ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

“დანტე ალიგიერის საზოგადოების დღის” აღნიშვნა საქართველოს დედაქალაქში

გუშინ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აღინიშნა “დანტე ალიგიერის საზოგადოების დღე” – იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც 120 წელზე მეტია, მთელ მსოფლიოში იმართება.

დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) მიერ ორგანიზებული და საქართველოში იტალიის საელჩოს ხელშეწყობით გამართული ღონისძიების მრავალრიცხოვან სტუმრებს მიესალმნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის პრეზიდენტი ნინო ცერცვაძე და დანტე ალიგიერის საზოგადოების წარმომადგენელი ალესანდრო სალაკონე.

იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ ხაზი გაუსვა კულტურული კავშირების მნიშვნელობას იტალიასა და საქართველოს შორის ყველა სფეროში მზარდ ორმხრივ ურთიერთობათა კონტექსტში და მადლობა გადაუხადა დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, იტალიური ენის სწავლებისა და გავრცელებისთვის გამიზნული ერთობლივი ინიციატივების განხორციელებისთვის.

ღონისძიებაზე ისაუბრეს კომიტეტის საქმიანობასა და უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მიღწეულ ისეთ შედეგებზე, როგორიცაა იტალიური ენობრივი მემკვიდრეობის პოპულარიზაციისთვის დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებული ჩართვა საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო ციფრულ პლატფორმა Dante.Global-ში და ჰიბრიდული სასწავლო აუდიტორიის მოწყობა.

ელჩმა ვალვომ იტალიური ენის უფასო სასწავლო კურსდამთავრებულებს – სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს – ADA-ს საერთაშორისო ატესტატები გადასცა.

ღონისძიების დასასრულს ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი „დანტე, პოეტის გადასახლება” ქართულენოვანი სუბტიტრებით, რომლებიც იტალიის საელჩოს დახმარებით მომზადდა.