ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

გამოფენა “მარჩელო”, რომელიც იტალიური კინოს ლეგენდას ეძღვნება

Marcello Mosawvevi 1920×1080-FB

იტალიური კინოს მეცხრე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანაშრომლობის სამინისტროსა და იტალიის კულტურის სამინისტროს ინიციატივით იმართება და მიზნად ისახავს იტალიური კინემატოგრაფისა და კინოინდუსტრიის პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში, იტალიის საელჩომ ქართულ საზოგადოებას განსაკუთრებული საჩუქარი მოუმზადა: საქართველოს დედაქალაქში იმართება ფოტოგამოფენა, რომელიც იტალიური კინოს სახეს, იტალიურობისა და მიმზიდველობის სიმბოლოდ ქცეულ მსახიობს, მარჩელო მასტროიანის ეძღვნება.

იტალიის საელჩოს მიერ ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმთან თანამშრომლობით განხორციელებული ექსპოზიცია მოიცავს ცნობილი ფოტოგრაფი იური მეჩითოვის 60-ზე მეტ შავ-თეთრ ფოტოსურათს, რომლებიც გადაღებულია 1988 წელს, იტალიელი კინომსახიობის საქართველოში სტუმრობის დროს. გამოფენა (კურატორი ლიკა მამაცაშვილი) ერთგვარი ფოტორეპორტაჟია, რომელიც ლეგენდარული იტალიელი მსახიობის იმდროინდელი ქართული კინემატოგრაფის თვალსაჩინო ფიგურებთან (ელდარ შენგელაიასთან, სერგო ფარაჯანოვთან, ირაკლი კვირიკაძესა და სხვებთან) შეხვედრების ამსახველი ფოტოსურათების მეშვეობით, იტალიასა და საქართველოს შორის არსებულ კულტურულ კავშირებზე მოგვითხობს.

გამოფენა გახსნა იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ და აღნიშნა: „იტალიასა და საქართველოს შორის არსებული კულტურული ურთიერთობა ხანგრძლივ და მდიდარ ორმხრივ კავშირებსა და ურთიერთსიმპათიას ეფუძნება და ნამდვილ კულტურულ ხიდს წარმოადგენს ჩვენს ხალხებს შორის, რომლებსაც უამრავი საზიარო ფასეულობა აერთიანებს”.

გამოფენა ღია იქნება მნახველისთვის 2026 წლის 19 ივნისიდან 30 ივნისამდე, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში (მისამართი: შოთა რუსთაველის გამზ. 7).

ივნისის თვეში კინომოყვარულებს კიდევ ერთი ღონისძიება ელით, რომელიც დიდ იტალიელ მსახიობს მიეძღვნება: 25 ივნისს გაიმართება იტალიის საელჩოს მიერ საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და საფრანგეთის კულტურის ინსტიტუტთან თანამშრომლობით ორგანიზებული ღონისძიება, რომელზეც ნაჩვენები იქნება კრისტოფ ონორეს მიერ გადაღებული ფილმი „ჩემი მარჩელო“ არაჩვეულებრივი მსახიობების (კიარა მასტროიანის, კატრინ დენევის, სტეფანია სანდრელისა და სხვ.) მონაწილეობით. კინოჩვენება ჩატარდება 25 ივნისს (დასაწყისი: 20:30სთ), 9 აპრილის ბაღში (შესვლა ხაზინის ქ. 4-ის მხრიდან).