საქართველოში ბრუნდება იტალიური ენის კვირეული, რომელიც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით ტარდება. კვირეული წელს უკვე ოცდამეექვსედ იმართება და მისი მიზანია უცხოეთში იტალიური ენობრივი და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია. ინიციატივას დასაბამი 2001 წელს იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და კრუსკას აკადემიას შორის შეთანხმების საფუძველზე მიეცა, მოგვიანებით კი მას შვეიცარიის კონფედერაციაც შეუერთდა.
იტალიური ენის მსოფლიო კვირეული, რომლის თემა ყოველ წელს განსხვავებულია, დიდი წარმატებით სარგებლობს და მის ფარგლებში იმართება კონფერენციები, გამოფენები, შეხვედრები და საჯარო ლექციები. წლევანდელი კვირეულის თემაა “გენიალური ენა: იდეიდან ხორცშესხმამდე, იტალიური ენის მეშვეობით“ და ის ჩვენს ენას, კულტურასა და შემოქმედებითობას შორის ღრმა კავშირების ძიებას ეძღვნება.
იტალიის საელჩო საქართველოში გთავაზობთ მრავალფეროვან ღონისძიებებს, რომლებიც იტალიური ენის ოცდამეექვსე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში გაიმართება.
კვირეულის პროგრამა:
13 ოქტომბერს, 17:00სთ-ზე, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება იტალიის საელჩოს მიერ, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტთან კოორდინირებით ორგანიზებული და Silk Hospitality-ს მიერ მხარდაჭერილი ღონისძიება “საუბრები ჰუმანიზმის სათავეებსა და რენესანსის დიდ წინამორბედებზე“, რომელიც წმ. ფრანცისკე ასიზელის გარდაცვალების 800 წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში ჩატარდება. ღონისძიებაზე, რომელსაც იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია გახსნიან, მოხსენებებით წარსდგებიან სახელგანთქმული იტალიელი პოეტი, მწერალი და დრამატურგი დავიდე რონდონი, ცნობილი ქართველი პოეტი დავით მაღრაძე და იტალიელი ჟურნალისტი და ისტორიული წიგნების ავტორი პიერლუიჯი ვერჩეზი. ღონისძიებაზე გამოფენილი იქნება საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში დაცული ერთადერთი ინკუნაბულა – დანტე ალიგიერის “ღვთაებრივი კომედიის” 1481 წლის უნიკალური გამოცემა, რომელიც დანტეს მშობლიურ ქალაქში, ფლორენციაში “ღვთაებრივი კომედიის” პირველად დაბეჭდილ ილუსტრირებულ გამოცემას წარმოადგენს.
20 ოქტომბერს, 14:00სთ-ზე, თბილისში 1996 წელს დაარსებულ სკოლა „ცისკარში“, სადაც იტალიური ენა ისწავლება, როგორც პირველი უცხო ენა ყველა სავალდებულო საგნისთვის, გაიმართება იტალიური ენის კვირეულის თემისადმი მიძღვნილ კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება. სკოლის მასწავლებლის, ლილიანა ნობილეს მიერ ორგანიზებულ კონკურსში გამარჯვებულები იტალიის საელჩოსგან საჩუქრად წიგნებს მიიღებენ.
24 ოქტომბერს, 10:00სთ-ზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდება ქართულ-იტალიური განათლების ცენტრი „მინერვას“ მიერ საელჩოსთან ერთად ორგანიზებული სემინარი, რომელსაც პროფესორი მაურიციო მალიონი გაუძღვება და რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას კრიტიკული აზროვნების განვითარებას მიეძღვნება.
28 ოქტომბერს, 16:00სთ-ზე, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება რუსუდან გალდავას ავტობიოგრაფიული წიგნის „Dalla Georgia in Italia” (“საქართველოდან იტალიაში“) პრეზენტაცია.
30 ოქტომბერს, 16:00სთ-ზე, საქართველოს განათლების სამინისტროში გაიმართება იტალიური ენის კვირეულის განმავლობაში ქართულ-იტალიური განათლების ცენტრი „მინერვას“ მიერ საქართველოს საჯარო და კერძო ქართულ სკოლებში ორგანიზებულ სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება. კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები იტალიის საელჩოსა და შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს მიერ მომზადებული პრიზებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
თვალყური ადევნეთ ჩვენს ინიციატივებს სოც. ქსელების მეშვეობით!