ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

დოკუმენტების თარგმნა და ლეგალიზაცია

ლეგალიზაცია

ლეგალიზაციასა და აპოსტილთან დაკავშირებული ზოგადი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ვებგვერდის ბმული.

უცხოეთში გაცემული საჯარო აქტების ლეგალიზაცია გაუქმდა ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც შეურთდა 1961 წლის 5 ოქტომბრის ჰააგის კონვენციას (საქართველომ ამ კონვენციის რატიფიკაცია მოახდინა 2007 წელს) და შეიცვალა აპოსტილით.

ქართული დოკუმენტების იტალიაში აღიარებისათვის, საჭიროა დოკუმენტებს ერთვოდეს აპოსტილი და თარგმნილი იყოს იტალიურ ენაზე (პროფესიონალი თარჯიმნების სია ჩამოტვირთეთ “საკონსულო მომსახურების” მთავარი გვერდიდან).

თარგმანი შემდგომ დამოწმებულ უნდა იქნას თბილისში იტალიის საელჩოს საკონსულო განყოფილების მიერ (მომსახურება ფასიანია. დასამოწმებელი დოკუმენტების წარდგენა ხდება საკონსულო განყოფილების სამუშაო დღეებსა და საათებში).

 

ცნობა საგანმანათლებლო დოკუმენტების იტალიაში აღიარებისთვის

უცხოეთის მოქალაქეებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ იტალიელებს შეუძლიათ იტალიის უნივერსიტეტებში ჩარიცხვა. ამისათვის, დაინტერესებულმა პირმა საელჩოს საკონსულო განყოფილებაში უნდა წარადგინოს სათანადოდ შევსებული ანკეტა (მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია ბმულიდან “ანკეტები“) და ყველა მოთხოვნილი საბუთი.
ეს დოკუმენტაცია დამტკიცებული უნდა იყოს იტალიური უწყებების მიერ საზღვარგარეთ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების შეფასების საფუძველზე.
საკონსულო განყოფილებამ უნდა დააზუსტოს და დაადასტუროს, რომ საშუალო სკოლის ატესტატის მფლობელს შეუძლია თუ არა სწავლის გაგრძელება იტალიის უმაღლეს სასწავლებლებში. საკონსულო განყოფილება გასცემს ცნობას საგანმანათლებლო დოკუმენტების იტალიაში აღიარებისთვის.

საგანმანათლებლო დოკუმენტების იტალიაში აღიარებისთვის საჭირო ცნობის მისაღებად, საჭიროა საკონსულო განყოფილებაში შემდეგი საბუთების წარდგენა:

– სკოლის ატესტატისა და ნიშნების ფურცლის (დანართის) დედანი, რომლებიც აპოსტილით უნდა იყოს დამოწმებული საქართველოს განათლების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (მისამართი: ალექსიძის №1, 0193 თბილისი).
– საქართველოს განათლების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების წერილი.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წერილში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული შემდეგი:

სკოლის ატესტატის შემთხვევაში:

– სწავლის ხანგრძლივობა: წლების რაოდენობა და პერიოდი;
– ის, რომ ატესტატი უფლებას აძლევს მის მფლობელს, სწავლა გააგრძელოს უნივერსიტეტის ნებისმიერ ფაკულტეტზე მისაღების გამოცდების შემდეგ;
– ნიშნების ფურცელში (დანართში) მოყვანილი ქულების (შეფასების სისტემის) განმარტება.

უნივერსიტეტის დიპლომის შემთხვევაში:

– უნივერსიტეტში ჩასარიცხად აუცილებელია საშუალო განათლების ატესტატი (რომელიც გაცემულია მოცემულ პერიოდში სწავლის გარკვეული წლების შემდეგ);
– საუნივერსიტეტო სწავლის კურსის ხანგრძლივობა (ძველი კანონმდებლობით გაცემული დიპლომი გათანაბრებული უნდა იყოს ახალი კანონმდებლობით სამაგისტრო დიპლომთან);
– ნიშნების ფურცელში (დანართში) მოცემული ქულების (შეფასების სისტემის) განმარტება.

მნიშვნელოვანია: იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დოკუმენტი გაცემულია კერძო სასწავლებლის მიერ, საქართველოს განათლების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წერილში დაკონკრეტებული უნდა იყოს, რომ საგანმანათლებლო დოკუმენტი აღიარებულია განათლების სამინისტროს მიერ და მითითებული უნდა იყოს ლიცენზიის ნომერი და გაცემის თარიღი.

სამედიცინო განათლების დოკუმენტის შემთხვევაში, თუკი ცნობა იტალიაში აღიარებისთვის მოთხოვნილია პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად, აღნიშნული დიპლომის გარდა, აუცილებელია ექიმის სახელმწიფო სერტიფიკატის წარდგენა (ყველა საბუთი აპოსტილით უნდა იყოს დამოწმებული და თარგმნილი იტალიურ ენაზე).

ყველა საბუთი თარგმნილი უნდა იყოს იტალიურ ენაზე (იხილეთ პროფესიონალი თარჯიმნების სიის ნახვა შესაძლებელია საკონსულო მომსახურების ძირითად გვერდზე).

იტალიური ნორმატიული ჩარჩო – ინფორმაცია და განმარტება

საგანმანათლებლო დოკუმენტების აღიარების ამჟამად მოქმედი წესების დეტალურად გაცნობისთვის ეწვიეთ აკადემიური მობილობისა და შესაბამისობის საინფორმაციო ცენტრის, CIMEA-ს (Centro di Informazione sulle Mobilità ed Equipollenze Accademiche) ვებგვერდს: http://www.cimea.it/en/index.aspx

ვინაიდან უცხოეთში მიღებულ საგანმანათლებლო დოკუმენტებს იტალიაში იურიდიული ძალა არ გააჩნია, საგანმანათლებლო დოკუმენტის აღიარებით დაინტერესებულმა პირმა შესაბამის კომპეტენტურ იტალიურ სტრუქტურას/ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს იტალიის საელჩოს ან საკონსულოს მიერ გაცემული დიპლომის შეფასების დოკუმენტი (Dichiarazione di Valore).

