ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

2022, ღონისძიებები, რომლებიც იტალიის საელჩოს ორგანიზებით ან მხარდაჭერით გაიმართა

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე
იანვარი, თბილისი

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იტალიის საელჩომ საქართველოში, იტალიის რადიო-ტელევიზიასთან (RAI) თანამშრომლობით, კინოს მოყვარულებს შესთავაზა დოკუმენტური ფილმი “პრიმო ლევის თხილამურები”, რომელიც იტალიელ მწერალს, პოეტს, ქიმიკოსს, პარტიზანსა და ნაცისტების მიერ ებრაელების დევნის თვითმხილველს, პრიმო ლევის ეძღვნება.

e 1 giornata della memoria

 

 

„იტალიის ფრაგმენტები” თბილისში
მაისი, თბილისი

იტალიელი ფოტოგრაფის, სცენარისტის, თეატრისა და კინოს რეჟისორის, ჯონ რენდოლფ პეპერის ნამუშევრების გამოფენა “იტალიის ფრაგმენტები: 1970-2010”, რომელიც თბილისში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, “ქოლგა თბილისი ფოტო” ფესტივალის ფარგლებში გაიმართა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო შავ-თეთრი დოკუმენტური ფოტოკადრები, რომლებსაც “ქუჩის ფოტოგრაფიის” ოსტატი ორმოცი წლის განმავლობაში, იტალიაში მოგზაურობისას იღებდა.

e 2 kolga 2022 poster

 

 

გამოფენა “კრისტოფორო კასტელი და საქართველო” იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის აღსანიშნავად
მაისი – ივნისი, თბილისი
აგვისტო – ოქტომბერი, ვანი

იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით, იტალიის საელჩომ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით, გამართა გამოფენა “კრისტოფორო კასტელი და საქართველო”, რომელიც თეატინელ პატრს ეძღვნებოდა. კრისტოფორო კასტელიმ დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ევროპის კულტურული ოჯახისთვის უკეთ გაცნობის საქმეში და ფასდაუდებელი ისტორიული მემკვიდრეობა დაგვიტოვა – აქ გატარებული თითქმის ოცდახუთწლიანი პერიოდის განმავლობაში მან მეჩვიდმეტე საუკუნის საქართველოს ამსახველი ილუსტრირებული “დღიური” შექმნა.
ჯერ საქართველოს დედაქალაქში, შემდეგ კი კოლხეთის ანტიკურ ქალაქ ვანში წარმოდგენილი იყო ეთნოლოგიური და ისტორიული კუთხით უაღრესად საინტერესო 50 ნახატის რეპროდუქციისგან შემდგარი ექსპოზიცია (ორიგინალები პალერმოს მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში ინახება).
გარდა ამისა, იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში, იტალიის საელჩომ მოამზადა და გამოსცა კრისტოფორო კასტელისადმი მიძღვნილი წიგნი (იტალიურ, ქართულ და ინგლისურ ენებზე).

e 3 castelli banner

e 4 castelli libro

 

 

იტალიელი სტრიტ-არტისტი მატეო კაპობიანკო (Ufocinque) ქუჩის ხელოვნების ფესტივალზე “ნიკო”
მაისი, თბილისი

თბილისის საცხოვრებელ უბანში, ერთ-ერთი შენობის კედელს ახლა უკვე ნიჭიერი იტალიელი სტრიტ-არტისტის, Ufocinque-ის სახელით ცნობილი მატეო კაპობიანკოს ნახატიც ამშვენებს. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იტალიელი სტრიტ-არტისტის მონაწილეობა ქუჩის ხელოვნების ფესტივალში “ნიკო” იტალიის საელჩოს ხელშეწყობით განხორციელდა.

e 5niko fest

 

 

