გუშინ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში იტალიური ენის XXVI მსოფლიო კვირეულის პირველი ღონისძიება გაიმართა. კვირეულს დასაბამი 2001 წელს იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და კრუსკას აკადემიას შორის შეთანხმების საფუძველზე მიეცა, მოგვიანებით კი მას შვეიცარიის კონფედერაციაც შეუერთდა. ამ ყოველწლიური ინიციატივის მიზანი, რომელიც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით ტარდება, უცხოეთში იტალიური ენობრივი და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაა.
იტალიური ენის მსოფლიო კვირეული, რომლის თემა ყოველ წელს განსხვავებულია, დიდი წარმატებით სარგებლობს და მის ფარგლებში იმართება კონფერენციები, გამოფენები, შეხვედრები და საჯარო ლექციები. წლევანდელი კვირეულის თემაა “გენიალური ენა: იდეიდან ხორცშესხმამდე, იტალიური ენის მეშვეობით“ და ის ჩვენს ენას, კულტურასა და შემოქმედებითობას შორის ღრმა კავშირების ძიებას ეძღვნება.
კვირეულის აღნიშვნა დაიწყო იტალიის საელჩოს მიერ, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტთან კოორდინირებით ორგანიზებული და Silk Hospitality-ს მიერ მხარდაჭერილი ღონისძიებით, რომელიც წმ. ფრანცისკე ასიზელის გარდაცვალების 800 წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში ჩატარდა. ღონისძიება “საუბრები ჰუმანიზმის სათავეებსა და რენესანსის დიდ წინამორბედებზე“ გახსნეს იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა კონსტრანტინე გამსახურდიამ. ღონისძიებაზე მოხსენებებით წარსდგნენ სახელგანთქმული იტალიელი პოეტი, მწერალი და დრამატურგი დავიდე რონდონი; იტალიის ვარსკვლავის კავალერი, ცნობილი ქართველი პოეტი და სხვადასხვა ლიტერატურული პრემიის ლაურეატი დავით მაღრაძე და იტალიელი ჟურნალისტი და ისტორიული წიგნების ავტორი პიერლუიჯი ვერჩეზი.
„დღევანდელი შეხვედრა ორ მნიშვნელოვან მოვლენას – იტალიური ენის 26-ე მსოფლიო კვირეულს და წმ. ფრანცისკე ასიზელის გარდაცვალების 800 წლისთავს – ეძღვნება”, აღნიშნა იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ, – ამ ღონისძიების გამართვის იდეა გაჩნდა დანტე ალიგიერის საზოგადოების გენერალური მდივნის, პროფ. ალესანდრო მაზის თბილისში ვიზიტის დროს, რომელმაც ქართულ საზოგადოებას შესთავაზა ლექცია „იტალიური ტრიპტიქი: ჯოტო, წმინდა ფრანცისკე, დანტე და იტალიური ჰუმანიზმის დაბადება“. ამ თემების უფრო სიღრმისეულად განხილვისთვის, დღეს ჩვენთან იმყოფებიან შესანიშნავი მომხსენებლები, რომლებიც ისაუბრებენ იმ იტალიელ და ქართველ გამორჩეულ ფიგურებზე, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს ჰუმანიზმის ისტორიაში და საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვეობის წინამორბედ ეპოქას – რენესანსს“.
სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის გამოიფინა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში დაცული ინკუნაბულა – დანტე ალიგიერის “ღვთაებრივი კომედიის” 1481 წლის უნიკალური გამოცემა, რომელიც დანტეს მშობლიურ ქალაქში, ფლორენციაში “ღვთაებრივი კომედიის” პირველად დაბეჭდილ ილუსტრირებულ გამოცემას წარმოადგენს (მისი 180-მდე შემორჩენილი ასლი მსოფლიო უდიდეს ბიბლიოთეკებსა და წიგნსაცავებში ინახება).
ღონისძიებას დაესწრო საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, მეუფე ჯუზეპე პაზოტო, იტალიური ენისა და კულტურის მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემელი და მოყვარული.
#SLIM2026