ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

ანტიკური რომის შთამბეჭდავი მოზაიკა თბილისში

2019 წლის 10 ოქტომბრიდან 10 დეკემბრამდე საქართველოს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობს გამოფენას, რომელზეც წარმოდგენილია შთამბეჭდავი მოზაიკა კაპიტოლიუმის მუზეუმებიდან.

ექსპოზიცია ჩართულია იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროგრამაში #Vivere ALL’italiana, რომლის ფარგლებში ჩვენმა საელჩომ მთელი რიგი მაღალი დონის კულტურული ღონისძიებები წარმოადგინა. ეს ექსპოზიცია ხორციელდება Roma Capitale-ს (იტალიის დედაქალაქის მუნიციპალური ტერიტორიის) კულტურის განვითარების ხელშეწყობის სამსახურისა და კაპიტოლიუმის კულტურული მემკვიდრეობის ზედამხედველობის დეპარტამენტის საქმიანობის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას. ექსპოზიცია, რომელიც ბულგარეთსა და სომხეთშიც გაიმართა, კომპანია Glocal Project Consulting-ის საორგანიზაციო მხარდაჭერით ხორციელდება. გამოფენის სამეცნიერო ასპექტებს კურირებს კაპიტოლიუმის კულტურული მემკვიდრეობის ზედამხედველობის დეპარტამენტი, გამოფენის კურატორები კი კლაუდიო პარიზი პრეზიჩე და ნადია ანიოლი არიან.

11 mosaico policromo parietale con nave e faro
კედლის პოლიქრომული მოზაიკა ხომალდისა და შუქურის გამოსახულებით
ახ.წ. II საუკუნის დასასრული – III საუკუნის დასაწყისი

ქ. რომის მერის, ვირჯინია რაჯის თქმით, “ყოველთვის დიდი პატივია, წარმოვადგინოთ ერის იდენტობა და სილამაზე. კაპიტოლიუმის მუზეუმებში დაცული მოზაიკა, რომელიც თბილისში წარსდგება, ჩვენი წარსულის ხელშესახები კვალი და მემკვიდრეობის ნაწილია. ჩვენ ამ მემკვიდრეობაზე უნდა ვიზრუნოთ და დავიცვათ, რათა მომდევნო თაობებს შევუნახოთ. მოზაიკის თითოეული ფილა განსხვავდება ზომით, ფორმითა და ფერით, მაგრამ ამ ფილების ერთობლიობა ანტიკურ ხანასა და ჩვენს წარსულზე მოგვითხრობს და დამთვალიერებელს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩვენი ქალაქის მდიდარ და გასაოცარ ისტორიას გაეცნოს“. “მოზაიკა დიპლომატიას ჰგავს, მეგობრობის განმტკიცებისა და ახალი თანამშრომლობის განვითარებისთვის ქვეყნებს შორის ურთიერთობათა განსხვავებული ასპექტების თავმოყრის ხელოვნებას. #VivereALL’italiana-ს მიზანია, ჩვენს მეგობრებს ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი რამ გავუზიაროთ: სილამაზე, კულტურა, ცოდნა, უძველესი ფასეულობები და ანტიკური საგანძური – ის ყველაფერი, რაც მომავალს უყრის საფუძველს“, – განმარტავს იტალიის ელჩი ანტონიო ბარტოლი. “ამა თუ იმ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა არა მხოლოდ მისი, არამედ მსოფლიოს საკუთრებაა. თავის დროზე ჯერ რომაულმა, შემდეგ კი იტალიურმა კულტურამ მსოფლიო ხელოვნებაში უდიდესი გარდატეხა შეიტანა, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის იმ ფაქტს, რომ ბოლო წლებია იტალიური ხელოვნების ნიმუშების ხილვის შესაძლებლობა ქართველ დამთვალიერებელსაც მიეცა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ჩვენს იტალიელ მეგობრებს, ვინც ამ პროექტის განხორციელებაშია ჩართული და ხელს უწყობს იტალიური ხელოვნების უფრო ფართოდ წარდგენას ქართველი ერისთვის“, – ამბობს ქ. თბილისის მერი კახა კალაძე.

10 mosaico cornice di mosaico parietale con conchiglie
კედლის მოზაიკის ჩარჩო, გამოყვანილი ნიჟარებით
დაახლოებით ახ.წ. I საუკუნის შუახანები

გამოფენაზე წარმოდგენილია რომში აღმოჩენილი 21 მოზაიკა, რომლებიც ძვ.წ.აღ.II – ჩვ.წ.აღ.IV საუკუნეებით თარიღდება. ეს ნამუშევრები ზედმიწევნით ზუსტად ასახავს მოზაიკის ტექნიკის განვითარების ეტაპებს და ოსტატების შემოქმედებით თუ საშემსრულებლო უნარებს. გარდა ამისა, ამ ნამუშევრებში ნათლად ჩანს, თუ როგორ იცვლებოდა დამკვეთების გემოვნება და მოდა რომის რესპუბლიკური ხანიდან გვიანდელი იმპერიის პერიოდამდე.