იტალიური ინოვაციებისა და კვლევების დღის აღნიშვნა საქართველოში
მაისი, თბილისი

ტრადიციულ ღონისძიებაში, რომლის მიზანია კვლევებისა და ინოვაციების დარგში იტალიური მიღწევების პოპულარიზაცია, იტალიის საელჩოს მხარდაჭრით იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ფონდსა (COTEC) და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა კონკურსი ქართველი ინოვატორებისთვის “STEM Study Visit”. ღონისძიებაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ სამხრეთ იტალიის წამყვანი ინოვატორები და აკადემიური თუ სამეწარმეო წრეების წარმომადგენლები, ორი ახალგაზრდა ქართველი ინოვატორი იტალიაში სამთვიანი სასწავლო ვიზიტით დაჯილდოვდა. დაჯილდოების შემდეგ, გაიმართა პრეზენტაცია ტექნოლოგიური განვითარების სტრატეგიების თემებზე და ინოვატორთა ინტერაქციული სესია “InnovItaly in Georgia”.

e 6 innovazioni e ricerche

e 7 innovazioni 1

e 8 innovazioni 3

 

 

იტალიური დიზაინის დღე საქართველოში
მაისი, თბილისი

იტალიის საელჩოსა და იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ITA) ორგანიზებით, იტალიური დიზაინისა და არქიტექტურის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული ტრადიციული ყოველწლიური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება თემაზე “განახლება: დიზაინი და ახალი ტექნოლოგიები უფრო ეკოლოგიური მომავლისთვის” მოიცავდა ვორქშოპს არქიტექტურისა და დიზაინის დარგების სპეციალისტების მონაწილეობით და სამ გამოფენას: იტალიის არქიტექტორთა ეროვნულ საბჭოსთან (CNAPPC) ერთად მომზადებულ ექსპოზიციას; სახელგანთქმული ჟურნალი „Domus”-ის ქართული გამოცემის მიერ მომზადებულ გამოფენას “Can History and The Future Cohabit?” და იტალიის საელჩოსა და დიზაინის ევროპული ინსტიტუტის (IED) მიერ ჩატარებულ კონკურსში “When Italian Design Meets Georgian Creativity” გამარჯვებული ქართველი დიზაინერების საავტორო პროექტების ექსპოზიციას.

e 9 idd

e 10 idd 2

 

 

იტალიის ეროვნული დღესასწაული თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში
ივნისი, თბილისი

იტალიის საელჩოსა და იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ITA) ორგანიზებით გამართულ იტალიის ეროვნული დღის აღმნიშვნელ საზეიმო წვეულებაზე მოსულ სტუმრებს უამრავი სიურპრიზი დახვდათ: სამი გამოფენა (იტალიის რეგიონების ხელოვნების, ადამიანებისა და ნაწარმის ამსახველი ფოტოსურათების გალერეა, დიზაინისა და ტექნოლოგიებისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია და გამოფენა ისტორიისა და მომავლის ურთიერთკავშირის თემაზე); ცნობილი იტალიელი მომღერლების, ვიტორიო ვიტელის, ლუჩანო განჩისა და იანო თამარ ალიბეგაშვილის მიერ შესრულებული ეროვნული ჰიმნები და ცნობილი საოპერო არიები; სახელგანთქმული იტალიური ენოგასტრონომიული პროდუქცია და მიშლენის ვარსკვლავით დაჯილდოებული ყველაზე ახალგაზრდა იტალიელი შეფ-მზარეულის, მატეო სივეროს სპეციალური მენიუ. დღესასწაულის ღამეს თბილისის სატელევიზიო ანძა იტალიის დროშის მწვანე, თეთრ და წითელ ფერებში აინთო.

e 11 festa nazionale 1

 

 

სახელგანთქმული იტალიელი მუსიკოსები საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალზე
ივნისი, თბილისი

მე-17 საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალის ფარგლებში, იტალიის საელჩოს ხელშეწყობით გაიმართა დაუვიწყარი საოპერო წარმოდგენა: არაჩვეულებრივი იტალიელი მომღერლების (ჯუზეპე ვერდის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ტენორი ლუჩანო განჩის, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სოპრანოდ აღიარებული იანო ალიბეგაშვილისა და პრესტიჟული კონკურსის Operalia-ს გამარჯვებული ბარიტონი ვიტორიო ვიტელის) მონაწილეობით შესრულდა დიდი იტალიელი კომპოზიტორის, პიეტრო მასკანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლირიკული ოპერა “სოფლის ღირსება”.

e 12 pasqua

 

 

იტალიური ჯაზი ფესტივალზე “თბილისი რიტმი”
ივნისი, თბილისი

იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გამართულ მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში “თბილისი რიტმი” ბრწყინვალე იტალიელი მუსიკოსებისგან შემდგარი ტრიო მონაწილეობდა: ქართველი მსმენელისთვის უკვე კარგად ნაცნობი, სახელგანთქმული სარდინიელი მესაყვირე პაოლო ფრეზუ; სიცილიელი პიანისტი დინო რუბინო, რომელსაც მუსიკალურმა კრიტიკოსებმა “ფორტეპიანოს პოეტი” (“un poeta al piano”) უწოდეს, და უამრავი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ვირტუოზი კონტრაბასისტი მარკო ბარდოშა.

e 13 concerto fresu

 

 

ფესტივალი “მწვანე საღამოები დავიწყებული ხილის ხეივანში”
ივნისი, თბილისი

ტონინო გუერას საერთაშორისო ფონდის ორგანიზებითა და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა პირველი ფესტივალი “მწვანე საღამოები დავიწყებული ხილის ხეივანში”, რომლის ფარგლებში გაიმართა სალენტოს ფოლკლორული მუსიკის კონცერტი “პიციკა – დედამიწის ხმა”. შოთა რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენაზე წარსდგნენ ხალხური ორკესტრის, “ტარანტას ღამეების” სოლისტი კონსუელო ალფიერი, მევიოლინე ვალენტინა მარა, გიტარისტი ჯუ დი მეო და პიციკას შემსრულებელი მოცეკვავე სტეფანია დელა ბონა.

e 14 festival serate verdi

 

 

იტალიელი მუსიკოსები ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების მე-9 საერთაშორისო ფესტივალზე
ივლისი, ბათუმი

ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც იუნესკოს მაღალი პატრონაჟით ყოველწლიურად ტარდება, არაჩვეულებრივი კონცერტით დასრულდა. იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გამართული კონცერტი იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავს მიეძღვნა და მასში მონაწილეობა უამრავ ეროვნულ თუ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული იტალიელი მუსიკოს-შემსრულებლების – საქსოფონისტი ალექს სებასტიანუტოსა და აკორდეონისტი სებასტიანო ძორძას – დუეტმა მიიღო.

e 15 batumi music fest poster

 

 

გამოფენა “იტალიური მარშრუტები. მთა, ალპინიზმი, კლიმატური ცვლილებები”
ივლისი – აგვისტო, თბილისი
აგვისტო – მესტია

კიდევ ერთი გამოფენა, რომელიც საქართველოს დედაქალაქში და, ასევე, რეგიონულ მუზეუმში გაიმართა: იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და არაკომერციული ასოციაცია “Macromicro”-ს თანამშრომლობით შექმნილი ექსპოზიცია, საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორ მუზეუმთან (იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმთან და სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმთან) თანამშრომლობით განხორციელდა და მნახველს დედამიწის ყველაზე მნიშვნელოვანი მთის სისტემების (მათ შორის, ალპების, კავკასიონის, ანდების და ჰიმალაის მთების) ამსახველი ისტორიული და თანამედროვე ფოტოსურათების შთამბეჭდავი გალერეა შესთავაზა.

e 16 italian routes

 

 

იტალიური მონაწილეობა საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალზე “თაობა”
სექტემბერი, თბილისი

საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალში „თაობა” მონაწილეობა მიიღო საბავშვო და ახალგაზრდული ფილმების სახელგანთქმული ფესტივალი “ჯიფონის” დირექტორმა იაკოპო გუბიტოზიმ და სამმა იტალიელმა მოზარდმა, გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში იტალიის საელჩოს ხელშეწყობით გაიმართა ცნობილი იტალიელი ინფლუენსერის, მატეო პელუზის მასტერკლასი.

e 17 festival taoba

 

 

თბილისში მილანის ლა სკალას ოპერის თეატრის კამერული ორკესტრი დაბრუნდა
სექტემბერი, თბილისი

30-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “შემოდგომის თბილისის” გახსნით კონცერტზე, რომელიც საქართველოში იტალიის საელჩოს ხელშეწყობით გაიმართა, ვირტუოზმა იტალიელმა მუსიკოსებმა სიმონიდე ბრაკონიმ და სუელა პიჩირიმ, მილანის ლა სკალას კამერული ორკესტრის შესანიშნავ მუსიკოსებთან ერთად, დვორჟაკის, მოცარტისა და ბოსის მუსიკალური ნაწამოებები შეასრულეს.

e 18 festival autumn tbilisi cameristi

 

 

იტალიური ფილმები ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე
სექტემბერი, ბათუმი

იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გამართულ ბათუმის საავტორო კინოს მე-17 საერთაშორისო ფესტივალზე (BIAFF), რომელიც საქართველოს კულტურული ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, წარმოდგენილი იყო ორი იტალიური კინოსურათი: “მშვიდობით, ლეონორა”, ცნობილი იტალიელი რეჟისორის, პაოლო ტავიანის პირველი ფილმი, რომელიც მან ძმის, ვიტორიოს გარდაცვალების შემდეგ გადაიღო, და იტალიელი რეჟისორისა და სცენარისტის, ფრანჩესკო კოსტაბილეს პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი “ერთი ქალი”.

e 19 biaff

 

 


ასტორ პიაცოლასადმი მიძღვნილი კონცერტი შესანიშნავი იტალიელი მუსიკოსების მონაწილეობით

სექტემბერი, თბილისი

პრესტიჟული საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადების” ფარგლებში იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა – მსმენელის წინაშე წარსდგა შესანიშნავი იტალიელი მუსიკოსების ტრიო: ბრწყინვალე პიანისტი გლორია კამპანერი, სანტა ჩეჩილიას ეროვნული აკადემიის ორკესტრის პირველი კლარნეტისტი ალესანდრო კარბონარე და ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი ვირტუოზი ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი.

e 20 serenate notturne poster

 

 

ენების ევროპული დღე
სექტემბერი, თბილისი

იტალიის საელჩო საქართველოში წელსაც ჩაერთო ენების ევროპული დღის აღნიშვნაში, რომელიც ევროპის ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების პოპულარიზაციის მიზნით, ყოველწლიურად ტარდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისა და კულტურის ინსტიტუტების (EUNIC) მიერ.
ქართული სკოლების მოსწავლეებთან გაიმართა საინტერესო დისკუსია, რომელიც დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში უცხო ენების ცოდნის მნიშვნელობას ეხებოდა.

e 21 eunic

 

 

საქველმოქმედო კონცერტი იტალიელი მუსიკოსების მონაწილეობით
სექტემბერი, თბილისი

ცნობილი მეცო სოპრანოს ნინო სურგულაძის მიერ ბავშვების დასახმარებლად დაარსებული საქველმოქმედო ფონდის “ნატვრის ხე” ორგანიზებით და იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი-მარათონი.
კონცერტში, რომელიც იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავს მიეძღვნა და ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში გადაიცა, ნინო სურგულაძის გარდა, მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა იტალიელმა საოპერო მომღერლებმა: კარლო ვენტრემ (ტენორი), ბარბარა ფრიტოლიმ (სოპრანო) და მასიმო კავალეტიმ (ბარიტონი). ორკესტრს დირიჟორობდა წარსულში სახელგანთქმული ტენორი, ამჟამად კი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იტალიელი დირიჟორი ჯუზეპე საბატინი.

