დღეს იწყება საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ღამის სერენადები”, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს ბრწყინვალე ქართველ და უცხოელ მუსიკოსებს და, ტრადიციულად, საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით იმართება.
ფესტივალი, რომელიც 1982 წელს სახელგანთქმული ქართველი მევიოლინე ლიანას ისაკაძის მიერ დაარსდა, წელს უკვე მეთვრამეტედ ტარდება და დამაარსებლის დაბადების 80 წლისთავს ეძღვნება. ფესტივალი საქართველოს სამ ქალაქში (ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში) იმართება და კლასიკური მუსიკის მოყვარულებს სთავაზობს ექვს შესანიშნავ კონცერტს იტალიელი მუსიკოსების მონაწილეობით.
19 აგვისტოს და 21 აგვისტოს დაგეგმილ კონცერტებზე, რომლებიც ბორჯომსა და ბათუმში გაიმართება, ორკესტრ „საქართველოს ვირტუოზებს” ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი იტალიელი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი უდირიჟორებს, კონცერტის სოლისტი კი ახალგაზრდა ნიჭიერი იტალიელი მევიოლინე იუკი სერინო იქნება. პროგრამაშია კლასიკური მუსიკის უკვდავი შედევრები, როსინის, ვერდისა და მასკანის ოპერების უვერტიურებიდან მენდელსონის, სენ-სანსისა და ჩაიკოვსკის მუსიკალურ ნაწარმოებებამდე.
23 აგვისტოს ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე ვირტუოზი იტალიელი ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი, სახელგანთქმული მევიოლინე და დირიჟორი ანდრეს გაბეტა და ცნობილი საოპერო მომღერალი ნადეჟდა ნესტეროვა წარსდგებიან. წარმოდგენილი იქნება მუსიკალური პროექტი, რომელიც ბაროკოს ეპოქის იტალიელი კომპოზიტორის, ანტონიო ვივალდის მუსიკასა და ასტორ პიაცოლას არგენტინული ტანგოს რიტმებს აერთიანებს (არანჟირება ლუკა სალვადორის ეკუთვნის).
კონცერტზე, რომელიც 25 აგვისტოს გაიმართება, ბათუმის დრამატული თეატრი უმასპინძლებს ფესტივალისთვის სპეციალურ შექმნილ მუსიკალურ პროექტს, რომელიც იტალიური საოპერო ტრადიციებისა და არგენტინული ტანგოს ახლებულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. კონცერტის სოლისტები იქნებიან უამრავი ეროვნული თუ საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი, ბრწყინვალე იტალიელი პიანისტი გლორია კამპანერი, ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი და ნადეჟდა ნესტეროვა (სოპრანო).
18 სექტემბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი უმასპინძლებს კონცერტს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სახელგანთქმული მუსიკოს-შემსრულებლები ანა-ლიზა ბეზროდნი (ვიოლინო) და იან-ერიკ გუსტავსონი (ჩელო), თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრს კი იტალიელი დირიჟორი ბეატრიჩე უდირიჟორებს. შესრულდება ბრამსისა და სენ-სანსის ნაწარმოებები.
20 სექტემბერს ფესტივალის დასკვნითი კონცერტი თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს იტალიელ კომპოზიტორსა და უკვდავი კინომუსიკის შემქმნელს, ენიო მორიკონეს მიეძღვნება. კონცერტი ალექსანდრე გრიბოედობის სახელობის დრამატული თეატრში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ სახელგანთქმული იტალიელი მესაყვირე ნელო სალცა და ნიჭიერი ქართველი პიანისტი გიორგი შიოლაშვილი.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ. არ გამოგრჩეთ!
#DiplomaziaCulturale