ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

იტალიის საელჩო აგრძელებს იმ მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერას, რომლებიც იტალიელი ხელოვანების საქართველოში უკეთ გაცნობას ემსახურება

1

ოქტომბერი კულტურული ღონისძიებებით მდიდარი თვეა. იტალიის საელჩომ იტალიური კულტურის მოყვარულებს ძალიან საინტერესო პროგრამა მოუმზადა, რომელიც ხელოვნების სხვადასხვა დარგს (კინოს, მუსიკას, თეატრს, ქორეორაფიასა და კომიქსებს) მოიცავს – საელჩოს მხარდაჭერით უამრავი ფესტივალი, კინოჩვენება, შეხვედრა და კონცერტი იმართება.

კინო: ოქტომბრის თვის უმნიშვნელოვანესი კულტურული მოვლენა ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გახლდათ, რომლის საკონკურსო პროგრამაში არაერთი იტალიური ფილმი მონაწილეობდა. ფესტივალის ფარგლებში სახელგანთქმული იტალიელი რეჟისორების (სესილია მანჯინის, მიქელანჯელო ანტონიონის, ერმანო ოლმის და სხვ.) მოკლემეტრაჟიანი ფილმების რეტროსპექტივა გაიმართა. გარდა ამისა, ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ცნობილმა იტალიელმა რეჟისორმა, პროდიუსერმა, მწერალმა და სცენარისტმა, ემანუელა პიოვანომ და მაყურებელს თავისი ახალი კინოფილმი „Finale: Allegro“ (2026წ.) წარუდგინა, რომელშიც არაჩვეულებრივი იტალიელი მსახიობები ბარბარა ბუშე და ანა ბონასო, ახალგაზრდა ქართველი მსახიობი ნუცა ხუბულავა და ქართველი წარმოშობის იტალიელი მსახიობი ლუკა ჩიქოვანი მონაწილეობენ. პიოვანოს ფილმმა, რომელიც განსაკუთრებული სიფაქიზით ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა დანაკარგით გამოწვეული ტკივილი, სიბერე და სვლა სიცოცხლის დასასრულისკენ, ქართველი მაყურებლის გული უკვე პირველი კადრებიდან მოიგო.

მუსიკა: იტალიელი მუსიკოს-შემსრულებლების მონაწილეობით ორი შესანიშნავი მუსიკალური ღონისძიება გაიმართა: კონცერტში, რომელიც თენგიზ ამირეჯიბის სახელობის XIV საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართა, მონაწილეობა ცნობილმა იტალიელმა პიანისტმა ლორენცო დი ბელამ მიიღო. იტალიელი მუსიკოსი წარმატებით თანამშრომლობს წამყვან ორკესტრებთან და მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური სცენების ხშირი სტუმარია.

მეორე მნიშვნელოვანი მუსიკალური ღონისძიება თბილისის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი გახლდათ, რომელსაც იტალიის საელჩო შორეული 2009 წლიდან უჭერს მხარს. კონკურსის ჟიურის წევრი იყო არაერთი პრესტიჟული ჯილდოს (მათ შორის, Concours Musical de France-ის პირველი პრემიისა და Cliburn Competition-ის ჟიურის სპეციალური პრიზის) მფლობელი იტალიელი პიანისტი ალესანდრო დელჯევანი.

თეატრი: მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ (GIFT), რომელიც საქართველოს დედაქალაქში ყოველწლიურად უყრის თავს ადგილობრივ და საერთაშორისო ხელოვანებს და საერთაშორისო კულტურული გაცვლისათვის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, წელს განსაკუთრებული ღონისძიებით გაიხსნა: წარმოდგენილი იყო იტალიური ინოვაციური საცეკვაო და პერფორმანსული ხელოვნების დასის, Dewey Dell-ის სპექტაკლი „კურთხეული გაზაფხული“ (ქორეოგრაფი თეოდორა კასტელუჩი), რომელიც „Danza&Danza“-ს მიერ 2023 წლის საუკეთესო იტალიურ ქორეოგრაფიულ წარმოდგენად არის აღიარებული.

თეატრსა და სცენოგრაფიას კიდევ ერთი საინტერესო ღონისძიება, თბილისის სცენოგრაფიის VI საერთაშორისო ბიენალე მიეძღვნა. მასში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა იტალიელმა სოპრანო ალა სიმონიმ, რომელიც ამჟამად იტალიის საუკეთესო საოპერო სასწავლებლებში ასწავლის, და თეატრის სცენოგრაფმა და კოსტიუმების მხატვარმა მანანა გუნიამ. იტალიელმა მონაწილეებმა მასტერკლასების სერია ჩაატარეს და, ასევე, მოამზადეს ჯოაკინო როსინის ოპერის „აბრეშუმის კიბის“ დადგმა საქართველოს სამი წამყვანი სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების მონაწილეობით.

კომიქსი: წლევანდელი წელი საელჩოსთვის ახალი თანამშრომლობის დაწყებითაც აღინიშნა – საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა საქართველოში კომიქსების პირველი ფესტივალი Tbilisi ComicFest, რომელმაც საქართველოს დედაქალაქში კოსფლეის, ვიდეოთამაშებისა და ფენტეზის სამყაროსთან დაკავშირებულ სფეროში Taryn-ის სახელით ცნობილ იტალიელ ხელოვანს, ტინდარო იდოტას უმასპინძლა.

იტალიის საელჩოს კულტურული ღონისძიებების კალენდარი ამით არ სრულდება: ნოემბრის თვეც იტალიელ ხელოვანებთან შეხვედრებსა და იტალიური კულტურული მრავალფეროვნების აღმოჩენის ახალ შესაძლებლობებს გვპირდება. იტალიის საელჩოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და ინიციატივები მიზნად ისახავს ჩვენი ორი ქვეყნის კულტურული კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებას.

#DiplomaziaCulturale