კიდევ ერთი იტალიური მონაწილეობა საქართველოს დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაში: ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის ევროპული კინოს ფორუმზე იტალია 2019 წელს გადაღებული ორი ფილმით იქნება წარმოდგენილი.
6 დეკემბერს, 16:00სთ-ზე, კინოთეატრ "ამირანში" გაიმართება სახელგანთქმული იტალიელი რეჟისორისა და სცენარისტის, მარკო ბელოკიოს ფილმის "მოღალატე" ჩვენება. ფილმი, რომელიც ნაჩვენები იქნა კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის ფარგლებში, დაჯილდოებულია სხვადასხვა პრემიით (მათ შორის, 2 "ოქროს გლობუსით", 7 "ვერცხლის ფირით" და ფლაიანოს სახელობის პრიზით) და წარდგენილია 2020 წელს "ოსკარის" პრემიის "საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის" ნომინაციაზე. "მოღალატე" მოგვითხრობს მაფიის ერთ-ერთ წარმომადგენელზე, ტომაზო ბუშეტაზე, რომლის როლს ბრწყინვალედ ასრულებს მსახიობი პიერფრანჩესკო ფავინო.
6 დეკემბერს, 21:00სთ-ზე, კინოთეატრ "ამირანში" ნაჩვენები იქნება მრავალრიცხოვანი ჯილდოს მფლობელი (მათ შორის, ტურინის, ბერლინის, გეტებორგისა და ბუენოს-აირესის კინოფესტივალების ჯილდოების) კამპანიელი რეჟისორის, პიეტრო მარჩელოს ფილმი "მარტინ იდენი". ჯეკ ლონდონის რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი ტორონტოს კინოფესტივალის პროგრამის "პლატფორმის" გამარჯვებულია, მსახიობი ლუკა მარინელი კი მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის "ვოლპის თასით" დაჯილდოვდა. ფილმი, რომლის მოქმედება მეოცე საუკუნის დასაწყისის ამერიკის ნაცვლად იტალიაში ხდება, მოგვითხრობს მეზღვაურის და ამავდროულად თვითნასწავლი ლიტერატორის ისტორიას, რომელიც ცდილობს საკუთარი სოციალური წრესგან თავის დაღწევასა და ლიტერატურულ ელიტაში მოხვედრას, შედეგად კი საკუთარ გარემოსა და წარმომავლობაზე უარის თქმა უწევს.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ ან კინოთეატრ "ამირანის" სალაროებში.