ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე

violenza sulle donne_2025a_sito

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიისა და საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ძალისხმევა ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
“ქალთა მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებათა დაუშვებელი დარღვევა და დაბრკოლებაა ჩვენი საზოგადოების განვითარების გზაზე. იტალია აგრძელებს გენდერული თანასწორობის, ქალთა ემანსიპაციისა და მოწყვლადი ადამიანების დაცვის ხელშეწყობას. ჩვენ უნდა ავაშენოთ ისეთი მომავალი, სადაც არცერთ ქალს არ ექნება შიში, რომ მის თავისუფლებას ან სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ეს ინსტიტუციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა”, – განაცხადა მინისტრმა ტაიანიმ.
გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრა იტალიის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულებაა. ჩვენი ქვეყანა მხარს უჭერს საერთაშორისო კამპანიებს, რომლებიც დაკავშირებულია ქალის გენიტალიების დასახიჩრებისა და ადრეული და იძულებითი ქორწინების აღმოფხვრასთან, და ასევე, აქტიურად არის ჩართული გაეროს ქალთა სტატუსის კომიტეტის მუშაობაში. ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის ნებისმიერ ფორმასთან ბრძოლა იტალიისთვის, როგორც 2026-2028 წლებისთვის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრის მანდატის მქონე ქვეყნისთვის, პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს.
იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო და იტალიის დიპლომატიური ქსელი წელსაც უერთდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კამპანიას “Orange the World” და მონაწილეობს სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართულ ინიციტივებში. კამპანიის ფერებში განათდება სამინისტროს შენობა.
იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო და იტალიის დიპლომატიური ქსელი აგრძელებს მონაწილეობას “წითელი სკამების ინიციატივაში”, რომელიც ფემიციდისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოა.
გარდა ამისა, გრძელდება ძალადობის აღმოფხვრისკენ მიმართული ისეთი საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერა, როგორიცაა ჯულია ჩეკეტინის სახელობის სასწავლო სტიპენდია “Invest Your Talent in Italy”.
დაბოლოს, გაეროს “ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის” ფარგლებში, იტალია, ეროვნული სამოქმედო გეგმისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის მედიატორ ქალთა ქსელის მეშვეობით, აგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც მიმართულია ქალთა ჩართულობისაკენ კონფლიქტების პრევენციაში, მედიაციასა და მშვიდობის შენების საქმეში.
#NoExcuse #OrangeTheWorld #16Days