ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

SCIM2026, მოგზაურობა პულიის რეგიონის გემოებსა და კულინარიულ ტრადიციებში

V2 – 100×200 SCIM 2026_ENG

საქართველოში ბრუნდება იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივით, რომელიც წელს უკვე მეთერთმეტედ იმართება და მისი მიზანია იტალიური იდენტობისა და კულტურის შემადგენელი ნაწილის – კულინარიული ტრადიციებისა და ენოგასტრონომიული ცოდნის პოპულარიზაცია. ამ ღონისძიებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა მას მერე, რაც იუნესკომ იტალიური სამზარეულო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა. წლევანდელი ღონისძიების თემა იქნება „იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული იტალიური სამზარეულო: ტერიტორიები და გამორჩეული სასურსათო წარმოება“.

კვირეულის აღნიშვნა საქართველოში პულიის რეგიონის სამზარეულოს ეძღვნება და წარმოადგენს იმ პროექტის ნაწილს, რომელსაც იტალიის საელჩო წელს ამ რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით ახორციელებს. იტალიის საელჩო, იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოსთან (ICE-ITA) თანამშრომლობით, იტალიური სამზარეულოს მოყვარულებისთვის გამართავს ღონისძიებებს, რომლებიც ერთგვარი მოგზაურობა იქნება პულიის ავთენტური გემოების, ტრადიციებისა და კულინარიული ხელოვნების სამყაროში.

2-3 ოქტომბერს, საქართველოს დედაქალაქის საშემოდგომო დღესასწაულის, ტრადიციული თბილისობის ფარგლებში, თბილისის ისტორიული ცენტრის ერთ-ერთი ქუჩა უმასპინძლებს იტალიის საელჩოს მიერ ჩაფიქრებულ და What About Georgia-სთან თანამშრომლობით ორგანიზებულ ღონისძიებას: იტალიური გასტრონომიის ნამდვილ ფესტივალს, რომელზეც წარმოდგენილი იქნება სტენდები ისეთი იტალიური ნაწარმითა და ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი კერძებით, როგორიცაა პიცა, ყავა, ტირამისუ, ნაყინი და სხვ. პასტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად 25 ოქტომბერს აღინიშნება, ღონისძიების მთავარი გმირი იტალიური სამზარეულოს სიმბოლოდ აღიარებული პასტა იქნება, რომელიც მრავალფეროვანი გემოების სხვადასხვა კომბინაციის წყალობით, ყველანაირ გემოვნებას აკმაყოფილებს და ყველა ჩვენგანის ერთ-ერთი საყვარელი კერძია. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ცნობილი იტალიელი შეფ-მზარეულისა და რესტორან „Osteria del Borgo Antico di Gioia del Colle“-ს მფლობელის, ოტავიო ჯულიო სურიკოს მასტერკლასსა და კულინარიულ შოუს.

კვირეულის აღნიშვნა გაგრძელდება საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო რესტორანში ორგანიზებული საზეიმო ვახშმით, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, სამეწარმეო წრეებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან. შეფ-მზარეული ოტავიო ჯულიო სურიკო სტუმრებს შესთავაზებს სპეციალურ მენიუს, პულიის კულინარიული ტრადიციებით შთაგონებული კერძებითა და საუკეთესო იტალიური ღვინოებით. საღამო გაიმართება ცნობილი იტალიური სიმღერების თანხლებით, რომლებსაც ნიჭიერი მომღერალი ნათია სვანაძე და გიტარისტი გიორგი ცინცაძე შეასრულებენ.

„სამზარეულო ის ენაა, რომელშიც ერის იდენტობა, რეგიონები, ტრადიციები და ცოდნა ისახება. იტალიური სამზარეულო ჩვენი კულტურის ერთ-ერთი ყველაზე ავთენტური გამოხატულებაა. თითოეული კერძი მოგვითხრობს ისტორიას, რომელიც ტრადიციების, ადგილობრივი ინგრედიენტებისა და თაობიდან თაობამდე გადაცემული მომზადების წესების ერთობლიობას წარმოადგენს. შემთხვევითი არ არის, რომ იუნესკომ იტალიური სამზარეულო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა – იტალიური გასტრონომია მხოლოდ რეცეპტები არ არის, ის უნივერსალური ენაა, რომელიც სიყვარულს, პატივისცემასა და ავთენტურობას აერთიანებს, და ასევე, მძლავრი ინსტრუმენტია ჩვენი კულტურული იდენტობის შენარჩუნების, ტრადიციების გადაცემისა და თაობებს შორის კავშირების შექმნისათვის“,  – განმარტავს იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო, – “იტალიური სამზარეულოს მეთერთმეტე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში საქართველოში წარმოვადგენთ გასტრონომიის კუთხით იტალიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რეგიონის, პულიის სამზარეულოს, რომელიც მრავალფეროვანი კულინარიული ტრადიციებით და მარტივი, მაგრამ უგემრიელესი ინგრედიენტებით გამოირჩევა“.

კვირეულის განმავლობაში იტალიური კერძების მოყვარულებს ელით ჩვენი პარტნიორების მიერ მომზადებული სპეციალური მენიუ და სხვადასხვა შემოთავაზებები.

მადლობას ვუხდით ჩვენს სპონსორ და პარტნიორ ორგანიზაციებს, რომლებმაც კვირეულის ღონისძიებების ორგანიზებაში წვლილი შეიტანეს!