ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

ინფრასტრუქტურის, საინჟინრო და სამშენებლო დარგების უმსხვილესი იტალიური კომპანიების ვიზიტი საქართველოში

Business Forum 2025

სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, იტალიურ და ქართულ ინსტიტუციებსა და კომპანიებს შორის თანამშრომლობის გაფართოება, საქართველოში ბიზნესის წარმართვით დაინტერესებული იტალიური კომპანიებისათვის აქ არსებული ბიზნესგარემოსა და შესაძლებლობების გაცნობა და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების ძიება წარმოადგენს ღონისძიების „Italian Infrastructure excellence in Georgia“ მთავარ მიზანს. ღონისძიება, რომელიც 2025 წლის 4 დეკემბერს თბილისში, სასტუმრო „ტელეგრაფში“ გაიმართება, ორგანიზებულია საქართველოში იტალიის საელჩოსა და იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ITA) მიერ, იტალიის საინჟინრო, არქიტექტურული და ტექნიკურ-ეკონომიკური საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაციასა (OICE) და იტალიის ელექტრონული და ელექტროტექნიკური კომპანიების ეროვნულ ფედერაციასთან (ANIE), ასევე, საქართველოს კონსულტანტ ინჟინერთა ასოციაციასთან (ACEG), საქართველოს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასა (ICCA) და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან (GEA) თანამშრომლობით.

ღონისძიება საქართველოს განვითარებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე დარგებს, კერძოდ, ინფრასტრუქტურის, სამშენებლო და საინჟინრო სფეროებს მიეძღვნება. ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ახალი პარტნიორობის ხელშეწყობასა და ერთობლივ პროექტებზე მსჯელობას, საქართველოს ინსტიტუციების, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების (მათ შორის, მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის), ასევე, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო დარგებში მომუშავე 16 უმსხვილესი იტალიური კომპანიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

„ამ დარგებში იტალიის საუკეთესო გამოცდილება ქართველ მეწარმეებს შორის დიდი ნდობით სარგებლობს (იტალია საქართველოს რიგით მეორე სავაჭრო პარტნიორია ევროპის მასშტაბით!). საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარება, ამ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობისა და სავაჭრო მარშრუტების თვალსაზრისით მისი მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით, იტალიური კომპანიებისთვის დიდ ინტერესს წარმოადგენს“, – განმარტავს იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო, – „ჩვენ ერთად შეგვიძლია შევქმნათ ჩვენი რეგიონების დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურა და ამგვარად, გავაძლიეროთ ორივე ქვეყნის ეკონომიკა და ხელი შევუწყოთ ჩვენი ხალხების კეთილდღეობას“.

ღონისძიებას გახსნიან იტალიის ელჩი დ’ანტუონო და იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს აზერბაიჯანსა და საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჩეჩილია ოლივა. გაიმართება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, იტალიური ასოციაციებისა და ქართული ინსტიტუციების წარმომადგენელთა პრეზენტაციები და შეხვედრები “B2B” ფორმატში, გარდა ამისა, ხელი მოეწერება იტალიის საინჟინრო, არქიტექტურული და ტექნიკურ-ეკონომიკური საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაციასა და საქართველოს კონსულტანტ ინჟინერთა ასოციაციას შორის შეთანხმების მემორანდუმს, რომელიც ხელს შეუწყობს საწარმოო გამოცდილების გაზიარებასა და არქიტექტურის, საინჟინრო და საკონსულტაციო დარგებში მომუშავე კომპანიებისა და სპეციალისტების ერთობლივი პროექტების განვითარებას.

#DiplomaziaEconomica