წლის ერთ-ერთი ყველაზე ნანატრი და სასურველი კონცერტი გაიმართება კვირადღეს, 24 აპრილს, 20:00 საათზე. თბილისის სპორტის სასახლის სცენაზე ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარსდგება ეროს რამაცოტი კონცერტით “Perfetto Tour”.
შესრულდება იტალიელი მომღერლის ყველაზე ცნობილი სიმღერები და კომპოზიციები ახალი ალბომიდან. “საქართველოში არასდროს მიმღერია! იმედი მაქვს, რომ ამ პირველ კონცერტს თბილისში ბევრი სხვა მოჰყვება,” – ენთუზიამს ვერ მალავს მომღერალი.
კონცერტი, რომლის ორგანიზებაში თავისი წვლილი იტალიის საელჩომაც შეიტანა, რამაცოტის მსოფლიო ტურნეს ფარგლებში გაიმართება. მისი ახალი დისკი “Perfetto”, რომელიც უკვე 60-მდე ქვეყანაში გაყიდვების ტოპ-ათეულშია, ქართველი მსმენელისთვის ნამდვილი აღმოჩენა იქნება. სცენაზე იხილავთ უამრავ სპეცეფექტსა და მომღერლის 3D ანიმაციით შექმნილ გამოსახულებას, რომელიც მარველის კომიქსების სტილს მოგაგონებთ – ესაა კლასიკისა და თანამედროვეობის ნაზავი, რომელსაც სახელგანთქმული იტალიელი მომღერალი წარმოგიდგენთ.