21 აგვისტოს დაიწყება სახელგანთქმული ქართველი მევიოლინე ლიანას ისაკაძის მიერ დაარსებული საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ღამის სერენადები”, რომელიც იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება და მუსიკის მოყვარულებს შესანიშნავ ღონისძიებებს სთავაზობს.
წლევანდელი, მე-16 მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს სამ ქალაქში გაიმართება კონცერტები ნიჭიერი იტალიელი მუსიკოსების მონაწილეობით. ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი ვირტუოზი ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი მონაწილეობას ორ კონცერტში მიიღებს: ფესტივალის გახსნით კონცერტზე, რომელიც 21 აგვისტოს ბორჯომში გაიმართება, იტალიელი მუსიკოსი, “საქართველოს ვირტუოზებთან” ერთად, ნინო როტას, კარლოს გარდელისა და ასტორ პიაცოლას ნაწარმოებებს შეასრულებს, 23 აგვისტოს კი, ბათუმში გამართულ კონცერტზე მსმენელს ნინო როტას, მაურიციო ლომარტირეს, ხალედ მუზანარისა და ასტორ პიაცოლას მუსიკას შესთავაზებს.
კონცერტზე, რომელსაც 15 სექტემბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი უმასპინძლებს, საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟორებს სახელგანთქმული იტალიელი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი, რომელიც ქართველმა მსმენელმა შარშან გაიცნო. კონცერტზე, რომლის სოლისტი ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი პიანისტი სანდრო ნებიერიძე იქნება, ოტორინო რესპიგისა და სერგეი რახმანინოვის ნაწარმოებები შესრულდება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ.