გამოფენა და სემინარი იტალიელი და ქართველი არქიტექტორების მონაწილეობით
“იტალიური დიზაინის დღესთან” დაკავშირებით 20 მარტს თბილისში, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში (სიონის ქ. 8) გამოფენა და სემინარი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას იტალიელი და ქართველი არქიტექტორები მიიღებენ (დასაწყისი: 10:00სთ).
დიზაინი ერთ-ერთ მთავარი მიმართულებაა, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივის “Vivere All’Italiana” (“იცხოვრე იტალიური ცხოვრების წესით”) პოპულარიზაციას ემსახურება. ეს ინიციატივა საელჩოების, საკონსულოებისა და მთელ მსოფლიოში არსებული იტალიური კულტურის ცენტრების მეშვეობით ხორციელდება. იტალიური გამოცდილების გასაზიარებლად, “იტალიური დიზაინის დესპანად” წოდებული ასობით იტალიელი არქიტექტორი, მეწარმე, ჟურნალისტი და დიზაინერი მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნებში იტალიური დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.
წლევანდელი “იტალიური დიზაინის დღის” თემაა კავშირი დიზაინსა და მომავლის ქალაქებს შორის და დიზაინის როლი (როგორც დარგის, რომელსაც ეკოლოგიური და ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავება ეკისრება თანამედროვე ქალაქების “ჭკვიან ქალაქებად” გარდაქმნის პროცესში). ეს თემა წლევანდელი, 22-ე საერთაშორისო გამოფენის “Triennale di Milano” და ავეჯის 58-ე საერთაშორისო გამოფენის “Salone del Mobile” მთავარი თემაცაა.
ღონისძიების “არქიტექტურა, დიზაინი და მომავლის ქალაქი” ორგანიზატორია იტალიის საელჩო საქართველოში, იტალიის არქიტექტორების, დამპროექტებლებისა და ლანდშაფტის არქიტექტორების ეროვნულ საბჭოსთან, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და თავისუფალ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. ღონისძიების მიზანია წარმოაჩინოს ის იდეები, პროექტები და გადაწყვეტილებები, რომლებიც საინტერესო და მნიშვნელოვანია ქალაქში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და მომავლის ქალაქებზე მსჯელობის ხელშეწყობის კუთხით.
გამოფენა “Italian Architecture Prize 2018”, რომელიც სემინართან ერთად გაიხსნება, ღია იქნება მნახველისთვის 2019 წლის 30 მარტამდე.
სემინარი, რომლის სამი ნაწილი თანამედროვე იტალიურ არქიტექტურას, “ჭკვიან ქალაქებსა” და რესტავრაციას ეძღვნება, დაიწყება იტალიის ელჩის ანტონიო ბარტოლის, იტალიის არქიტექტორების ეროვნული საბჭოს წევრის, პროფ. ლივიო საკისა და თავისუფალი უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის ხელმძღვანელის, პროფ. ჯესი ვოგლერის მისასალმებელი სიტყვით.
პირველ ნაწილში მონაწილეობას მიიღებენ იტალიის არქიტექტურული პრემიით დაჯილდოებული არქიტექტორები: ფრანჩესკო მანიანი (არქიტექტურის, ურბანული განვითარებისა და დიზაინის დარგში მომუშავე საერთაშორისო ბიურო MAP Studio) რამოდენიმე პროექტს წარადგენს, მათ შორის, ვენეციის არსენალის “Torre di Porta Nuova”-ს რესტავრაცია-აღდგენის პროექტს, 2018 წელს იტალიის არქიტექტურული პრემიით დაჯილდოებული ვენეციის ტრამვაის პლატფორმისა და ვენეციის არქიტექტურის ბიენალეს საგამოფენო პავილიონის პროექტებს. სტეფანო რაგაცო (იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, საბერძნეთში, უკრაინაში, პორტუგალიასა და ჰოლანდიაში განხორციელებული მრავალრიცხოვანი პროექტების ავტორი არქიტექტორების ჯგუფი Orizzontale) თავის მოხსენებაში “საერთო სივრცეთა აგება” მოგვითხრობს კავშირზე ადამიანსა და მის გარშემო არსებულ ურბანულ პეიზაჟს შორის და, ასევე, ქალაქის მაცხოვრებლებსა და ქალაქის ადმინისტრაციებს შორის ახალი ტიპის თანამშრომლობაზე.
სემინარის მეორე ნაწილში მონაწილეობას მიიღებს მილანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დიზაინის ფაკულტეტის დოცენტი ბარბარა კამოჩინის პრეზენტაციით “The city that talks”, რომელიც ეხება თანამედროვე ინტერიერების ფუნქციურ სივრცეებად გარდაქმნის პროცესებსა და ურბანული განვითარების ახალ ტენდენციებს. მაურო ანუნციატო (ENEA) ისაუბრებს ევროპასა და იტალიაში არსებულ “ჭკვიან ქალაქებზე”, ქალაქის მონაცემთა მართვაზე, ქალაქის განახლებაზე, გარე განათებასა და “ჭკვიან” სერვისებზე, ასევე, ურბანული ინფრასტრუქტურების კვლევასა და მონიტორინგზე.
სემინარი დასრულდება პროფ. ლივიო საკის მოხსენებით “რესტავრაცია: ეთიოპიის არქიტექტურული მემკვიდრეობა”, რომელიც ეხება ეთიოპელი და იტალიელი მეცნიერების, ტექნიკოსებისა და ხელოსნების ერთობლივი მუშაობის შესანიშნავ შედეგს: იმპერატორ იოჰანეს IV-ის სასახლისა და იმპერატორ მენელიკ II-ის სასახლის რესტავრაციას ადის-აბებაში.
ამ ღონისძიებაზე, ისევე, როგორც სემინარზე “როგორ შეიძლება ძველი ქალაქი ჭკვიან ქალაქად იქცეს“, იტალიელი ექსპერტები საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ქართველ პარტნიორებს გაუზიარებენ.
სტატიები და სიუჟეტები:
Marketer – სტატია, 19.03.2019
ON.GE – სტატია, 19.03.2019
ტვ საზოგადოებრივი მაუწყებელი – სიუჟეტი, 20.03.2019
The Messenger – სტატია, 21.03.2019