e 21 concerto surguladze

 

 

ფოტოგრაფიის დიდოსტატების თვალით დანახული იტალია
სექტემბერი – ოქტომბერი, თბილისი

ერთ საგამოფენო სივრცეში თავმოყრილი იტალიური ფოტოგრაფიის 160 წლიანი ისტორია: გამოფენა „Italiae. ძმები ალინარებიდან თანამედროვე ფოტოგრაფიის ოსტატებამდე”, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და ალინარების ფოტოგრაფიის ფონდის ინიციატივით შეიქმნა, თბილისში კი იტალიის საელჩოს მიერ, ფესტივალ “ქოლგა თბილისი ფოტოსთან” თანამშრომლობით განხორციელდა.
საქართველოს დედაქალაქში წარმოდგენილი იყო 75 ფოტოგრაფის ფოტოარქივი, რომლებმაც განსხვავებული გამომსახველობითი ენითა და სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით იტალიის მრავალფეროვნება და მიმზიდველობა, მისი ბუნება, კრეატიულობა და ხალხი აღბეჭდეს.

e 22 italiae 1

 

ცნობილი იტალიელი ხელოვანი თბილისის ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე
ოქტომბერი, თბილისი

კიდევ ერთმა იტალიელმა სტრიტ-არტისტმა, ვესოდ ბრერომ, რომლის შეუდარებელმა მხატვრობამ მილანის, პადუას, ტურინსა და ბევრი სხვა ქალაქის ქუჩები დაამშვენა, კვალი საქართველოს დედაქალაქშიც დატოვა და, იტალიის საელჩოს ხელშეწყობით გამართული ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი Tbilisi Mural Fest-ის ფარგლებში, თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მდებარე შენობა მოხატა.

e 23 muralfest 1

 

 

სკარლატის პრემია თბილისის პიანისტთა VII საერთაშორისო კონკურსზე
ოქტომბერი, თბილისი

მუსიკალური ცხოვრების თერთმეტი დაძაბული დღე და თხუთმეტი ახალგაზრდა პიანისტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებმაც საშემსრულებლო ოსტატობა წარუდგინეს მსმენელსა და ცნობილი მუსიკოსებისაგან შემდგარ ჟიურის, რომელთა შორის ცნობილი იტალიელი პიანისტი და დირიჟორი ანდრეა ბონატაც გახლდათ.
თბილისის პიანისტთა VII საერთაშორისო კონკურსი გალა კონცერტით და გამარჯვებულთა დაჯილდოებით დასრულდა. კონკურსის საზეიმო დახურვაზე იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ ტრადიციული ფულადი ჯილდო გადასცა დომენიკო სკარლატის სონატის საუკეთესო შემსრულებელს, ახალგაზრდა კორეელ პიანისტს, კისუკ კვონს.

e 24 premio scarlatti

 

 

იტალიელი ვირტუოზი თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე
ოქტომბერი, თბილისი

თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალსა და პიანისტთა მე-10 საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში, იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა კონცერტი უამრავი ეროვნული და საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი პიანისტის, ლორენცოს დი ბელას მონაწილეობით. ლორენცო დი ბელა, შესანიშნავი მუსიკოსი და, ამავდროულად, სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა წლევანდელი კონკურსის ჟიურის წევრიც გახლდათ.

e 25 amirejibi festival 

 

 

იტალიური ენის ოცდამეორე მსოფლიო კვირეული
ოქტომბერი, თბილისი

იტალიური ენის 22-ე მსოფლიო კვირეული, რომელიც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და კრუსკას აკადემიას ინიციატივით იმართება, წელს ახალგაზრდების წერითი და სამეტყველო კომუნიკაციის ფორმებზე ციფრული ტექნოლოგიების გავლენასა და ამ გავლენის შედეგად, იტალიური ენის ცვლილებასა და განვითარებას ეძღვნებოდა.
კვირეულის ფარგლებში იტალიის საელჩოს ორგანიზებით, კოორდინირებითა და ხელშეწყობით უამრავი ღონისძიება გაიმართა, მათ შორის:

  • “თბილისის დანტე ალიგიერის საზოგადოებასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის” ხელმოწერა და ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია, რომელიც სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის იტალიური ენის უფასო სასწავლო კურსების ორგანიზებას ითვალისწინებს;
  • იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის “მინერვას” მიერ ორგანიზებული სემინარი იტალიის უმაღლესი განათლებისა და კვლევების ფონდის ინსტიტუტი “Teseo”-ს ორი პროფესორის მონაწილეობით;
  • კონკურსები კვირეულის თემისადმი მიძღვნილი ნახატებისა და კომიქსების შექმნაზე და გამარჯვებულთა დაჯილდოება;
  • იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის “მინერვას” კოორდინირებით, გაკვეთილები და ინტერაქტიური ღონისძიებები კვირეულის თემაზე;
  • იტალიის საელჩოს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და იტალიური ენისა და კულტურის ცენტრი “მინერვას” მიერ ერთობლივად გამოვლენილი იტალიური ენის საუკეთესო მასწავლებლის დაჯილდოება, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დაესწრო.

 

e 27 settimana della lingua 1

 

 

კარლო გოლდონის “სასტუმროს დიასახლისი” თბილისის თეატრალურ სცენაზე
ნოემბერი, თბილისი

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების 25-ე საერთაშორისო ფესტივალის “საჩუქარი” ფარგლებში, რომელიც იტალიის საელჩოს ხელშეწყობით გაიმართა, წარმოდგენილი იყო მილანის თეატრალური დასი “Proxima Res”-ის სპექტაკლი – კარლო გოლდონის სახელგანთქმული და ყველასთვის საყვარელი კომედია “სასტუმროს დიასახლისი” (რეჟისორი: ანდრეა კიოდი).

e 26 la locandiera 1

 

 

პლატფორმა “Futures”-ის ფარგლებში გამართული პირველი შეხვედრა იტალიური ჟურნალის “Domus”-ის რედაქტორის, ვალტერ მარიოტის მონაწილეობით
ნოემბერი, თბილისი

არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში პრესტიჟული იტალიური ჟურნალი “Domus”-ის ქართულმა გამოცემამ, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის რეგიონის ქვეყნებში პირველი გამოცემაა, საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, პლატფორმა “Futures”-ის ფარგლებში პირველი შეხვედრა გამართა. ინტერაქტიული დიალოგისთვის შექმნილი პლატფორმის მიზანია, გააერთიანოს კულტურის, არქიტექტურისა და დიზაინის დარგების სპეციალისტები, სამოქალაქო საზოგადოებისა და ინსტიტუციების წარმომადგენლები ურბანული სივრცისა და საცხოვრებელი გარემოს ტრანსფორმაციისა და მდგრადობის თემებზე სასაუბროდ.

e 28 domus 1

e 29 domus

 

 

იტალიური სამზარეულოს მეშვიდე მსოფლიო კვირეული
ნოემბერი, თბილისი

იტალიური სამზარეულოს მეშვიდე მსოფლიო კვირეულის აღსანიშნავად იტალიის საელჩომ, იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტო ICE-ITA-სთან თანამშრომლობით, საინტერესო და დატვირთული პროგრამა მოამზადა:

  • პოლენცოს გასტრონომიულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორის ანდრეა პიერონის საჯარო ლექცია თემაზე “გასტრონომიული ცოდნის მნიშვნელობა მდგარი განვითარებისთვის: მეცნიერება, გემო და ბუნება” და პიემონტეს რეგიონისა და ტრადიციული ქართული ქვევრის ღვინოების დეგუსტაცია;
  • გემრიელი იტალიური ლიქიორი “Limoncello”-სადმი მიძღვნილი ღონისძიება სასტუმრო და რესტორაციის სფეროებში მომუშავე კომპანიებისთვის;
  • კულინარიული შოუ ახალგაზრდა მზარეული ალესანდრო სიმიოლის მონაწილეობით და ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოს გამორჩეული კერძების დეგუსტაცია;
  • იტალიური სამზარეულოს ნამდვილი ვარსკვლავის, „მიშლენოსანი” შეფ-მზარეული კარლო კრაკოს მიერ მომზადებული ვახშამი და ამ ღონისძიებისთვის სპეციალურად შექმნილი საავტორო მენიუ;
  • დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის მიერ ორგანიზებულ კონკურსში ,,მაკარონის ხელნაკეთობები” გამარჯვებულთა დაჯილდოება იტალიელი მზარეული ლუიჯი ტურსის მონაწილეობით და ხმელთაშუა ზღვისპირეთისთვის დამახასიათებელ კერძების დეგუსტაცია.

 

e 30 settimana della cucina 1

e 31 convegno pollenzo

e 32 orbeliani

e 33 tiramisu

 

 

იტალიური პროდუქციის წარმატება ტრადიციულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე, თბილისის ზამთრის გამოფენა-გაყიდვაზე
დეკემბერი, თბილისი

იტალიის საელჩომ წელსაც, საკუთარი სტენდის მეშვეობით, მონაწილეობა მიიღო საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (IWAG) ორგანიზებით გამართულ ზამთრის ტრადიციულ გამოფენა-გაყიდვაზე და მრავალრიცხოვანი დონორების მიერ გულუხვად მოწოდებული მრავალფეროვანი იტალიური ნაწარმი წარმოადგინა. გაყიდვიდან შემოსული თანხები სრულად მოხმარდება საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (IWAG) საქველმოქმედო პროექტებს.

e 34 christmas bazar

 

 

იტალიური ფილმები თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე
დეკემბერი, თბილისი

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც იტალიის საელჩოს ტრადიციული მხარდაჭერით გაიმართა, სექციაში “კინოს მეხსიერება” წარმოდგენილი იყო პიერ პაოლო პაზოლინის დაბადებიდან ასი წლისთავისადმი მიძღვნილი სამი იტალიური ფილმი (პიერ პაოლო პაზოლინის „მედეა” და „ოიდიპოს მეფე” და ჯუზეპე ბერტოლუჩის დოკუმენტური ფილმი “პაზოლინის მრისხანება”), სექციაში „ევროპული ფორუმი” კი წარმოდგენილი იყო პაოლო ტავიანის ფილმი “მშვიდობით, ლეონორა”.

e 35 tiff

 

 

საფოსტო მარკა იტალიასა და საქართველოს შორის მეგობრობის აღსანიშნავად
დეკემბერი, რომი, თბილისი

იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის აღნიშვნა არაჩვეულებრივი ერთობლივი ინიციატივით დასრულდა: დაიბეჭდა და მიმოქცევაში ჩაეშვა ორი საიუბილეო საფოსტო მარკა. როგორც იტალიის საწარმოებისა და იტალიური პროდუქციის სამინისტროს მიერ მომზადებულ მარკაზე, ასევე, საქართველოს ფოსტის მიერ გამოშვებულ მარკაზე, გამოსახულია მეჩვიდმეტე საუკუნის იტალიელი ბერის, კრისტოფორო კასტელის მიერ დახატული ბიჭვინთის ტაძარი (ამჟამად ეს ნახატი ქ. პალერმოს ლეონარდო შაშას სახელობის მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში ინახება). კრისტოფორო კასტელიმ, რომელმაც საქართველოში თითქმის ოცდახუთი წელი დაჰყო და დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ევროპის კულტურული ოჯახისთვის უკეთ გაცნობის საქმეში.

poste

e 37 castelli francobollo geo