ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

ღონისძიება, რომელიც მდგრადი მომავლის შექმნაში ახალგაზრდების როლს მიეძღვნა

1

გუშინ, საქართველოში ბიზნესის ადმინისტრირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგებში წამყვან უმაღლეს სასწავლებელში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) გაიმართა ღონისძიება, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ, უნივერსიტეტთან და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით. ღონისძიება მიეძღვნა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) ერთობლივად შექმნილ და განხორციელებულ პროგრამა I-ACT-ს.

ღონისძიება „კლიმატის ცვლილება და მწვანე გადასვლა: ახალგაზრდების ლიდერობა მდგარი მომავლისთვის“ გახსნეს BTU-ს რექტორმა ნინო ენუქიძემ, იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილე ალექსანდრუ ნართეამ და BTU-ს მეწარმეობის ცენტრის ხელმძღვანელმა მარიამ კობიაშვილმა.

ელჩმა დ’ანტუონომ ისაუბრა პროგრამა I-ACT-ზე, რომელიც მიზნად ისახავს ენერგიის გადაცემის, კლიმატის ცვლილებებისა და მდგრადი განვითარების საკითხებში ახალგაზრდების ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას. „კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური გამოწვევაა, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ. კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში და გარემოს დაცვაში ახალგაზრდების როლი და მათი ჩართულობა ინოვაციური გადაწყვეტების შემუშავებასა და განვითარებაში უაღრესად მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ელჩმა დ’ანტუონომ.

IRENA-ს მიერ ამ საგანმანათლებლო პროგრამისთვის შერჩეულმა ორმა ქართველმა ახალგაზრდამ, ნინო გუგულაშვილმა და მარიამ ონიანმა, ღონისძიების სტუმრებს გაუზიარეს IRENA-ში P2P (Peer-to-Peer) მეთოდით მიღებული პროფესიული და პირადი გამოცდილება, გაუძღვნენ 17 სასწავლებლის სტუდენტების ჯგუფის აქტივობას და პროგრამა I-ACT-ის წარმატებით განხორციელებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.