ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

გრძელდება იტალიური ენის XXVI მსოფლიო კვირეულის აღნიშვნა საქართველოში

1

იტალიური ენის მსოფლიო XXVI კვირეულის პირველმა ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა. ღონისძიებაზე, რომელშიც ცნობილი იტალიელი პოეტი, მწერალი და დრამატურგი დავიდე რონდონი, ქართველი პოეტი დავით მაღრაძე და იტალიელი ჟურნალისტი და ისტორიული ნარკვევების ავტორი პიერლუიჯი ვერჩეზი მონაწილეობდნენ, გამოფენილი იყო საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში დაცული ერთადერთი ინკუნაბულა, დანტე ალიგიერის “ღვთაებრივი კომედიის” 1481 წლის უნიკალური გამოცემა.

იტალიური ენის მსოფლიო კვირეულის აღნიშვნა გაგრძელდა იტალიის საელჩოს მიერ, სხვადასხვა ინსტიტუციებსა და განათლების ცენტრებთან თანამშრომლობით ორგანიზებული ღონისძიებებით:

თბილისში 1996 წელს დაარსებულ სკოლა „ცისკარში“, სადაც მოწაფეები იტალიურ ენას დიდი ინტერესით სწავლობენ, სკოლის მასწავლებლის, ლილიანა ნობილეს მიერ ორგანიზებულ და იტალიური ენის კვირეულის თემისადმი მიძღვნილ კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება გაიმართა. იტალიის ელჩის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზემ და სკოლის დირეტორმა მაია ლაგვილავამ კონკურსში გამარჯვებულებს საჩუქრად წიგნები გადასცეს.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა (სტუ) უმასპინძლა დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტთან თანამშრომლობით ორგანიზებულ ღონისძიებას, რომელსაც სტუ-ს რექტორი დავით გურგენიძე, იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის პრეზიდენტი ნინო ცერცვაძე ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე გაიხსნა იტალიური ენის კურსების მეოთხე ციკლი, რომელიც იტალიური ენის სხვადასხვა დონეზე შემსწავლელ ასობით ქართველ სტუდენტს აერთიანებს, შემდეგ კი გაიმართა რეჟ. ლამბერტო ლამბერტინის მიერ გადაღებული ფილმის „ტურანდოტი. უკანასკნელი ნოტი“ ჩვენება, რომელიც დანტე ალიგიერის საზოგადოების მიერ არის და ჯაკომო პუჩინის უკანასკნელ ოპერას ეძღვნება.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა იტალიის საელჩოს განათლების ატაშე სილვანა ბორიელოს ინიციატივით და ქართულ-იტალიური განათლების ცენტრ „მინერვასთან“ თანამშრომლობით ორგანიზებული სემინარი. სემინარს, რომელშიც მონაწილეობა ოცდაათამდე მასწავლებელმა მიიღო, პროფ. მაურიციო მალიონი უძღვებოდა და მისი თემა იყო: „ხელოვნური ინტელექტის ორმაგი გამოწვევა: სასწავლო პროცესის დაგეგმვა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სწავლებისა და სწავლის პროცესში“. ღონისძიება მიზნად ისახავდა იმ შესაძლებლობათა სიღრმისეულ განხილვას, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ინსტრუმენტები გვთავაზობს, და, ასევე, ისეთი სასწავლო სტრატეგიების შესწავლას, რომლებიც ხელს შეუწყობს სწავლის პროცესში სტუდენტების აქტიურ ჩართულობას.

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში რუსუდან გალდავას ავტობიოგრაფიული წიგნის „საქართველოდან იტალიაში“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი, რომელიც ომის, მასპინძლობისა და საქართველოსა და სიცილიას შორის ისტორიული კავშირის შესახებ მოგვითხრობს, იმ ორ სამყაროს (საქართველოსა და იტალიას) გვაჩვენებს, რომლებმაც ავტორის ცხოვრების გზა განსაზღვრეს.

იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონოს თქმით, „ენა მხოლოდ მემკვიდრეობა არ არის, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ, არამედ, კულტურის სიღრმისეული აღქმისა და სამყაროს ახლებურად დანახვის შესაძლებლობაცაა. იტალიური ენის წლევანდელი კვირეულის ფარგლებში იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიებები უამრავ სფეროს – კლასიკურ თუ თანამედროვე ლიტერატურას, ჰუმანიზმის იდეებს, მუსიკას, კინოს, ინოვაციებსა და ენის სწავლების სფეროში უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს – მოიცავს. ამ ღონისძიებების მთავარი საერთო თემა კი იტალიური ენა გახლავთ, რომელიც კრეატიული, მოქნილი, უამრავი ელფერის მქონე და გენიალური ენაა“.