იტალიის სპორტის დღემ, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივამ, რომლის მიზანი, სპორტისა და სპორტსმენების მეშვეობით, იტალიური სპორტული ინდუსტრიებისა და მათთან დაკავშირებული სფეროების პოპულარიზაციაა, ქართულ საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. ამ დღესთან დაკავშირებით, იტალიის საელჩომ, Sports Orient-სთან თანამშრომლობით, სპორტის მოყვარულებსა და გულშემატკივრებს საინტერესო ღონისძიება შესთავაზა.
თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში გუშინ გამართულ ღონისძიებაში „Golden Week of Football Tbilisi” ფეხბურთის სამყაროს ორი გამორჩეული წარმომადგენელი მონაწილეობდა: ფრანჩესკო ტოტი, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი, იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს იტალიელ ფეხბურთელად ითვლება, და პაოლო კონდო, იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, კომენტატორი, იტალიური სპორტული ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი და საერთაშორისო ჟიურის იტალიელი წევრი, რომელიც ფეხბურთის სამყაროში უმაღლესი ჯილდოს, „ოქროს ბურთის“ (Ballon d’Or) მფლობელს ავლენს.
ფორუმამდე გაიმართა საზეიმო მიღება იტალიის რეზიდენციაში, სადაც იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ უმასპინძლა საპატიო იტალიელ სტუმრებს, საფეხბურთო კლუბი „მილანის“ ლეგენდას და ქ. თბილისის მერს, კახა კალაძეს და სერია A-ს საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელს, მუთაზ ჩეჰადეს, ქართული ფეხბურთის წარმომადგენლებსა და სპორტის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს. წვეულებაზე ფრანჩესკო ტოტიმ თბილისის მერს სერია A-ს საფეხბურთო თასი სიმბოლურად გადასცა.
„დღეს ჩვენ დიდი სიამოვნებით ვმასპინძლობთ თბილისში იტალიური სპორტისა და სპორტული ჟურნალისტიკის ორ გამორჩეულ წარმომადგენელს: ფრანჩესკო ტოტის, საფეხბურთო კლუბ “რომას” სიმბოლოსა და უცვლელ კაპიტანს, რომელმაც იტალიური ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული კვალი დატოვა, და პაოლო კონდოს, რომელიც სპორტული ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და გამორჩეული ხმაა“, – განაცხადა იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ, – “საქართველოში მათი სტუმრობა სერია A-ს საფეხბურთო თასთან ერთად, რომელიც საქართველოს სპეციალურად ამ დღისთვის ეწვია, კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეგვიძლია გავაძლიეროთ იტალიასა და საქართველოს შორის არსებული ღრმა მეგობრული კავშირები ფეხბურთის მეშვეობით. ფეხბურთი ხომ ის სპორტია, რომელიც მთელ მსოფლიოში მილიონობით გულშემატკივარს აერთიანებს, ადამიანებს, სხვადასხვა ქვეყნებსა და განსხვავებულ კულტურებს აახლოებს და დიალოგის ხელშემწყობ მძლავრ ინსტრუმენტს წარმოადგენს“.
#DiplomaziaSportiva