ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

კიუზის მცხოვრებლები და მიცვალებულის კულტი

კიუზის მცხოვრებლები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მიცვალებულის კულტს, რომელიც სამარხის გარკვეულ ტიპს, დაკრძალვის წესსა და რიტუალს გულისხმობდა.

ვილანოვის პერიოდში კიუზიში, ისევე როგორც მთელ ეტრურიაში, გავრცელებული იყო კრემაცია. ფერფლს ათავსდებდნენ გეომეტრიული ორნამენტით შემკულ ბიკონუსური ფორმის ჭურჭელში. ურნები კიუზიში ანთროპომორფული ხდება, რაც ადგილობრივად გავრცელებული ჭურჭლის ტიპის – კანოპების გავლენის შედეგი უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით, ძვ.წ. V საუკუნეში, ეს ტენდენცია უფრო გამოიკვეთა „დასაკრძალავ“ ქანდაკებებში. ქვისგან გამოთლილ ამ ნახევრადმწოლიარე ან მჯდომარე ფიგურებში გამოჭრილ ღრმულში გარდაცვლილის ფერფლი ინახებოდა, ფიგურის მოსახსნელი თავი კი სარქვლის ფუნქციას ასრულებდა. არისტოკრატიისთვის განკუთვნილი მიწისქვეშა დასაკრძალავი კონსტრუქციები (hypogea) ზედმიწევნით იმეორებს საცხოვრებლის გეგმასა და ინტერიერს; კედლები ბანკეტების, თამაშობებისა და ათლეტური ასპარეზობების სცენებით იყო მოხატული. შესასვლელი ქვის კარით იკეტებოდა, რომლის სახელური კარზე დასაკაკუნებლადაც გამოიყენებოდა. ძვ.წ. IV-III საუკუნეებში პრივილეგირებული სოციალური ჯგუფების სამარხებს სარკოფაგები და ალებასტრის ურნები წარმოადგენდა, რომლებზეც ისინი ხელოსნებს საკუთარი თავის ბანკეტებზე, მწოლიარე მდგომარეობაში გამოსახვას და გულ-მკერდის მითოლოგიური სცენებით შემკობას უკვეთავდნენ.

ძვ. წ. II საუკუნიდან კიუზის მიდამოებში დასტურდება სამაროვნები loculus-ის ტიპის სამარხებით; შედარებით მოკრძალებული სამარხებისათვის სახლის ფორმის სარქვლიანი ურნები ტრავერტინისგან მზადდებოდა. ნაკლებად შეძლებული ფენის წარმომადგენლები ტერაკოტის ურნებს იყენებდნენ.

ურნებზე არსებული გამოსახულებების მრავალფეროვნება – გამოსამშვიდობებელი სცენები, წარწერების თანხლებით წარმოდგენილი ბერძნული და ადგილობრივი მითები მრავალმხრივ წარმოდგენას გვიქმნის როგორც კიუზის საზოგადოებრივი ცხოვრების, ისე წეს-ჩვეულებების შესახებ.