ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

იტალიის ელჩის მასიმილიანო დ’ანტუონოს ვიზიტი დმანისში

1

გუშინ იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო ეწვია დმანისს – მსოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ ძეგლს, რომელსაც სახელი გასული საუკუნის 90-იან წლებში აღმოჩენილმა, დაახლოებით 1,8 მილიონი წლის წინანდელმა ადამიანის ნაშთებმა გაუთქვა. დმანისის არქეოლოგიური ძეგლის შესწავლა მულტიდისციპლინური საერთაშორისო ჯგუფის მიერ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოორდინირებით მიმდინარეობს და, უკვე ბევრი წელია, ამ ჯგუფის მუშაობაში ჩართულია ფლორენციის უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა დეპარტამენტი.

დმანისში იტალიის ელჩს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული არქეოლოგიური მისიის ხელმძღვანელმა, ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორმა ლორენცო რუკმა უმასპინძლეს.

თანამედროვე პალეონტოლოგიისთვის დმანისის არქეოლოგიური ძეგლის მნიშვნელობა განუზომელია, ვინაიდან აქ აღმოჩენილი 1,8 მილიონი წლით დათარიღებული ჰომინიდის ნაშთები აფრიკის კონტინენტის გარეთ უძველესია. იტალიელ მეცნიერთა ჯგუფი იკვლევს ცხოველთა განმარხებულ ნაშთებს გენეტიკური ინფორმაციის მოპოვებისა და იმ გარემოსა და ეკოსისტემის მაქსიმალურად დეტალური რეკონსტრუქციისთვის, რომლის ნაწილსაც ჩვენი შორეული წინაპრები შეადგენდნენ.