლო გადაადგილების შესახებ). მესამე მიზანი პრევენციული ღონისძიებებია, რაც გულისხმობს ქვათა ცვენის საშიშროებისა და მისი შედეგების შემცირებისათვის ინჟინერული გადაწყვეტილებების შეთავაზება-განხორციელებას”.
ინიციატივის სამი ძირითადი პრინციპია: ცოდნის მიღება, გაზიარება და შესაძლებლობათა გაძლიერება. ეს ინიციატივა სხვადასხვა სუბიექტებს აერთიანებს, რომელთა შორისაა: ISPRA (იტალიის გარემოს დაცვისა და კვლევების უმაღლესი ინსტიტუტი), საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ბოლონიის, ფლორენციის, რომისა და მილანის ბიკოკას უნივერსიტეტები და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტი ხორციელდება სხვადასხვა იტალიური კომპანიების მიერ შემუშავებული და მოწოდებული ტექნოლოგიების (მონაცემთა შეგროვებისათვის აუცილებელი ლაზერული სისტემისა და უწყვეტი კონტროლისთვის აუცილებელი სარადარო სისტემის) მეშვეობით. პროექტის კოორდინატორები არიან პროფ. კლაუდიო მარგოტინი და ინჟ. დანიელე სპიციკინო.