ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

ასოციაცია „საქართველო-იტალიას“ მიერ განხორციელებული პროექტის ხელმძღვანელი ქეთევან ჯაფარიძე იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენით დაჯილდოვდა

1

გუშინ, 9 ივლისს, იტალიის რეზიდენციაში, მრავალრიცხოვანი სტუმრების თანდასწრებით იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენი გადასცა ქეთევან ჯაფარიძეს, რომელმაც ასოციაცია „საქართველო-იტალიის“ ხელმძღვანელის რანგში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის გამიზნული ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებაში.

იტალიის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო ქეთევან ჯაფარიძეს საქართველოში იტალიის საელჩოს წარდგინებით, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მიანიჭა ორ ქვეყანას შორის სოლიდარობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის.

“ეს ჯილდო ქეთევან ჯაფარიძის იმ წვლილის დაფასებაა, რომელიც მან, ჰუმანიტარული პროექტების მეშვეობით, იტალიასა და საქართველოს შორის სოციალური კავშირების გაძლიერებაში შეიტანა”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში ელჩმა დ’ანტუონომ და ხაზი გაუსვა იმ პროექტის მნიშვნელობას, რომლის ფარგლებში იტალია წლების მანძილზე ომით დაზარალებულ ასობით ქართველ ბავშვს მასპინძლობდა, – „იტალიაში ყოფნისას ამ ბავშვებმა სოლიდარობის სითბო იგრძნეს, სიმშვიდე დაიბრუნეს და არა მხოლოდ იტალიური ენა, არამედ ძმობის ენაც ისწავლეს. ეს ბავშვები, უკვე დიდი ხანია, გაიზარდნენ, მაგრამ ის ადამიანური კავშირები, რომლებსაც საფუძველი წლების წინ ჩაეყარა, დღესაც ძალიან მტკიცეა – ამ პროექტის მონაწილეებისთვის იტალია მეორე სამშობლოდ იქცა“.