იტალიაში უმაღლესი განათლების მისაღებად, სწავლის გასაგრძელებლად და იტალიის საუნივერსიტეტო განათლების დამადასტურებული დოკუმენტების მისაღებად, უცხოეთში მიღებული განათლებისა და საგანმანათლებლო დოკუმენტების აღიარების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს უნივერსიტეტებსა და უმაღლესი განათლების ინსტიტუტებს საკუთარი ავტონომიის ფარგლებში და იტალიური კანონმდებლობისა და ორმხრივი ხელშეკრულებების შესაბამისად. აღნიშნული პროცედურა უცხოეთში მიღებული სკოლის ატესტატს იტალიური სკოლის ატესტატად არ გარდაქმნის, მაგრამ დაიტერესებულ პირს საშუალებას აძლევს, სწავლა გააგრძელოს საბაკალავრო დასამაგისტრო პროგრამაზე.

ასევე, იტალიურ სისტემაში არსებობს უცხოეთში მიღებული საგანმანათლებლო დოკუმენტების აღიარების პროცედურა არა სწავლის გასაგრძელებლად, არამედ იტალიის სხვადასხვა ადმინისტრაციებში პროფესიული საქმიანობის საწარმოებლად. ეს ეხება რეგულირებად პროფესიებს, რომელიც ეროვნული კანონმდებლობით რეგულირდება. კანონით განსაზღვრულია როგორც საგანმანათლებლო დოკუმენტი, ასევე, პროფესიული საქმიანობისათვის დამატებითი მონაცემები (მაგ. პრაქტიკა და/ან პროფესიული კვალიფიკაციისა და საქმიანობისათვის აუცილებელი სახელმწიფო გამოცდა) და პროფესიული ეთიკის ნორმები. მათ, ვისაც გააჩნია უცხოეთში გაცემული პროფესიული განათლების დოკუმენტი, შესაბამისი პროფესიული საქმიანობის იტალიაში კანონიერად წარმართვისათვის, კომპეტენტური იტალიური უწყებებისგან ამ დოკუმენტის აღიარება უნდა მოიპოვონ.

პროფესიული საგანმანათლებლო დოკუმენტი გულისხმობს დოკუმენტს, რომელიც ანიჭებს გამცემ ქვეყანაში გარკვეული რეგულირებადი პროფესიით მუშაობის უფლებას. მინისტრთა საბჭოს პრეზიდიუმის ევროპული პოლიტიკის დეპარტამენტთან შეიქმნა ცენტრი პროფესიული კვალიფიკაციის აღიარებისათვის. დამატებითი ინფორმაციისათვის დააჭირეთ აქ.

დიპლომის შეფასების დოკუმენტი (Dichiarazione di Valore) წარმოადგენს საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ გამჭვირვალობას და აძლევს შესაძლებლობას კომპეტენტურ უწყებებს/ადმინისტრაციებს, სრულად შეაფასონ ის საგანმანათლებლო დოკუმენტი, რომლის აღიარებაცაა მოთხოვნილი.


მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვინც აპირებს უცხოეთში მიღებული საგანმანათლებლო ან პროფესიული დოკუმენტის აღიარების მოთხოვნას

CIMEA-სთან მოქმედებს Credential Information Service (CIS), რომელიც გასცემს უცხოეთში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტისათვის „შედარებითობის ატესტატს”, რომელსაც ნაწილობრივ აკისრია დიპლომის შეფასების დოკუმენტის (Dichiarazione di Valore) ფუნქცია.

შედარებითობის ატესტატის მიღება შესაძლებელია „CIMEA”-ს პორტალზე მითითებული პროცედურების შესრულების შემდეგ, რომელიც მოცემულია ბმულზე: http://www.cimea.it/en/services/statements-ofcomparability/statements-of-comparability-and-qualifications-certification.aspx

შედარებითობის ატესტატი იძლევა ინფორმაციას საგანმანათლებლო დოკუმენტზე, მაგრამ არ წარმოადგენს დოკუმენტის ავთენტურობის გარანტიას. უცხოეთში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების შეფასებისას თითოეული უწყების დისკრეციულობის მიუხედავად, შედარებითობის ატესტატი ყოველთვის არ მიიჩნევა საკმარისად და ამდენად, როგორც პროფესიული კვალიფიკაციის აღიარებაზე პასუხისმგებელი სამინისტროები, ასევე, მრავალრიცხოვანი აკადემიური ინსტიტუციები ითხოვენ, რომ დაიტერესებულმა პირმა წარადგინოს ასევე დიპლომის შეფასების დოკუმენტი (Dichiarazione di Valore).

დაბოლოს, სასურველია, რომ დაიტერესებული პირმა, დიპლომის შეფასების დოკუმენტის (Dichiarazione di Valore) მოთხოვნის წარდგენამდე, CIMEA-სა (info@cimea.it) და კონკრეტული საგანმანათლებლო დოკუმენტის შეფასებაზე პასუხისმგებელ უწყებასთან გადაამოწმოს, აუცილებელია თუ არა დიპლომის შეფასების დოკუმენტი (Dichiarazione di Valore), თუ საკმარისია CIMEA-ს მიერ გაცემული შედარებითობის ატესტატი.