ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

2023, ღონისძიებები, რომლებიც იტალიის საელჩოს ორგანიზებით ან მხარდაჭერით გაიმართა

BANNER-eventi 2023

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე
იანვარი, თბილისი
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იტალიის საელჩომ საქართველოში, RAI Scuola-სთან თანამშრომლობით, კინოს მოყვარულებს შესთავაზა დოკუმენტური ფილმი “თავისუფალი მუსიკა. ისტორიები ნოტებზე, ტყვეობაზე, სისასტიკესა და იმედზე” – მოგზაურობა საკონცენტრაციო ბანაკებში შექმნილი მუსიკის ისტორიაში, რომელსაც უძღვებოდა იტალიელი პიანისტი და კომპოზიტორი ფრანჩესკო ლოტორო.

 

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის წლისთავი: დოკუმენტური ფილმის “Kordon” ჩვენება
თებერვალი, თბილისი
უკრაინაში რუსეთის ფედერაციის გაუმართლებელი აგრესიის დაწყების წლისთავზე, იტალიის მხრიდან უკრაინელი ხალხისა და უკრაინის ხელისუფლების მტკიცე მხარდაჭერის დასადასტურებლად, იტალიის საელჩომ საქართველოში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, გამართა ახალგაზრდა იტალიელი რეჟისორის, ალიჩე ტომასინის დოკუმენტური ფილმის “Kordon” (“საზღვარი”) ჩვენება.

 

მიკელე დე ლუკის სტუმრობა საქართველოში იტალიური დიზაინის დღეზე
მარტი, თბილისი
„იტალიური დიზაინის დღე“, რომელიც იტალიურ დიზაინს, რესტავრაციასა და არქიტექტურას ეძღვნება, იტალიის საელჩომ, იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ICE-ITA) თბილისის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით გამართული ღონისძიებით აღნიშნა. ღონისძიება მოიცავდა ცნობილი იტალიელი არქიტექტორი მიკელე დე ლუკის (ხელოვანის, რომელსაც საქართველოში იცნობენ იმ საავტორო ნამუშევრებით, რომლებიც თბილისის უნიკალური იერსახის განუყოფელ ნაწილად იქცა) ლექციას; იტალიის არქიტექტორთა ეროვნულ საბჭოსთან (CNAPPC), DOMUS-საქართველოსა და დიზაინის ევროპულ ინსტიტუტთან (IED) თანამშრომლობით მომზადებულ სამ გამოფენასა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან თანამშრომლობით ორგანიზებულ სემინარს.

Photo Taken In Italy, Milan

 

იტალიური ინოვაციებისა და კვლევების დღის აღნიშვნა საქართველოში
აპრილი, თბილისი
ტრადიციულ ღონისძიებაში, რომლის მიზანი კვლევებისა და ინოვაციების დარგში იტალიური მიღწევების პოპულარიზაციაა, იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ფონდისა (COTEC) და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა კონკურსი ქართველი ინოვატორებისთვის “STEM Study Visit”.
იტალიური ინოვაციებისა და კვლევების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე კონკურსში გამარჯვებული ორი ახალგაზრდა ქართველი ინოვატორი იტალიაში სამთვიანი სასწავლო ვიზიტით დაჯილდოვდა. გარდა ამისა, ხელი მოეწერა COTEC-სა და GITA-ს შორის იტალიასა და საქართველოს შორის ინოვაციების დარგში მჭიდრო თანამშრომლობის ახალ შეთანხმებას. ღონისძიების დასკვნითი ნაწილი კერძო სექტორს დაეთმო, რომელშიც მონაწილეობა ინოვაციების დარგში მომუშავე იტალიური და ქართული კომპანიების წარმომადგენლებმა მიიღეს.

 

ევროპის დღე 2023
მაისი, თბილისი
იტალიის საელჩომ მონაწილეობა მიიღო ევროპის დღის აღნიშვნაში, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას უამრავი მოზარდი, მათ შორის იტალიური სკოლა “ცისკარის” და დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის მოწაფეები დაესწრნენ. მუსიკა, ემოციები, ხალისი და ბევრი ღიმილი – ეს ყველაფერი თავმოყრილი იყო სკოლა “ცისკარის” მოსწავლეების მიერ შესრულებულ იტალიურ ტრადიციულ სიმღერასა და ცეკვაში.

 

სახელგანთქმული “Antonio Faraò Trio” თბილისის ჯაზ-ფესტივალზე
მაისი, თბილისი
თბილისის 26-ე ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში გაიმართა კონცერტი სამი იტალიელი ჯაზ-მუსიკოსის მონაწილეობით. მსმენელის წინაშე წარსდგა სახელგანთქმული “Antonio Faraò Trio”: ჯაზის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად აღიარებული რომაელი პიანისტი ანტონიო ფარაო, კარლო ბავეტა (კონტრაბასი) და პასკუალე ფიორე (დასარტყამი ინსტრუმენტები).

 

ხმელთაშუა ზღვის პირველი კინოფესტივალი
მაისი, თბილისი

ხმელთაშუა ზღვის პირველ კინოფესტივალში, რომელიც ხმელთაშუა ზღვისპირეთის ექვსი ქვეყნის საელჩოების, მათ შორის, იტალიის საელჩოს ინიციატივით დაფუძნდა, მონაწილეობა სამმა იტალიურმა ფილმმა მიიღო: მასიმო ფალაის მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა “ორშაბათი”, ანდრეა სეგრეს სრულმეტრაჟიანმა კინოსურათმა “Welcome, Venice” და იხილავს იტალიური ნეორეალიზმის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურის, ვიტორიო დე სიკას ფილმმა “უმბერტო დ.”

 

იტალიის ეროვნული დღესასწაული თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში
ივნისი, თბილისი
იტალიის საელჩოსა და იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ITA) ორგანიზებით გამართულ იტალიის ეროვნული დღის აღმნიშვნელ საზეიმო წვეულებაზე მოსულ სტუმრებს უამრავი სიურპრიზი დახვდათ: სამი გამოფენა (იტალიის ფეხბურთის ფედერაციისა (FIGC) და კოვერჩანოს ფეხბურთის მუზეუმის ერთობლივი გამოფენა “ფეხბურთის თავგადასავალი: მოგზაურობა იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორიაში”; იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და იტალიის ტრადიციული რეწვის საწარმოთა გაერთიანების ინიციატივით შექმნილი ექსპოზიცია “Benfatto” და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და სააგენტო ANSA-ს ერთობლივი ფოტოექსპოზიცია “Roma Italia Expo 2023. Eterna evoluzione”); საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “რუსთავის” მიერ შესრულებული ეროვნული ჰიმნები; უამრავი იტალიური დელიკატესი და მიშლენის ვარსკვლავით დაჯილდოვებული ახალგაზრდა იტალიელი შეფ-მზარეული მატეო სივეროს სპეციალური მენიუ. დღესასწაულის ღამეს თბილისის სატელევიზიო ანძა იტალიის დროშის მწვანე, თეთრ და წითელ ფერებში აინთო.

 

“დანტე ალიგიერის საზოგადოების დღის” აღნიშვნა საქართველოს დედაქალაქში
ივნისი, თბილისი
დანტე ალიგიერის საზოგადოების დღე საქართველოში იტალიის საელჩოს, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) მიერ ორგანიზებული საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. ღონისძიების დასასრულს ნაჩენები იქნა დოკუმენტური ფილმი „დანტე, პოეტის გადასახლება“ ქართულენოვანი სუბტიტრებით, რომლებიც იტალიის საელჩოს დახმარებით მომზადდა.

 

იტალიელი მუსიკოსები „თბილისი პიანო ფესტზე“, რომელიც წელს მეოთხედ ჩატარდა
ივნისი, თბილისი
საქართველოში იტალიის საელჩოს ხელშეწყობით, „თბილისი პიანო ფესტის“ ფარგლებში გაიმართა ორი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ სახელგანთქმული იტალიელი მუსიკოსები: „Miami International Piano Festival in Lecce”-ს სამხატვრო ხელმძღვანელი, ასოციაცია “Nireo”-ს დამფუძნებელი, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკონცერტო დარბაზების ხშირი სტუმარი, ვირტუოზი პიანისტი და დირიჟორი ფრანჩესკო ლიბეტა და ახალგაზრდა იტალიელი დირიჟორი ჯუზეპე მენტუჩა, რომელიც მსოფლიოს სახელგანთქმულ თეატრებთან თანამშრომლობს.

 

ფილმის „უმბერტო ეკო – სამყაროს ბიბლიოთეკა“ ჩვენება
ივლისი, თბილისი იტალიური კინოს მეექვსე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, თბილისში იტალიის საელჩომ, საქართველოს მწერალთა სახლთან თანამშრომლობით, გამართა რეჟ. დავიდე ფერარიოს მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის “უმბერტო ეკო – სამყაროს ბიბლიოთეკა” ჩვენება. ფილმი იტალიელ მწერალსა და სემიოტიკოსს, ფილოსოფოსსა და იტალიური კულტურის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მოაზროვნეს, უმბერტო ეკოს და მის პირად ბიბლიოთეკას ეძღვნება.

 

ჟურნალ “Domus”-ის ქართულენოვანი გამოცემის მეოთხე ნომრის პრეზენტაცია
ივლისი, თბილისი
არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში ერთ-ერთი პრესტიჟული იტალიური ჟურნალი “Domus”-ის ქართულენოვანი გამოცემის მეოთხე ნომრის პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართა ჟურნალ “Domus”-ის ქართული გამოცემის მიერ იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული შეხვედრა ინტერაქტიული დიალოგისთვის შექმნილი პლატფორმა “Futures”-ის ფარგლებში. პლატფორმის მიზანია, ურბანული მდგრადობის თემებზე სასაუბროდ კულტურის, არქიტექტურისა და დიზაინის დარგების სპეციალისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ინსტიტუციების წარმომადგენლების გაერთიანება.

 

იტალიელი მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა წინანდლის ფესტივალზე
აგვისტო – სექტემბერი, წინანდალი
წინანდლის ფესტივალის მეხუთე სეზონის ფარგლებში, იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა ორი კონცერტი ვაშინგტონის ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ციურიხის საოპერო თეატრის მუსიკალური დირექტორის, ლონდონის და ისრაელის სიმფონიური ორკესტრების მთავარი მოწვეული დირიჟორისა და წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორის, ჯანანდრეა ნოზედას მონაწილეობით.

 

თბილისში, იტალიური ბაროკოსადმი მიძღვნილ კონცერტზე ბენედეტო მარჩელოს აქამდე უცნობი ნაწარმოებები აჟღერდა
სექტემბერი, თბილისი
საქართველოში იტალიის საელჩომ და თბილისის ბაროკოს მე-9 ფესტივალმა მუსიკის მოყვარულებს განსაკუთრებული საჩუქარი მოუმზადა: იტალიური ბაროკოსადმი მიძღვნილ კონცერტზე, რომელიც ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა, პირველად აჟღერდა ბაროკოს ეპოქის გამორჩეული ვენეციელი კომპოზიტორის, ბენედეტო მარჩელოს აქამდე უცნობი მუსიკალური ნაწარმოებები. 300 წლის წინ დაწერილი და ახლახან აღმოჩენილი ორი კონცერტი ფაგოტისთვის, თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტასთან” და ალინა რატკოვსკასთან (კლავესინი) ერთად, სამმა შესანიშნავმა იტალიელმა მუსიკოსმა – თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს ფაგოტისტად აღიარებულმა სერჯო აძოლინიმ, ნიჭიერმა მუსიკოს-შემსრულებელმა ფრანჩესკო გალიჯონიმ (ჩელო) და ვირტუოზმა შემსრულებელმა დიეგო კანტალუპიმ (თეორბო) შეასრულეს.

