ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

იტალიური სამზარეულოს მეექვსე მსოფლიო კვირეული

იტალიის საელჩო საქართველოში, იტალიური ნაწარმის (made in Italy) პოპულარიზაციისკენ მიმართული საქმიანობის ფარგლებში, მოხარულია წარმოგიდგინოთ იტალიური სამზარეულოს მეექვსე მსოფლიო კვირეული, რომელიც დღეს იწყება და 28 ნოემბრამდე გაგრძელდება. წლევანდელი კვირეული, იტალიური სამზარეულოს ტრადიციებისა და სამომავლო პერსპექტივების გარდა, ისეთ თემებსაც მოიცავს, როგორიცაა ბიომრავალფეროვნება და ეკოლოგიური კვებითი კულტურა. გულითად მადლობას ვუხდით ჩვენს მრავალრიცხოვან პარტნიორებს, საჯარო და კერძო კომპანიებს, რომელთა მეშვეობით საშუალება გვეძლევა, ქართულ საზოგადოებას წარვუდგინოთ იტალიური ენოგასტრონომიული ნაწარმის არა მხოლოდ კვებითი ღირებულებები, არამედ სამეცნიერო და კულტურული ასპექტებიც. გასული წლების მსგავსად, განსაკუთრებული ყურადღება ხმელთაშუა ზღვის დიეტის უნიკალურ გემოებს დაეთმობა, რომელიც მთელ მსოფლიოში დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ნიმუშადაა აღიარებული.

ჩვენი მენიუ: ღონისძიებები, რომლებიც კვირეულის ფარგლებში გაიმართება:

  • პოლენცოს გასტრონომიულ მეცნიერებათა უნივერსიტეტსა და საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც პროექტის „გემოს კიდობანის” განხორციელებას უკავშირდება, ჩატარდება სემინარი კვებითი ბიომრავალფეროვნების თემაზე, სემინარის დასასრულს კი გაიმართება პიემონტეს რეგიონის ტრადიციული კერძებისა და სასმელების დეგუსტაცია. სემინარი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება, როგორიცაა საკვები რესურსების ცოდნა და ამ რესურსების მოფრთხილება, გარდა ამისა, საუბარი იქნება იტალიურ გამოცდილებაზე, რომლის გამოყენება შესაძლებელია ქართული მრავალფეროვანი გასტრონომიული მემკვიდრეობის დაცვისთვის.
  • საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიული აკადემიის სტუდენტებისა და მომავალი მზარეულებისთვის გაიმართება მასტერკლასი ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი კვების თემაზე. მასტერკლასს გაუძღვება მიშლენის ვარსკვლავით დაჯილდოვებული ყველაზე ახალგაზრდა იტალიელი შეფ-მზარეული მატეო სივერო და დამსწრეებს სპეციალურ მენიუს – ტრადიციული გლეხური კერძების რეცეპტების საკუთარ ვერსიას – შესთავაზებს.
  • კვირეულის ფარგლებში გაიმართება დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის მიერ ორგანიზებული კონკურსი ,,მაკარონის ხელნაკეთობები”. კონკურსის სამ საუკეთესო მონაწილეს იტალიის საელჩო დააჯილდოვებს იმ მაღაზიების ვაუჩერებით, სადაც იტალიური საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი და აქსესუარებია წარმოდგენილი.
  • იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ICE-ITA) თბილისის წარმომადგენლობის ხელშეწყობით გაიმართება ღონისძიება „Spirits Italiani” ალკოჰოლური სასმელების სფეროში მომუშავე კომპანიებისთვის, რომელზეც წარმოდგენილი იქნება სახელგანთქმული იტალიური კოქტეილები, სპრიციდან ნეგრონიმდე.
  • მთელი კვირეულის განმავლობაში იტალიური კერძების მოყვარულებს ელით ჩვენი პარტნიორების მიერ მომზადებული სპეციალური მენიუ და სხვადასხვა შემოთავაზებები.
  • ჩვენს სოც. ქსელებში გაგრძელდება რუბრიკა #Italiaincucina, რომელიც ტრადიციული იტალიური კერძების შექმნის ისტორიასა და მომზადების წესებზე მოგითხრობთ.

გარდა ამისა, შემოგთავაზებთ ენების ევროპულ დღის (EDL) ფარგლებში გამართული კულინარიული გადაცემის სრულ ვერსიას, იტალიის ელჩის მოადგილე ნიკოლა იორიოსა და იტალიელი შეფ-მზარეული ენცო ნერის მონაწილეობით. მონაწილეებმა გადაცემის მსვლელობისას მოამზადეს შემოდგომისთვის დამახასიათებელი კერძი, უგემრიელესი ტალიატელე სოკოთი (tagliatelle ai funghi). გადაცემის თემა კი გახლდათ იტალიური ენის პოპულარიზაციაში საელჩოს ძალისხმევა და იტალიური ენის მეშვეობით ჩვენი სამზარეულოს წარმოჩინება.