რვაწლიანი შესვენების შემდეგ ქ. რომის ყველაზე დიდი საგამოფენო სივრცე “Palazzo delle Esposizioni“, 2016 წლის 13 ოქტომბრიდან 2017 წლის 8 იანვრამდე უმასპინძლებს გამოფენას, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ეწყობა. გამოფენა, სახელწოდებით “სხვა დრონი და სხვა მითები”, ორგანიზებულია იტალიის კულტურული მემკვიდრეობის სამინისტროს, რომის მერიისა და ლაციოს რეგიონის საზოგადოების, “La Quadriennale di Roma“-ს მიერ, ქ. რომის მერიის კულტურის განვითარების განყოფილებას დაქვემდებარებულ სპეციალურ კომპანია “Palaexpo“-სთან ერთობლივად. რიგით მე-16 გამოფენის მთავარი მიზანია “დაამსხვრიოს სტერეოტიპები და წარმოაჩინოს ახალგაზრდა თაობათა ნამუშევრები” და შექმნას თანამედროვე იტალიის მხატვრული და კულტურული პროდუქციის საერთო სურათი.
გამოფენა, რომელიც “თანამედროვე ხელოვნების ახალი ფორმებს იძიებს” და მიმართულია იტალიის 2000-იანი წლების ვიზუალური ხელოვნების შესწავლისაკენ, დაყოფილია ათ საექსპოზიციო ნაწილად (თითოეულ ნაწილს ერთი კურატორი, ხოლო ერთ-ერთ ნაწილს – ორი კურატორი ჰყავს). წარმოდგენილი იქნება 99 ხელოვანის 150 ნამუშევარი, აქედან, 70 მათგანი ახლადშექმნილია, ხოლო დანარჩენი შეიქმნა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში. ნამუშევრები გამოიფინება “Palazzo delle Esposizioni”-ში, ქ. რომის სხვა საგამოფენო სივრცეებსა და კერძო გალერეებში.