 

დაუვიწყარი კონცერტები იტალიელი მუსიკოსების მონაწილეობით
სექტემბერი, თბილისი
იტალიის მხარდაჭერით გამართულმა მე-15 საერთაშორისო მუსიკალურმა ფესტივალმა “ღამის სერენადები“ უმასპინძლა ორ კონცერტს ნიჭიერი იტალიელი მუსიკოსების – იტალიელი პიანისტის, კომპოზიტორისა და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა დირიჟორი ქალის ბეატრიჩე ვენეცისა და მილანის ლა სკალას თეატრის ორკესტრის პირველი ვიოლინოს, ვირტუოზი მუსიკოსის ლაურა მარძადორის მონაწილეობით.

 

იტალიური მონაწილეობა საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალზე “თაობა”
სექტემბერი, თბილისი
მე-6 საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალზე „თაობა“, რომელსაც საბავშვო და ახალგაზრდული ფილმების სახელგანთქმული ფესტივალის, “ჯიფონის” დირექტორი იაკოპო გუბიტოზი და 6 იტალიელი მოზარდი სტუმრობდნენ, წარმოდგენილი იყო ორი იტალიური ფილმი: იტალიელი რეჟისორისა და სცენარისტის, რიკარდო მილანის პრემია “ვერცხლის ფირით” დაჯილდოებული ფილმი “მადლობა, ბიჭებო!” და კანის ფესტივალზე დაჯილდოებული, 2 “ვერცხლის ფირისა” და 4 დონატელოს დავითის მფლობელი ფილმი „რვა მთა“ (რეჟ. ფელიქს ფონ გრონინგენი და შარლოტ ვანდერმერში).

 

სახელგანთქმული იტალიელი აკორდეონისტი ფესტივალზე „მწვანე საღამოები“
სექტემბერი, თბილისი
თბილისში ბუნებისა და ხელოვნების ფესტივალი „მწვანე საღამოები“ დაბრუნდა, რომლის ფარგლებში, ტონინო გუერას საერთაშორისო ფონდის ორგანიზებითა და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, თბილისის ბოტანიკურ ბაღში ცნობილი იტალიელი აკორდეონისტის, სიმონე ძანკინის ორი კონცერტი ჩატარდა, რომელმაც მსმენელი სხვადასხვა ჟანრის (ჯაზი, ტანგო და ფოლკლორული) მუსიკით მოაჯადოვა.

 

ვირტუოზი იტალიელი მევიოლინე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე “შემოდგომის თბილისი”
სექტემბერი, თბილისი
31-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში, იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა კონცერტი ცნობილი იტალიელი მევიოლინე დომენიკო ნორდიოს მონაწილეობით.  დომენიკო ნორდიო სხვადასხვა ეროვნული თუ საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული მუსიკოსი და ბრწყინვალე შემსრულებელია, რომელიც დიდი წარმატებით გამოდის მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ – ნიუ-იორკის კარნეგი-ჰოლის, პარიზის სალ პლეიელის, მილანის ლა სკალას თეატრისა და მელბურნის საკონცერტო დარბაზის – სცენებზე.

 

იტალიური ფილმები ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე
სექტემბერი, თბილისი
კიდევ ერთი იტალიური მონაწილეობა საქართველოს კულტურული ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაში, რომელიც იტალიის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა: ბათუმის საავტორო კინოს მე-18 საერთაშორისო ფესტივალზე (BIAFF), “დიდოსტატთა კოლექციაში” წარმოდგენილი იყო ორი იტალიური კინოსურათი: დონატელოს დავითის, რობერ ბრესონისა და ფიეზოლეს პრემიების მფლობელი და კინოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის ოქროს ლომით დაჯილდოებული იტალიელი რეჟისორისა და სცენარისტის, ლილიანა კავანის ახალი ფილმი „დროის წესრიგი“ და უამრავი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი სახელგანთქმული იტალიელი რეჟისორისა და სცენარისტის, მარკო ბელოკიოს ფილმი “მოტაცებული”.

 

ფესტივალი, რომელიც ჯაზურ მუსიკას და ღვინოს აერთიანებს
ოქტომბერი, წინანდალი
იტალია Eastern Promotion-ის მიერ იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული “ჯაზისა და ღვინის ფესტივალის” სტუმარი ქვეყანა გახლდათ. ფესტივალის სტუმრებს ბევრი სიუპრიზი დახვდათ, მათ შორის, ვენეტოს რეგიონის მეღვინეობა “Falezze” ღვინო, ჯაზ-მომღერალი სარა ჯეინ გიოტიჯაზისა და ხუთი იტალიელი მუსიკოსისგან შემდგარი ჯგუფი Salt Peanuts Show Band-ის მიერ შესრულებული ჯაზური მუსიკა, იტალიელი შეფ-მზარეულის, მაურიციო სიჩილიანოს კულინარიული შოუ და მისი მომზადებული ტრადიციული იტალიური კერძები.

 

#SLIM2023, იტალიური ენის ოცდამესამე მსოფლიო კვირეული
ოქტომბერი
იტალიური ენის 23-ე მსოფლიო კვირეული, რომელიც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და კრუსკას აკადემიას ინიციატივით იმართება, წელს იტალიის, როგორც გარემოსდაცვით საკითხებში მოწინავე ქვეყნის, ეკოლოგიურ კულტურასა და მდგრად განვითარებას მიეძღვნა.
კვირეულის ფარგლებში იტალიის საელჩოს ორგანიზებით, კოორდინირებითა და ხელშეწყობით უამრავი ღონისძიება გაიმართა, მათ შორის:

  • დანტე ალიგიერის “ღვთაებრივი კომედიის” ქართული თარგმანის აუდიოდიოსკის პრეზენტაცია. აუდიოდისკი ბრაილის შრიფტით აწყობილი გარეკანით, რომელიც აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ “ჰერასთან” თანამშრომლობით და ჩვენი საელჩოს ხელშეწყობით შეიქმნა, უსინათლო ბავშვთა სკოლის მოსწავლეებს დაურიგდა.
  • დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის მიერ ორგანიზებული გამოფენა “ეკოსიტყვები. კულტურა – მდგრადი ენერგიაა”. ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი „დანტე, პოეტის გადასახლება“ ქართულენოვანი სუბტიტრებით, რომლებიც იტალიის საელჩოს ხელშეწყობით მომზადდა.
  • შეხვედრა საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრსა (IEC) და იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს (CRUI) შორის 2018 წელს ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებულ ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამაში გამარჯვებულ სტუდენტებთან. ღონისძიებაზე ხელი მოეწერა მემორანდუმს განათლების საერთაშორისო ცენტრსა (IEC) და იტალიური ენისა და კულტურის ცენტრ “მინერვას” შორის;
  • გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული “იტალიური ფესტივალი”, რომელიც მოიცავდა გამოფენას ეკოლოგიის თემაზე და კონცერტს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით;
  • მსოფლიოში ყველაზე ძველი და ცნობილი მარიონეტების თეატრის “Carlo Colla & Figli” (მილანი, იტალია) ორი სპექტაკლი “Teste di legno” იმ თბილისისა და თელავის სკოლების მოსწავლეებისთვის;
  • ტურინის უნივერსიტეტის პროფესორი ფრანკა ბოსკისა და საბავშვო სიმღერის საერთაშორისო ფესტივალის “Zecchino d’Oro” წარმომადგენლების მასტერკლასი თემაზე “სწავლება მუსიკის მეშვეობით”;
  • მულტიმედიური ალბომის პრეზენტაცია, რომელიც დანტეს გარდაცვალებიდან 700 წლისთავისთვის შექმნილ საბალეტო სპექტაკლს “ბეატრიჩე” მიეძღვნა. სპექტაკლი გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის” მიერ, იტალიის საელჩოს ხელშეწყობით შეიქმნა, მუსიკა კი სახელგანთქმულმა იტალიელმა კომპოზიტორმა დარიო მარიანელიმ დაწერა;
  • საბავშვო სიმღერის საერთაშორისო ფესტივალის “Zecchino d’Oro” ფინალი, რომელსაც ქ. ბოლონიის ანტონიანოს გუნდის წევრები დაესწრნენ. ფესტივალი, რომლის საქართველოში ორგანიზატორები იტალიური ენისა და კულტურის ცენტრი “მინერვა”, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და იტალიის საელჩო არიან, საქართველოში პირველად გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს იმ ქართული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა, სადაც იტალიური ენა ისწავლება.
  • საქართველოს 60-ზე მეტ საჯარო და კერძო ქართულ სკოლაში განხორციელებულ სასკოლო აქტივობებში გამარჯვებულთა დაჯილდოება.

 

ლუიჯი კაროჩას კონცერტი თბილისში
ოქტომბერი, თბილისი
თენგიზ ამირეჯიბის სახ. პიანისტთა IX საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გამართულ კონცერტზე, ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგა არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო პრემიის მფლობელი იტალიელი პიანისტი ლუიჯი კაროჩა.

 

მარიო ბიონდის სოული თბილისში
ოქტომბერი, თბილისი
თბილისის კულტურული ცხოვრების წლევანდელი საშემოდგომო სეზონის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც “თაგის არტის” ორგანიზებითა და იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა: თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის სცენაზე წარსდგა იტალიასა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული იტალიელი პოპ, ჯაზ და სოულ მომღერალი მარიო ბიონდი, რომელმაც თავის ბენდთან ერთად წარადგინა ახალი ალბომი „Crooning undercover” და ცნობილ ქართველ საოპერო მომღერალთან, სოფიო გორდელაძესთან ერთად იმღერა.

 

იტალიური მონაწილეობა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალშისაჩუქარი“
ნოემბერი, თბილისი
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების 26-ე საერთაშორისო ფესტივალის “საჩუქარი” „საფესტივალო საუბრების“ ფარგლებში იტალიური სახელოვნებო სფეროს ავტორიტეტული წარმომადგენლების, საერთაშორისო პროდიუსერისა და კურატორის, ლორენცო პაპაგალოსა და ვენეციის ბიენალეს თეატრალური მიმართულების სამხატვრო ხელმძღვანელის, ჯანი ფორტეს ორი მასტერკლასი გაიმართა.

 

იტალიური სამზარეულოს მერვე მსოფლიო კვირეული
ნოემბერი, თბილისი
იტალიური სამზარეულოს მერვე მსოფლიო კვირეულის აღსანიშნავად იტალიის საელჩომ, იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტო ICE-ITA-სთან თანამშრომლობით, საინტერესო და დატვირთული პროგრამა მოამზადა:

  • პოლენცოს უნივერსიტეტის პროფესორის, მიკელე ფილიპო ფონტეფრანჩესკოს ლექცია თემაზე “სამზარეულო, როგორც ტურიზმისა და ადგილობრივი განვითარების მამოძრავებელი ძალა”;
  • იტალიის საელჩოსა და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის მიერ ორგანიზებული კონკურსის ,,მაკარონის ხელნაკეთობები“ ფარგლებში დანტეს ხელოვნების სკოლის მოსწავლეების მიერ მაკარონისგან შექმნილი სკულპტურების გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოება;
  • ტრიუფელის სოკოს ექსპერტად აღიარებული პიემონტელი შეფ-მზარეულისა და სახელგანთქმული რესტორნის “Dulcis Vitis” მეპატრონის, ბრუნო ჩინგოლანის კულინარიული შოუ და ვახშამი სპეციალურად შექმნილი მენიუთი;
  • “ინსტიტუტ “Ancel Keys”-ისთან თანამშრომლობით ორგანიზებული კულინარიული შოუ ახალგაზრდა იტალიელი მზარეულების მონაწილეობით და ჩილენტოდან სპეციალურად ჩამოტანილი ინგრედიენტების გამოყენებით დამზადებული კერძების დეგუსტაცია;
  • ახალი იტალიური კერძები, სპეციალური მენიუ და სხვადასხვა ღონისძიებები საქართველოს დედაქალაქის რესტორნებში.

