Questo sito utilizza cookies tecnici (necessari) e analitici.
Proseguendo nella navigazione accetti l'utilizzo dei cookie.

იტალიური ენის საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოება

დასრულდა იტალიური ენის მსოფლიო კვირეული, რომელიც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით ყოველწლიურად ტარდება. გუშინ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა იტალიური ენის საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონია. ჯილდო, რომელიც საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოში იტალიის საელჩოსა და იტალიური ენისა და კულტურის ცენტრ “მინერვა”-სთან პარტნიორობით დაწესდა, საუკეთესო მასწავლებლებს პროფესიული უნარების გამოვლენისა და იტალიური ენის სწავლების ეფექტური მეთოდების გამოყენებისთვის გადაეცა.

მრავალრიცხოვან სტუმრებს მიესალმნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოში იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო და საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე.

“ეს ჯილდო საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში იტალიური ენის სწავლების დანერგვის გრძელი და შრომატევადი პროცესის წარმატებული დაგვირგვინებაა. ამ პროცესის შედეგები ძალიან შთამბეჭდავია – ამჟამად იტალიურ ენას საქართველოს 52 სკოლაში 6500-მდე მოსწავლე ეუფლება. დაჯილდოებულმა მასწავლებლებმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს იტალიური ენისადმი ინტერესის გაღვივებაში და მე იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ჯილდო ხანგრძლივ და ლამაზ ტრადიციად იქცევა. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და იტალიური ენისა და კულტურის ცენტრ “მინერვა”-ს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში იტალიური ენის სწავლების დანერგვაში შეტანილი წვლილისთვის”, – აღნიშნა იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ.

premio 7