ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

გრძელდება იტალიური სპორტის დღის აღნიშვნა საქართველოში

1

“სპორტი ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია, ის სიამაყის საგანია იტალიისთვის – ქვეყნისთვის, რომელიც მომავალ წელს უმასპინძლებს ორ უმნიშვნელოვანეს სპორტულ ღონისძიებას: ზამთრის ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებს, რომლებიც მილანსა და კორტინაში გაიმართება, და ხმელთაშუა ზღვის თამაშებს, რომლებიც ტარანტოში ჩატარდება. სპორტი შესანიშნავი საშუალებაა ხალხებს შორის კავშირების ხელშეწყობისა და სხვადასხვა კულტურებს შორის ხიდის აგებისთვის“, – ამ სიტყვებით გახსნა საქართველოში იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ იტალიური სპორტის დღის აღმნიშვნელი ღონისძიება, რომელიც იტალიის საელჩოს მხარდაჭერით და  Sports Orient-ის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიება ფეხბურთს მიეძღვნა – ყველასათვის საყვარელ სპორტის სახეობას, რომელიც მთელ მსოფლიოში მილიონობით გულშემატკივარს აერთიანებს.

იტალიის ელჩის თქმით, „იტალიას და საქართველოს ფეხბურთის სიყვარულიც აერთიანებს. ხვიჩა კვარაცხელის ფენომენმა დიდი ინტერესი აღძრა ქართველი ფეხბურთელების მიმართ და გზა გაუხსნა ნიჭიერ ქართველ მოთამაშეებს საფეხბურთო ჩემპიონატებში მონაწილეობისთვის“.

ქართველი ფეხბურთელების ბოლოდროინდელი წარმატება, გახმაურებული ტრანსფერები, ინფორმაციის მოძიების ტექნიკა – ამ და სხვა მრავალ საინტერესო თემაზე ისაუბრა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა ღონისძიების მრავალრიცხოვან სტუმარს ფაბრიციო რომანომ, ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და გავლენიანმა სპორტულმა ჟურნალისტმა და ინსაიდერმა, რომელმაც წარმატებული მედია ბრენდი შექმნა და სოც. ქსელების სხვადასხვა პლატფორმაზე ექსკლუზიური და ზუსტი ინფორმაციის გავრცელებით სპორტის სამყაროში და ფეხბურთის მილიონობით გულშემატკივარს შორის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გავლენიანი ექსპერტის სახელი მოიხვეჭა.

ღონისძიება გაიმართა საქართველოში იტალიის საელჩოს ღონისძიებების სპონსორის, Macron-ის დახმარებით.