ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

ჟურნალ “Domus”-ის ქართულენოვანი გამოცემის მეოთხე ნომრის პრეზენტაცია

21 ივლისს თბილისის არქიტექტურის, დიზაინისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ცენტრში, არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში ერთ-ერთი პრესტიჟული იტალიური ჟურნალი “Domus”-ის ქართულენოვანი გამოცემის მეოთხე ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალის პრეზენტაციასთან ერთად, Domus-ის ინტერაქტიული დიალოგისთვის შექმნილი პლატფორმა “Futures”-ის ფარგლებში რიგით მეორე შეხვედრა შედგა. როგორი იქნება კაცობრიობის მომავალი და საზოგადოების მდგრადი განვითარება მიმდინარე კლიმატური ცვლილებების ფონზე, როგორი იქნება მომავლის არქიტექტურა, ახალი ტექნოლოგიების ზეგავლენა არქიტექტურასა და დიზაინზე, კულტურული მემკვიდრეობის როლი მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაში, კულტურის მომავალი: აი იმ თემების მოკლე ჩამონათვალი, რომლებიც შეხვედრის განხილვის საგანი გახდა.

ღონისძიებაში, რომელსაც ჟურნალ “Domus”-ის ქართული გამოცემის რედაქტორი ლენა კილაძე უძღვებოდა, მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტირებული იტალიის, აშშ-ის, ისრაელის დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებმა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ.

თავის გამოსვლაში იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ აღნიშნა იტალიისა და საქართველოს არქიტექტორებისა და დიზაინერების წარმატებული თანამშრომლობა, რომლის მკაფიო მაგალითს სწორედ Domus Georgia წარმოადგენს, ხაზი გაუსვა პლატფორმა “Futures” – ის ფარგლებში განხილული საკითხების თანხვედრას ქალაქ რომის მხრიდან 2030 წლის მსოფლიო გამოფენისთვის შეთავაზებულ თემატიკასთან, ყურადღება შეაჩერა ქალაქ მილანში განხორციელებულ მოწინავე სამშენებლო პროექტზე „ვერტიკალური ტყე”, რომელიც კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის მიზნების მიღწევას ემსახურება და ურბანული მდგრადობის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს.