ძვ.წ. III-II საუკუნეებში კიუზის არეალისთვის დამახასიათებელი ნაკეთობები იყო ცხედრის ფერფლის შესანახი ურნები, რომლებიც ალებასტრის, ტრავერტინისა და თიხისგან მზადდებოდა. ეს ურნები შედგებოდა ოთხკუთხედი ყუთისგან (წინა მხარე სხვადასხვა ტიპის გამოსახულებებით შემკული) და სარქვლისგან ქალის ან მამაკაცის სკულპტურული გამოსახულებით.
ურნების სარქვლები საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ კიუზის მცხოვრებლების სახის ნაკვთები მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ ნაკეთობებში პორტრეტული გამოსახულებები ნაკლები ოსტატობითაა შესრულებული. სარქვლებზე გვხვდება როგორც ქალისა და მამაკაცის, ასევე ხანდაზმულისა და ახალგაზრდის სახეები, რომლებიც მეტ-ნაკლებადაა გამოკვეთილი, თმის ვარცხნილობა კი სქემატურადაა მოხაზული. მიცვალებულის სოციალური წარმომავლობა ხაზგასმულია ტანისამოსისა და იმ ოქროს სამკაულის საშუალებით, რომელიც ძირითადად ქალის ფიგურებს ამშვენებს. მამაკაცის გამოსახულებებმა დროთა განმავლობაში მთელი რიგი ცვლილებები განიცადა: თავიდან ადამიანის ნახევრადშიშველი სხეული მხოლოდ მოსასხამით იყო დაფარული, შემდგომში – მოსასხამითა და ტუნიკით, უფრო გვიანდელ პერიოდში კი ამ სამოსს თავსაბურავიც დაემატა. ასეთი ტრანსფორმაცია ადათ-წესების ცვლილებებზე მიუთითებს.
ორი საუკუნის განმავლობაში სხეულის პოზაც შეიცვალა – ნახევრადმწოლიარე ფიგურა მწოლიარემ და ჩაცმულმა შეცვალა. ოთხ ურნაზე გამომშვიდობების სცენაა გადმოცემული. ეს გამოსახულებები ასახავს დემონებით წარმოდგენილ მკვდართა სამეფოში გადასვლის მომენტს.