16-22 ოქტომბერს მთელ მსოფლიოში აღინიშნება იტალიური ენის ოცდამესამე კვირეული, რომელიც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით ტარდება. ამ ყოველწლიურ ინიციატივას, რომლის მიზანი უცხოეთში იტალიური ენობრივი და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაა, დასაბამი 2001 წელს იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და კრუსკას აკადემიას შორის შეთანხმების საფუძველზე მიეცა, მოგვიანებით კი მას შვეიცარიის კონფედერაციაც შეუერთდა.
იტალიური ენის მსოფლიო კვირეული, რომლის თემა ყოველ წელს განსხვავებულია, დიდი წარმატებით სარგებლობს და მის ფარგლებში იმართება კონფერენციები, გამოფენები, შეხვედრები და საჯარო ლექციები. წლევანდელი კვირეულის თემაა “იტალიური ენა და მდგრადი განვითარება” და ის ეძღვნება იტალიის, როგორც გარემოსდაცვით საკითხებში მოწინავე ქვეყნის, ეკოლოგიური კულტურის პოპულარიზაციას იტალიური ენის მეშვეობით.
კვირეულთან დაკავშირებით კრუსკას აკადემიამ, გამომცემლობა goWare-თან თანამშრომლობით, გამოსცა მარკო ბიფის, მარია ვიტორია დელ’ანას და რიკარდო გუალდოს მიერ მომზადებული წიგნი, რომელიც უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი მთელი კვირეულის განმავლობაში ბმულზე: https://www.goware-apps.com/litaliano-la-sostenibilita-marco-biffi-maria-vittoria-dellanna-riccardo-gualdo-cura/
იტალიის საელჩო საქართველოში გთავაზობთ მრავალფეროვან ღონისძიებებს, რომლებიც იტალიური ენის ოცდამესამე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში გაიმართება.
კვირეულის პროგრამა:
17 ოქტომბერს, 15:00სთ-ზე, 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლაში გაიმართება დანტე ალიგიერის “ღვთაებრივი კომედიის” ქართული თარგმანის აუდიოდიოსკის პრეზენტაცია. აუდიოდისკი ბრაილის შრიფტით აწყობილი გარეკანით, რომელიც აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ “ჰერასთან” თანამშრომლობით და ჩვენი საელჩოს ხელშეწყობით შეიქმნა, უსინათლო ბავშვთა სკოლის მოსწავლეებს დაურიგდება.
17 ოქტომბერს, 18:00სთ-ზე, ჰიბრიდულ სასწავლო აუდიტორიაში, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წელს გაიხსნა, გაიმართება დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის მიერ ორგანიზებული გამოფენა “ეკოსიტყვები. კულტურა – მდგრადი ენერგიაა”. ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი „დანტე, პოეტის გადასახლება” ქართულენოვანი სუბტიტრებით, რომლებიც იტალიის საელჩოს ხელშეწყობით მომზადდა.
18 ოქტომბერს, 15:00სთ-ზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართება შეხვედრა ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამაში გამარჯვებულ სტუდენტებთან. პროგრამა საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრსა (IEC) და იტალიის უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს (CRUI) შორის 2018 წელს ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. ღონისძიებაზე ხელი მოეწერება მემორანდუმს განათლების საერთაშორისო ცენტრსა (IEC) და იტალიური ენისა და კულტურის ცენტრ “მინერვას” შორის.
20 ოქტომბერს, 14:00სთ-ზე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება უნივერსიტეტისა და იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული “იტალიური ფესტივალი”, რომელიც მოიცავს გამოფენას ეკოლოგიის თემაზე და კონცერტს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით.
21 ოქტომბერს, 14:00სთ-ზე, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, მსოფლიოში ყველაზე ძველი და ცნობილი მარიონეტების თეატრი “Carlo Colla & Figli” (მილანი, იტალია) გამართავს სპექტაკლს “Teste di legno” იმ ქართული სკოლების მოსწავლეებისთვის, სადაც იტალიური ენა ისწავლება.
22 ოქტომბერს, 15:00სთ-ზე, თელავის მე-4 საჯარო სკოლაში გაიმართება მარიონეტების თეატრი “Carlo Colla & Figli”-ს წარმოდგენა “Teste di legno” კახეთის რეგიონის იმ ქართული საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის, სადაც იტალიური ენა ისწავლება.
23 ოქტომბერს, 16:30სთ-ზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ტურინის უნივერსიტეტის პროფესორი ფრანკა ბოსკი და საბავშვო სიმღერის საერთაშორისო ფესტივალის “Zecchino d’Oro” წარმომადგენლები იტალიური ენის მასწავლებლებისთვის ჩაატარებენ მასტერკლასს თემაზე “სწავლება მუსიკის მეშვეობით”. ღონისძიების ორგანიზატორები არიან იტალიური ენისა და კულტურის ცენტრი “მინერვა”, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და იტალიის საელჩო საქართველოში.
23 ოქტომბერს, 20:00სთ-ზე, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში გაიმართება მულტიმედიური ალბომის პრეზენტაცია, რომელიც დანტეს გარდაცვალებიდან 700 წლისთავისთვის შექმნილ საბალეტო სპექტაკლს “ბეატრიჩე” ეძღვნება. სპექტაკლი გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის” მიერ, იტალიის საელჩოს ხელშეწყობით შეიქმნა, მუსიკა კი სახელგანთქმულმა იტალიელმა კომპოზიტორმა დარიო მარიანელიმ დაწერა.
24 ოქტომბერს, 18:00სთ-ზე, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ჩატარდება საბავშვო სიმღერის საერთაშორისო ფესტივალის “Zecchino d’Oro” ფინალი. ფესტივალი, რომლის საქართველოში ორგანიზატორები იტალიური ენისა და კულტურის ცენტრი “მინერვა”, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და იტალიის საელჩო არიან, საქართველოში პირველად იმართება და მასში მონაწილეობენ იმ ქართული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები, სადაც იტალიური ენა ისწავლება. ღონისძიებას ქ. ბოლონიის ანტონიანოს გუნდის წევრები დაესწრებიან.
25 ოქტომბერს, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში გაიმართება იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის “მინერვასა” და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თაოსნობით საქართველოს 60-ზე მეტ საჯარო და კერძო ქართულ სკოლაში განხორციელებულ სასკოლო აქტივობებში გამარჯვებულთა დაჯილდოება. გამარჯვებული მოსწავლეები და ყველაზე აქტიური მონაწილეები სამახსოვრო საჩუქრებს მიიღებენ.
ადევნეთ თვალყური ჩვენს ინიციატივებს სოც. ქსელების მეშვეობით!