საქართველოს კულტურულ ცხოვრებას კიდევ ერთი მუსიკალური ფესტივალი, “კლასიკური მუსიკის კონცერტები ბათუმში” შეემატა, რომელიც 21-24 აპრილს შავი ზღვის მარგალიტად აღიარებულ ქალაქ ბათუმში ტარდება. ბუნებრივია, რომ იტალია, რომელიც ბრწყინვალე საშემსრულებლო ტრადიციებით გამოირჩევა, ვერ გამოაკლდებოდა მუსიკალურ ღონისძიებას, რომელიც კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ორ შესანიშნავ კონცერტს სთავაზობს იტალიელი მუსიკოსების მონაწილეობით: საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებულ პირველ კონცერტში მონაწილეობენ სახელგანთქმული იტალიელი მევიოლინე და დირიჟორი დამიანო ტონიეტი (რომელიც წარმატებით გამოდის მთელი მსოფლიოს პრესტიჟულ სცენებზე, დირიჟორობს სხვადასხვა ქვეყნის ორკესტრებს და, როგორც დირიჟორი და სოლისტი, თანამშრომლობს ისეთ სახელგანთქმულ მაესტროებსა და შემსრულებლებთან, როგორიცაა რიკარდო მუტი, კლაუდიო აბადო, უტო უგი და ილია გრუბერი) და იტალიელი კომპოზიტორი და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ბანდონეონისტად აღიარებული ფაბიო ფურია, რომელიც უამრავი ქვეყნის (კანადა, აშშ, ჩინეთი, მექსიკა, შვეიცარია, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, საბერძნეთი, იაპონია და სხვ.) უმნიშვნელოვანესი საკონცერტო დარბაზების ხშირი სტუმარია.
იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ, რომელიც კონცერტს დაესწრო, იტალიასა და საქართველოს შორის კულტურის სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა. „ეს ახალი ფესტივალი არა მხოლოდ მუსიკალური ღონისძიებაა, რომელიც საქართველოს კულტურულ ცხოვრებას გაამდიდრებს, აგრეთვე, შესანიშნავი შესაძლებლობაცაა იტალიური ხელოვნების წარმოჩინებისა და ჩვენს ქვეყნებს შორის კულტურული დიალოგის წარმართვისთვის ისეთი უნივერსალური ენის მეშვეობით, როგორიც მუსიკაა“, – აღნიშნა ელჩმა დ’ანტუონომ.
იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებულ მეორე კონცერტზე, რომელიც მოცარტის დიდებულ მუსიკას მიეძღვნა, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე მსმენელის წინაშე წარსდგა არაერთი საერთაშორისო პრემიით (მათ შორის, აბიატისა და კლასიკური მუსიკის საერთაშორისო პრემიებით) დაჯილდოებული ცნობილი იტალიელი პიანისტი ალესანდრო მარანგონი.