 

იტალიური ფილმები თბილისის 24 საერთაშორისო კინოფესტივალზე
ნოემბერი, თბილისი
თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც იტალიის საელჩოს ტრადიციული მხარდაჭერით გაიმართა, წარმოდგენილი იყო კრიტიკოსების მიერ იტალიური კინოს „enfant terrible”-ად აღიარებული ახალგაზრდა იტალიელი რეჟისორის, პროდიუსერისა და სცენარისტის, ალენ პარონის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი „უსასრულო კვირადღე“.

 

პირველად საქართველოში: ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილი გამოფენა
2023 წლის დეკემბერი – 2024 წლის მარტი, თბილისი
2024 წლის აპრილი – 2024 წლის აგვისტო, ვანი
ანტიკური რომისა და პომპეის დიდი არქეოლოგიური გამოფენების შემდეგ, იტალიის საელჩომ ქართველ დამთვალიერებელსა და უცხოელ სტუმრებს არაჩვეულებრივი საჩუქარი მოუმზადა: საქართველოში პირველად იმართება გამოფენა „ეტრუსკების სამყარო. საგანძური კიუზის, კიანჩანოს და ფლორენციის მუზეუმებიდან“, რომელიც მოიცავს გასაოცარ არქეოლოგიურ მასალას იტალიის სამი მუზეუმიდან (კიუზის ეტრუსკული, კიანჩანო ტერმეს არქეოლოგიური და ფლორენციის ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმების კოლექციებიდან).
გამოფენა, რომელიც იტალიის საელჩოს მიერ, ტოსკანას მუზეუმების რეგიონულ დეპარტამენტთან თანამშრომლობით და იტალიური კომპანია “Glocal Project Consulting“-ისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის საორგანიზაციო ხელშეწყობით ხორციელდება, 2024 წლის 31 მარტის ჩათვლით წარმოდგენილია თბილისში, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში, შემდეგ კი გადაინაცვლებს ვანში, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში, სადაც 2024 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით დარჩება.

 

იტალიური პროდუქციის წარმატება ტრადიციულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე, თბილისის ზამთრის გამოფენაგაყიდვაზე
დეკემბერი, თბილისი
იტალიის საელჩომ წელსაც, საკუთარი სტენდის მეშვეობით, მონაწილეობა მიიღო საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (IWAG) ორგანიზებით გამართულ ზამთრის ტრადიციულ გამოფენა-გაყიდვაზე. იტალიურ სტენდზე წარმოდგენილი იყო მრავალრიცხოვანი დონორების მიერ გულუხვად მოწოდებული მრავალფეროვანი იტალიური ნაწარმი. გაყიდვიდან შემოსული თანხები სრულად მოხმარდება საქველმოქმედო პროექტებს.

 

იტალიელი რეჟისორი პუპი ავატის დანტე ალიგიერი
დეკემბერი, თბილისი
იტალიის საელჩომ საქართველოში, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტთან თანამშრომლობით, იტალიური კინოსა და ლიტერატურის მოყვარულებს შესთავაზა არაერთი კინემატოგრაფიული ჯილდოს მფლობელი იტალიელი რეჟისორის, სცენარისტისა და პროდიუსერის, პუპი (ჯუზეპე) ავატის მიერ ჯოვანი ბოკაჩოს წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმის “დანტე” ჩვენება.

 

იტალიელი საოპერო მომღერალი საერთაშორისო ფესტივალზესაახალწლო მუსიკალური შეხვედრები
დეკემბერი, თბილისი
მრავალფეროვანი ღონისძიებებით, სიურპრიზებითა და უამრავი ემოციით აღსავსე 2023 წელი 26-ე საერთაშორისო ფესტივალით “საახალწლო მუსიკალური შეხვედრები” დასრულდა. კონცერტში, ქართველ პიანისტ ნინო ფავლენიშვილთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ცნობილმა იტალიელმა საოპერო მომღერალმა რობერტო სკანდიუციმ, რომელიც სახელგანთქმულ დირიჟორებთან, მათ შორის, კლაუდიო აბადოსთან, ზუბინ მეტასთან და რიკარდო მუტისთან თანამშრომლობს.