17 ოქტომბრიდან მთელ მსოფლიოში აღინიშნება იტალიური ენის ოცდამეორე კვირეული, რომელიც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია იტალიური ენობრივი და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია უცხოეთში. ინიციატივას დასაბამი 2001 წელს იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და კრუსკას აკადემიას შორის შეთანხმების საფუძველზე ჩაეყარა, მოგვიანებით კი მის აღნიშვნას შვეიცარიის კონფედერაციაც შეუერთდა.
წლევანდელი კვირეული, რომლის თემაა “იტალიური ენა და ახალგაზრდები”, ეძღვნება იმ გავლენის კვლევას, რომელსაც თანამედროვე ახალგაზრდული მეტყველება და სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებები ახდენს ენისა და ქვეყნის იმიჯის განვითარებაზე.
13 ოქტომბერს 11:00სთ-ზე (იტალიური დროით) იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროში გაიმართება იტალიური ენის ოცდამეორე მსოფლიო კვირეულის საპრეზენტაციო ღონისძიება, რომელსაც შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ სამინისტროს Youtube არხის მეშვეობით.