გრძელდება თანამშრომლობა საქართველოში იტალიის საელჩოსა და წინანდლის ფესტივალს შორის, რომელიც წელს 31 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, ცნობილი ქართველი მწერლის, თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ისტორიულ მამულში გაიმართება და ბრწყინვალე იტალიელი მუსიკოსების მონაწილეობით არაერთ შესანიშნავ ღონისძიებას უმასპინძლებს.
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონის ფარგლებში გაიმართება ორი კონცერტი ვაშინგტონის ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ციურიხის საოპერო თეატრის მუსიკალური დირექტორის, ლონდონის და ისრაელის სიმფონიური ორკესტრების მთავარი მოწვეული დირიჟორისა და წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორის, ჯანანდრეა ნოზედას მონაწილეობით.
ფესტივალის გახსნით კონცერტზე, რომელშიც მონაწილეობას იტალიელი სოპრანო ერიკა გრიმალდი მიიღებს, ჯუზეპე ვერდის “რეკვიემი” შესრულდება. ორკესტრს მაესტრო ნოზედა უდირიჟორებს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდს კი სპეციალურად ამ კონცერტისთვის მოამზადებს რობერტო გაბიანი, რომელიც 12 წლის მანძილზე მილანის ლა სკალას თეატრის გუნდს ხელმძღვანელობდა, ამჟამად კი არენა დი ვერონას გუნდის ქორმაისტერია.
იტალიელი დირიჟორის მონაწილეობით გამართულ მეორე კონცერტზე, რომელიც 3 სექტემბერს ჩატარდება, ჰენრიხ ვენიავსკისა და გუსტავ მალერის მუსიკა აჟღერდება.
ეს კონცერტები არაჩვეულებრივი საჩუქარია კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის, არ გამოტოვოთ!
ფესტივალის პროგრამის სანახავად დააჭირეთ აქ.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ.