ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

#SLIM2024, იტალიური ენის ოცდამეოთხე მსოფლიო კვირეული

locandina slim2024

14-20 ოქტომბერს მთელ მსოფლიოში აღინიშნება იტალიური ენის ოცდამეოთხე კვირეული, რომელიც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით ტარდება. ამ ყოველწლიურ ინიციატივას, რომლის მიზანი უცხოეთში იტალიური ენობრივი და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაა, დასაბამი 2001 წელს იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და კრუსკას აკადემიას შორის შეთანხმების საფუძველზე მიეცა, მოგვიანებით კი მას შვეიცარიის კონფედერაციაც შეუერთდა.

იტალიური ენის მსოფლიო კვირეული, რომლის თემა ყოველ წელს განსხვავებულია, დიდი წარმატებით სარგებლობს და მის ფარგლებში იმართება კონფერენციები, გამოფენები, შეხვედრები და საჯარო ლექციები. წლევანდელი კვირეულის თემაა „იტალიური ენა და წიგნი: სამყარო სტრიქონებს შუა“ და მისი მიზანია თანამედროვე სამყაროში ენასა და ლიტერატურის მნიშვნელობისა და იტალიური წიგნის, როგორც იტალიის ენობრივი და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის ინსტრუმენტის, როლის განსაზღვრა.

კვირეულთან დაკავშირებით კრუსკას აკადემიამ, გამომცემლობა goWare-თან თანამშრომლობით, გამოსცა როზარიო კოლუჩას მიერ მომზადებული წიგნი, რომელიც ხელმისაწვდომია ციფრულ ფორმატში.

იტალიის საელჩო საქართველოში გთავაზობთ მრავალფეროვან ღონისძიებებს, რომლებიც იტალიური ენის ოცდამეოთხე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში გაიმართება.

კვირეულის პროგრამა:

კვირეული დაიწყება 15 ოქტომბერს, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის მიერ ორგანიზებული ღონისძიებით, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (სტუ) ჩატარდება. ღონისძიებაზე, რომელსაც იტალიის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე დაესწრებიან, ოფიციალურად გაიხსნება სტუ-ს სტუდენტებისთვის იტალიური ენის უფასო კურსების მეორე ციკლი, რომელიც დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათაო ოფისის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ხორციელდება. ეს პროექტი დამატებით მუხტს შესძენს საქართველოში იტალიური ენის შესწავლასა და იტალიური ენობრივი მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.

16 ოქტომბერს იტალიური კულტურის ცენტრში გაიმართება იტალიის ელჩის დ’ანტუონოს შეხვედრა 2007 წელს დაფუძნებული და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული იტალიური კულტურის ცენტრის პროფესორ-მასწავლებლებთან. შეხვედრის შემდეგ ცენტრის ხელმძღვანელი, პროფ. ნოდარ ლადარია წაიკითხავს ლექციას “იტალიური წიგნი – ბიოგრაფიულ-ისტორიული მიმოხილვა”.

17 ოქტომბერს გაიმართება ღონისძიება „იტალიური წიგნი და იტალიელი ავტორები“, რომელზეც მომხსენებლებად წარსდგებიან იტალიური კულტურის ცენტრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები.

იტალიური ენის კვირეულის განმავლობაში საქართველოს 60-ზე მეტ საჯარო და კერძო ქართულ სკოლაში კვირეულის თემასთან დაკავშირებული გაკვეთილები და კონკურსები ჩატარდება. ქართულ-იტალიური განათლების ცენტრ „მინერვასთან“ თანამშრომლობით განხორციელებული სასკოლო აქტივობის დასასრულს, 18 ოქტომბერს, იტალიის საელჩოს და შვეიცარიის საელჩოს მიერ ორგანიზებული საზეიმო ღონისძიება გაიმართება, რომელზეც სასკოლო კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები პრიზებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

კვირეული განსაკუთრებული ღონისძიებით დასრულდება: იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჯო მატარელას მიერ მინიჭებული იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენი გადაეცემა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს ბერიკა შუკაკიძესა და ქართულ-იტალიური განათლების ცენტრი „მინერვას” ხელმძღვანელს მაია ჯიჯავას, იტალიური ენის პოპულარიზაციაში და ქართულ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში იტალიური ენის სწავლების განვითარებასა და გავრცელებაში შეტანილი წვლილისთვის. დაჯილდოებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე დაესწრება.

თვალყური ადევნეთ ჩვენს ინიციატივებს სოც. ქსელების მეშვეობით!