Questo sito utilizza cookies tecnici (necessari) e analitici.
Proseguendo nella navigazione accetti l'utilizzo dei cookie.

იტალიური კინოს მეოთხე მსოფლიო კვირეული

იწყება იტალიური კინოს მეოთხე მსოფლიო კვირეული, რომლის მიზანია იტალიური კინემატოგრაფის პოპულარიზაცია უცხოეთში. კვირეული ეძღვნება ყველა იმ პროფესიის წარმომადგენლებს (მსახიობებს, რეჟისორებს, სცენარისტებს, ოპერატორებს, კომპოზიტორებს, მემონტაჟეებს და სხვ.), რომელთა გარეშეც რთული და კომპლექსური კინოსამყაროს არსებობა შეუძლებელია.

წლევანდელი კვირეული (14-20 ივნისი) იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანაშრომლობის სამინისტროს ინიციატივით, იტალიის კულტურის სამინისტროსთან, კინოწარმოების ეროვნულ ასოციაციასთან (ANICA), საგარეო ვაჭრობის სააგენტოსა (ICE) და Luce-Cinecittà-ს ინსტიტუტთან თანამშრომლობით იმართება. კვირეულის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტური ფილმები, ინტერვიუები და კინომასალები ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ, პორტალზე Italiana და ვებპლატფორმაზე MyMovies.

გარდა ამისა, იტალიის საელჩო თბილისში, საკუთარი ფეისბუქ-გვერდის მეშვეობით, იტალიური კინოს მოყვარულებს სატელევიზიო და დოკუმენტურ ფილმებს შესთავაზებს:

წიგნიდან ეკრანამდე – „კომისარ მონტალბანოს” საგა” (2019), ტურინის წიგნების გამოფენასთან ერთობლივად მომზადებული დოკუმენტური ფილმი, სადაც მსახიობები, რეჟისორები და პროდიუსერები ანდრეა კამილერის რომანის ცნობილი და ყველასათვის საყვარელი კინოვერსიის შექმნაზე გვიამბობენ.

ენრიკო პიაჯო. იტალიური ოცნება” (2019), რეჟ. უმბერტო მარინოს მიერ გადაღებული სატელევიზიო ფილმი იტალიელ მწარმოებელზე, რომელიც საკუთარი მამაცობისა და მიზანდასახულობის წყალობით, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ეკონომიკურ კრიზისს გაუმკლავდა, სახელგანთქმული სკუტერი „Vespa” შექმნა და „იტალიურ სასწაულს” ხორცი შეასხა.

ლუიზა სპანიოლი” (2016), რეჟ. ლოდოვიკო გასპარინის მიერ გადაღებული მინისერიალი, რომელიც საფეიქრო ქარხნისა და შოკოლადის ფაბრიკა „Perugina”-ს დამფუძნებელი ქალის გასაოცარ ისტორიას მოგვითხრობს.

თვალყური ადევნეთ ჩვენს სოც. ქსელებს, არ გამოტოვოთ ჩვენი კინოჩვენებები და სხვა საინტერესო ინიციატივები!