დასრულდა გარდაბნის ახალი საინტერესო იტალიურ-ქართული არქეოლოგიური პროექტის მოსამზადებელი ეტაპი. პროექტის იდეა ვენეციის კა’ ფოსკარის უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგად გაჩნდა.
არქეოლოგიური გათხრები 2024 წლის ზაფხულში დაიწყება და ჩატარდება დაახლ. 40ჰა ფართობის ტერიტორიაზე, რომელიც აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს და 60-ზე მეტ ყორღანს მოიცავს.
ვენეციის კა’ ფოსკარის უნივერსიტეტის ოთხი მეცნიერისა და სტუდენტის, ასევე, ორი ქართველი მკვლევარისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა, სამი კვირის განმავლობაში ტერიტორია დრონის გამოყენებით შეისწავლა და სამაროვნის, ცალკეული სამარხებისა და მიწის ზედაპირზე ხილული სტრუქტურების სრული რუკა შეადგინა.
გარდა ამისა, სამუშაო ჯგუფმა გამოავლინა გარდაბნის სამხრეთით მდებარე ორი არქეოლოგიური ლოკაცია: ყორღანების კიდევ ერთი ველი და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ.წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრის) დროინდელი ნამოსახლარი. ეს მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენა დასაბამს მისცემს რეგიონის შემსწავლელ სისტემატურ სამუშაოებს, რომლებიც მომავალ წელს, ადამიანთა ნამოსახლარისა და, ასევე, პალეოგარემოსა და მისი ევოლუციის კვლევის პარალელურად დაიწყება.
გარდაბნის იტალიურ-ქართული არქეოლოგიური პროექტი ვენეციის კა’ ფოსკარის უნივერსიტეტის საქართველოში ათწლიანი არქეოლოგიური მისიის ახალი ამბიციური ეტაპია.