მოზაიკა ფართოდ გავცელებული ხელოვნება გახლდათ და გამოიყენებოდა რომის შეძლებული და საშუალო ფენის მოქალაქეთა საცხოვრებლების კედლებისა და იატაკის მოსართავად, ასევე, ამშვენებდა საზოგადოებრივ თუ დასაკრძალავ ნაგებობებს. ამიტომაცაა, რომ მოზაიკა ასახავს ანტიკური რომის საზოგადოებასა და მის წეს-ჩვეულებებს. დახვეწილი ორნამენტებით და მდიდარი დეკორით შემკული მოზაიკა გვაფიქრებინებს იმდროინდელ “გლობალიზებულ სამყაროზე”, რომელშიც ერთი და იგივე მოდელი ერთმანეთისგან ათასობით კილომეტრით დაშორებულ ადგილებში გამოიყენებოდა. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ეძლევა, იხილოს ყველანაირი ტექნიკის ნიმუში და მრავალფეროვანი დეკორატიული მოტივები, აღმოაჩინოს ანტიკური ხელოვნების სიახლოვე თანამედროვე ხელოვნებისა და გრაფიკული დიზაინის კონცეფციებთან.

17 mosaico policromo con personificazione del mese di maggio
პოლიქრომული მოზაიკა მაისის თვის პერსონიფიკაციის გამოსახულებით
ახ.წ IV საუკუნის მეორე ნახევარი

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ვრცელი და დეტალური საილუსტრაციო მასალა და ტაბლეტზე ჩატვირთული მულტიმედიური გზამკვლევი ხელს უწყობს მოზაიკის სხვადასხვა ტიპისა და ტექნიკის, ასევე, ნამუშევრის კომპოზიციური სქემისა და იმ მრავალიცხოვანი დეკორატიული ელემენტის უკეთ აღქმას, როგორიცაა: გეომეტრიული თუ ფოთლოვანი ორნამენტები, მითოლოგიური ეპიზოდები და პერსონაჟები, რეალური ცხოვრებიდან აღებული თუ სიმბოლური დატვირთვის მქონე სცენები. გამოფენის იმერსიული მოწყობა, რომელიც კომპანია Ebag-მა განახორციელა, მნახველს შესაძლებლობას აძლევს შეიგრძნოს რომაული საცხოვრებლის ატმოსფერო და უკეთ დაინახოს, თუ როგორ იყო განლაგებული ძველად ის მოზაიკა, რომელიც ამჟამად თბილისშია წარმოდგენილი.

შერჩეული ნამუშევრები, რომელთა შორისაა იატაკისა და კედლის უძველესი მოზაიკის ნიმუშები, წარმოადგენს კაპიტოლიუმის უაღრესად პრესტიჟული კოლექციის ნაწილს, რომელიც იქმნებოდა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან მეოცე საუკუნის პირველ წლებამდე. ნამუშევრები მას შემდეგ შეგროვდა, რაც რომი იტალიის სამეფოს ახალ დედაქალაქად გამოცხადდა (1870წ.) და ქალაქში მასშტაბური მშენებლობები და გათხრები დაიწყო, რომლის დროსაც დიდი რაოდენობით არტეფაქტი იქნა აღმოჩენილი.

21 mosaico policromo ottagonale con pavoni
რვაკუთხა პოლიქრომული მოზაიკა ფარშევანგის გამოსახულებით

ახ.წ. II საუკუნე

გამოფენა “ანტიკური რომის ფერები. მოზაიკა კაპიტოლიუმის მუზეუმებიდან” გაიხსნება 9 ოქტომბერს, 18:30 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმში და მის გახსნას საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან. გამოფენა იმართება იტალიური კულტურული ღონისძიებების ფარგლებში, რომლებიც საქართველოს დედაქალაქში იტალიის საელჩოსა და საქართველოს მთავრობას შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად ხორციელდება და ღია იქნება მნახველისთვის 10 ოქტომბრიდან 10 დეკემბრამდე.

დეტალური ინფორმაცია გამოფენისა და ექსპონატების შესახებ:

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები

რომი, დროის აღქმა და ყოველდღიურობა

რომაული საცხოვრებლები – „დომუსები” და დეკორატიული მოზაიკა

ანტიკური რომის სუფრის ტრადიციები

აბანოები და სხეულზე ზრუნვა

ტანისამოსი

 

სტატიები და სიუჟეტები:

კვირა – სტატია, 08.10.2019
Agenda.Ge – სტატია, 08.10.2019
საქართველოს ეროვნული მუზეუმი – სტატია, 08.10.2019
რადიო Jako FM – სტატია, 08.10.2019
ტვ საზოგადოებრივი მაუწყებელი – სტატია, 08.10.2019
Allart – სტატია, 08.10.2019
ეSპერსონა – სტატია, 08.10.2019
იმედინიუსი – სტატია, 09.10.2019
Eventbrite – სტატია, 09.10.2019
იმედინიუსი – სტატია, 09.10.2019
Georgia Today – სტატია, 09.10.2019
Sputnik-Georgia – სტატია, 09.10.2019
ტვ იმედი – სიუჟეტი, 09.10.2019
ტვ საზოგადოებრივი მაუწყებელი – II სტატია, 09.10.2019
ტვ საზოგადოებრივი მაუწყებელი – I სიუჟეტი, 09.10.2019
Ttimes – სტატია, 09.10.2019
NewsGeorgia – სტატია, 09.10.2019
ქ. რომის მუნიციპალიტეტი – პრესრელიზი, 09.10.2019
Lavoro lazio – სტატია, 09.10.2019
კაპიტოლიუმის მუზეუმები – პრესრელიზი, 10.10.2019

ტვ რუსთავი 2 – სიუჟეტი, 10.10.2019
ტვ საზოგადოებრივი მაუწყებელი – II სიუჟეტი, 09.10.2019
Roma Daily News – სტატია, 10.10.2019
Art Georgia – სტატია, 10.10.2019
ტვ პირველი – სიუჟეტი, 10.10.2019