საქართველოში შემოვიდა პრესტიჟული იტალიური კომპანია Ferretti Group, რომელიც მსოფლიო ლიდერი კომპანიაა პრემიუმ კლასის იახტებისა და კატერების წარმოებაში. ქართული მსხვილი ჰოლდინგური კომპანიის UGT-ს შვილობილმა კომპანიამ Caucasus Yachts სწორედ Ferretti Group-თან მოაწერა ხელი საპარტნიორო ექსკლუზიურ ხელშეკრულებას, რომელიც მას კავკასიის რეგიონში პრემიუმ კლასის იახტების მიწოდებაზე ექსკლუზიური წარმომადგელის უფლებას ანიჭებს. Ferretti Group-ის პორტფოლიოს ამშვენებს პრესტიჟული და ექსკლუზიური ბრენდები როგორიცაა Ferretti, Pershing, Itama, Riva e Custom Line.
ამ ხელშეკრულებით, კომპანია Caucasus Yachts ხდება 60 დილერი კომპანიის ნაწილი, რომლებიც მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში Ferretti Group-ისათვის მუშაობენ.
ამ ამბიციური პროექტის პრეზენტაციას, ორივე კომპანიის წარმომადგენლობასთან ერთად, დაესწრო იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მისი აღმატებულება ანტონიო ენრიკო ბარტოლი. “იტალია უდავოდ ლიდერი ქვეყანაა იახტების წარმოებაში და ამავდროულად იახტების მსოფლიო ბაზრის 40% უკავია. ბოლო 40 წლის განმავლობაში Ferretti Group-ი იახტების დიზაინში, მშენებლობასა და მარკეტინგში მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა. მის მიერ შექმნილი იახტები გახლავთ იტალიური ხარისხის, ხელოვნებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების სრულყოფილი სიმბოლო, სადაც საუკეთესოდ ვლინდება ფორმისა და ფუნქციის ბალანსი. ეს არის იტალიური ელეგანტურობისა და ავანგარდის არაჩვეულებრივი მაგალითი. ჩვენ მოხარულნი ვართ რომ Made in Italy-ს ასეთი პრესტიჟული ბრენდი როგორიცაა Ferretti Group უკვე საქართველოშია, ქვეყანაში, რომელსაც ერთ დროს არგონავტები და გენუელი ზღვაოსნები სტუმრობდნენ. ეს უდავოდ შეუწყობს ხელს საქართველოში ტურიტების ახალი ნაკადების მოზიდვას, პორტების აგებას, რომელიც ბათუმიდან დაიწყება. ეს არა მარტო დამატებით სტიმულს მისცემს ამ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, არამედ მოიზიდავს სხვადასხვა იტალიურ კომპანიებს” – განაცხადა იტალიის ელჩმა.
Ferretti Group-ის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გადადით მოცემულ ბმულზე