ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ხელშემწყობი პოლიტიკის ფარგლებში მოქმედი შეთანხმების თანახმად, რომელიც ხელმოწერილია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციას (COTEC) შორის, და ასევე, შარშანდელი პროგრამის დიდი წარმატების შემდეგ (რომელიც ქართული ფეხბურთის ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მონაწილეობით ქ. ნეაპოლში გამართული ღონისძიებით დასრულდა: https://ambtbilisi.esteri.it/ambasciata_tbilisi/ka/ambasciata/news/dall_ambasciata/2022/12/grande-successo-per-l-evento-conclusivo.html), იტალიის საელჩო თბილისში წარმოგიდგენთ ახალ კონკურსს “STEM Study Visit”. კონკურსი გულისხმობს სამთვიან სასწავლო ვიზიტს იტალიაში, რომელიც განხორციელდება მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან 2024 წლის პირველ ნახევრამდე.
აღნიშნული კონკურსი შესანიშნავი შესაძლებლობაა ინოვაციებისა და ხელოვნური ინტელექტის, მწვანე და ლურჯი ეკონომიკის, კულტურული და კრეატიული ინდუსტრიების სფეროებით დაინტერესებული ორი ქართველი ახალგაზრდისთვის, რომელთა ასაკი 45 წელს არ აღემატება. კონკურსში გამარჯვებულებისთვის გათვალისწინებულია სასწავლო ვიზიტი კამპანიის რეგიონის ინოვაციურ ცენტრში, რომელიც ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახ. უნივერსიტეტის ტექნოპარკის ჰაბს წარმოადგენს და მისი სათაო ოფისი ქ. ნეაპოლში, სან-ჯოვანი-ა-ტედუჩოს რაიონში მდებარეობს. გამარჯვებულ ინოვატორებს შესაძლებლობა მიეცემათ, გამოცდილება მიიღონ სტარტაპებისა და იტალიური მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებაზე ორიენტირებულ საჯარო და კერძო სექტორში, ციფრული ინოვაციების, ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის, ფინანსების და სხვ. კუთხით.
ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდა ქართველი ინოვატორების გამოცდილების გამდიდრებას სამეცნიერო-ტექნიკური კვლევების სფეროში და იმ ერთობლივი პროექტების განხორციელების ხელშეწყობას, რომელთა მიზანია იტალიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერება. სწორედ ამ თანამშრომლობის გაფართოებას ეძღვნება იტალიური ინოვაციებისა და კვლევების დღე, რომელიც საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება (https://ambtbilisi.esteri.it/ambasciata_tbilisi/ka/ambasciata/news/dall_ambasciata/2022/05/italian-innovation-and-research.html) და წელს 21 აპრილს გაიმართება.
კონკურსთან დაკავშირებული დეტალები და შერჩევის კრიტერიუმები მოცემულია კონკურსის პირობებში. განაცხადის წარდგენის ვადაა ა.წ. 17 აპრილის 23:59სთ (საქართველოს დროით). საკონკურსო პირობებში მითითებული სფეროებით დაინტერესების გარდა, აუცილებელ პირობას ინგლისური ენის ცოდნა წარმოადგენს. პრიორიტეტულად ჩაითვლება იტალიური ენის ცოდნა და საუნივერსიტეტო განათლება (დამამთავრებელ კურსზე სწავლა ან დიპლომი) პროგრამული ინჟინერიისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგებში.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ იტალიის საელჩოს საქართველოში ელ. ფოსტის მისამართზე: primosegr.tbilisi@esteri.it და ასევე, იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციას (COTEC) და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA).