კიდევ ერთი იტალიური მონაწილეობა საქართველოს დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაში: 1 დეკემბერს იწყება იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული თბილისის მე-26 საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც წელს კინოს მოყვარულებს ახალი იტალიური კინემატოგრაფისადმი მიძღვნილ სპეციალურ პროგრამას შესთავაზებს. 1991 წელს ახალი იტალიური კინოს პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი იტალიური ასოციაცია N.I.C.E.-ს (New Italian Cinema Events) მიერ წარმოდგენილი პროგრამა ფესტივალის საპატიო სტუმრებთან შეხვედრებს და ექვსი ახალი იტალიური კინოსურათის ჩვენებას მოიცავს.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნამდე გამართულ პრესკონფერენციაზე იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ იტალიასა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო კავშირებზე და კინოს, როგორც კულტურათა დამაკავშირებელი ხიდის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საქართველოს უმნიშვნელოვანესი კინემატოგრაფიული ღონისძიება თანამედროვე იტალიურ კინოსთან შეხვედრის ადგილად იქცა. წელს საფუძველი ჩაეყარა ახალ თანამშრომლობას N.I.C.E.-სთან, რომელიც, 30 წელზე მეტია, პოპულარიზაციას უწევს ახალგაზრდა ნიჭიერ კინოხელოვანებს და მათ შემოქმედებას მთელ მსოფლიოს აცნობს“, – აღნიშნა ელმჩა დ’ანტუონომ.
წლევანდელი ფესტივალის საპატიო სტუმრები იქნებიან იტალიელი კინოსა და თეატრის მსახიობი, დრამატურგი და თეატრალური დასი Esperidio-ს დამფუძნებელი ვინჩენცო პიროტა (მაყურებელი მას იხილავს მუსოლინის როლში, რომელიც მან შეასრულა პიეტრო მარჩელოს ფილმში “დუზე”) და ლაურა სამანი, ახალგაზრდა რეჟისორი, რომელიც 2022 წელს სარეჟისორო დებიუტისთვის დონატელოს დავითით დაჯილდოვდა, 2025 წელს კი ვალენტინა პედიჩინის ჯილდო მიიღო.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნება 1 დეკემბერს პიეტრო მარჩელოს კინოსურათით “დუზე”, რომლის მსოფლიო პრემიერა ვენეციის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში შედგა. ფილმში, რომელიც ლეგენდარული იტალიელი მსახიობის, ელეონორა დუზეს ცხოვრებისა და სამსახიობო კარიერის ბოლო პერიოდს ეძღვნება, მთავარ როლს ვალერია ბრუნი ტედესკი ასრულებს.
3 დეკემბერს, 19:00სთ-ზე (დარბაზი 2) ნაჩვენები იქნება ნიკოლანჯელო ჯელორმინის ფილმი “სიხარული”, რომლის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალის ”ავტორთა დღეების’’ პროგრამაში გაიმართა. ფილმში მთავარ როლს ცნობილი მსახიობი ვალერია გოლინო ასრულებს.
4 დეკემბერს, 19:00სთ-ზე (დარბაზი 1) ნაჩვენები იქნება ლაურა სამანის ფილმი “სკოლის ერთი წელი”. არაერთი ჯილდოს მფლობელი ფილმის მსოფლიო პრემიერა ვენეციის წლევანდელ საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა ‘’ჰორიზონტებში’’ გაიმართა.
5 დეკემბერს, 21:00სთ-ზე (დარბაზი 2) მაყურებელი იხილავს მარიო მარტონეს კინოსურათს “გარეთ”, რომელიც წარმოდგენილი იყო კანის წლევანდელ საერთაშორისო კინოფესტივალიზე.
6 დეკემბერს, 19:00სთ-ზე (დარბაზი 2) გაიმართება კეისი კაუფმანისა და ალესანდრო კასიგოლის ფილმის “ვიტორია” ჩვენება. ფილმმა, რომლის პრემიერა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა “ჰორიზონტებში” შედგა, სხვადასხვა ჯილდოები (Arca Cinema Giovani და FEDIC) მოიპოვა.
7 დეკემბერს, 19:00სთ-ზე (დარბაზი 2) ნაჩვენები იქნება ანდრეა დი სტეფანოს ფილმი “ჩემი ჩოგბურთის მაესტრო”, რომელშიც მთავარ როლს ბრწყინვალე მსახიობი პიერფრანჩესკო ფავინო ასრულებს.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ ან კინოთეატრ „ამირანის“ სალაროებში. არ გამოტოვოთ!
@DiplomaziaCulturale #cinemaitaliano