იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო ეწვია საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ცენტრს, ბათუმს, სადაც გამართა შეხვედრები სხვადასხვა დარგების წარმომადგენლებთან.
ელჩი დ’ანტუონოს ვიზიტი დაიწყო სტუმრობით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც მას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს იტალიასა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო კავშირებსა და ორი ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე, ინსტიტუციური და სამართლებრივი დიალოგის გაღრმავებასა და კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე.
ელჩი დ’ანტუონოს ვიზიტი ქ. ბათუმში გაგრძელდა სტუმრობით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც იტალიური ენა და კულტურა 2022 წლიდან ისწავლება. უნივერსიტეტის რექტორ ტიტე აროშიძესთან შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა და საუნივერსიტეტო განათლების სფეროში ერთობლივი პროექტები განიხილეს და აღნიშნეს იტალიური ენისა და კულტურისადმი სულ უფრო მზარდი ინტერესი. შემდეგ გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტის პროფესორებთან და სტუდენტებთან, რომელზეც ელჩმა ისაუბრა იტალიაში სწავლის შესაძლებლობებზე და აღნიშნა: „იტალიის საელჩო ძალისხმევას არ იშურებს განათლების დარგში კავშირების გასაღრმავებლად და ქართველი ახალგაზრდებისთვის იტალიაში სწავლისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობების აღმოსაჩენად“.
ელჩი დ’ანტუონო ეწვია ბათუმის სპორტის სასახლეს, სადაც შეხვდა ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატში მონაწილე იტალიელი სპორტსმენების დელეგაციასა და დელეგაციის ხელმძღვანელს ჯუზეპე მინისალეს და იტალიელ ძალოსნებს ამ მნიშვნელოვან სპორტულ შეჯიბრებაში წარმატება უსურვა.
დღის ბოლოს ელჩი დ’ანტუონო დაესწრო ფესტივალს “კლასიკური მუსიკის კონცერტებს ბათუმში”, რომელმაც ქართველ მსმენელს იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გამართული ორი კონცერტი შესთავაზა ცნობილი იტალიელი მუსიკოს-შემსრულებლების (მევიოლინე და დირიჟორი დამიანო ტონიეტის, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ბანდონეონისტად აღიარებული ფაბიო ფურიასა და სახელგანთქმული პიანისტი ალესანდრო მარანგონის) მონაწილეობით. ელჩმა დ’ანტუონომ იტალიასა და საქართველოს შორის კულტურის სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა და აღნიშნა: „ეს ფესტივალი შესანიშნავი შესაძლებლობაა ჩვენს ქვეყნებს შორის კულტურული დიალოგის წარმართვისთვის ისეთი უნივერსალური ენის მეშვეობით, როგორიც მუსიკაა“.
ბათუმიდან საქართველოს დედაქალაქში დაბრუნების შემდეგ, ელჩმა დ’ანტუონომ იტალიის საელჩოში უმასპინძლა იტალიელი სამხედროებს, რომლებიც საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის მიერ ქ. გორში ორგანიზებულ კადეტთა მეათე საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობენ.