იტალიური ენა და ინტერნეტი, ქსელები იტალიური ენისთვის
რა არის იტალიური ენის კვირეული?
15-21 ოქტომბერს მთელ მსოფლიოში აღინიშნება იტალიური ენის მეთვრამეტე კვირეული, რომლის მიზანია იტალიური ენობრივი და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია უცხოეთში. ინიციატივა, რომელსაც დასაბამი 2001 წელს იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და კრუსკას აკადემიას შორის შეთანხმების საფუძველზე მიეცა, ასევე შვეიცარიის კონფედერაციის მხარდაჭერით ხორციელდება. იტალიური ენის მსოფლიო კვირეული მზარდი წარმატებით სარგებლობს და მის ფარგლებში ჩატარებულ კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, ლექციებში, დახელოვნების კურსებსა თუ სხვა ღონისძიებებში საზოგადოების სულ უფრო ფართო წრეებია ჩართული.
წლევანდელი კვირეულის თემა
წლევანდელი კვირეულის თემაა “იტალიური ენა და ინტერნეტი, ქსელები იტალიური ენისთვის” და მისი მიზანია პროგრამული პლატფორმების მეშვეობით იტალიური ენის განვითარებისა და ინტერნეტთან დაკავშირებული სასწავლო-დიდაქტიკური პოტენციალის კვლევა. ამ თემამ უნდა დაგვაფიქროს იტალიური ენის ცვლილებასა და გამდიდრებაზე, რაც შესაძლებელია ახალი ტექნოლოგიების გავლენითა და ამ ტექნოლოგიების მიერ დანერგილი გამოხატვის ფორმების მეშვეობით. საქმე უაღრესად აქტუალურ თემას ეხება, რომელიც ღრმად შეისწავლის კავშირს ჩვენს ენასა და ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში არსებული ინფორმაციისა და სოციალური კომუნიკაციის ახალ ფორმებს შორის.
კვირეულის თემასთან დაკავშირებით კრუსკას აკადემიამ გამოსცა პროფ. ჯუზეპე პატოტასა და პროფ. ფაბიო როსის მიერ მომზადებული წიგნი.
კვირეულის აღნიშვნა საქართველოში
15 ოქტომბერი (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო)
სკოლების ქსელი
სკოლებს, სადაც იტალიური ენა ისწავლება, წელს კიდევ 20 ახალი სკოლა შეემატა
იტალიური ენის სწავლების პროგრამის პრეზენტაცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში
ქსელი მხოლოდ ციფრული არ არის. “მსოფლიო აბლაბუდა” იმ მრავალრიცხოვანი ქსელების ეფექტურობის გაძლიერებას ემსახურება, რომელსაც ადამიანები და ინსტიტუციები ქმნიან.
იტალიის საელჩო თბილისში და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კვირეულს გახსნიან ღონისძიებით, რომელიც მიზნად სწორედ ამ მნიშვნელოვანი შედეგის შეფასებას ისახავს. წლევანდელი წლიდან საქართველოს დედაქალაქის ოც (საჯარო თუ კერძო) სკოლაში იტალიური ენის სწავლება დაიწყო. ღონისძიებაზე, რომელიც 13:30სთ-დან 15:00სთ-მდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დარბაზში გაიმართება, ისაუბრებენ მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და იტალიის ელჩი ანტონიო ბარტოლი, სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსი, თბილისის 64-ე საჯარო სკოლის დირექტორი, ღონისძიებაში მონაწილე მასწავლებლები და მოსწავლეები. “იტალიის საელჩომ და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრომ ამ ინიციატივას მნიშვნელოვნად დაუჭირეს მხარი და დააფინანსეს მასწავლებლები და სახელმძღვანელოები. ასევე, გრძელდება ჩვენი მხრიდან სკოლა “ცისკარის” საქმიანობის ხელშეწყობა, სადაც შარშან ორენოვანი სექტორი ამოქმედდა“, – ამბობს ელჩი ბარტოლი, – “ეს წინგადადგმული ნაბიჯია ენის პოპულარიზაციისთვის, რომელიც არა მხოლოდ გვაახლოებს მრავალსაუკუნოვან კულტურასთან, არამედ წარმოადგენს სამუშაო ინსტრუმენტს იმ ქართველი მეწარმეებისთვის, რომლებსაც კავშირი აქვთ იტალიურ კომპანიებთან.იტალიური ენის ცოდნა ახალგაზრდებს მომავლისთვის და ევროპისათვის მოამზადებს“.
სიტყვები ინტერნეტიდან. სიტყვათა ქსელები
თამაშები და ანიმაცია სკოლებში
ქართულ სკოლებში იტალიური ენის სწავლების დაწყებასთან დაკავშირებით, ამ სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები იტალიური ენის მსოფლიო კვირეულის განმავლობაში ერთ გაკვეთილს ინტერაქტიულ სასწავლო აქტივობებს მიუძღვნიან: YouTube-ის გამოყენებით და სიმღერების მეშვეობით მოსწავლეები გაეცნობიან ენის შესწავლის პრაქტიკულ და სახალისო მეთოდებს, გაკვეთილის დასასრულს კი მიიღებენ სამახსოვრო საჩუქარს წარწერით “მე მიყვარს იტალიური ენა”.
უნივერსიტეტების ქსელები
ჯერ შეთანხმება CRUI-სთან, შემდეგ კი შეთანხმებები იტალიის ცალკეულ უმაღლეს სასწავლებლებთან
იტალიაში სასწავლო სტიპენდიების მიღების მსურველთა კანდიდატურების მართვა ონლაინ პორტალის მეშვეობით
იტალიური ენა საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. აქ ჩვენი კულტურა და იტალიური ცხოვრების სტილი ძალიან უყვართ. სკოლების გარდა, იტალიური ენის შესწავლის მსურველებს ენის კურსებს სთავაზობს დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული იტალიური კულტურის ცენტრი. იტალიური ენა ისეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც ისწავლება, როგორიცაა ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახ. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჩვენი ხელშეწყობით ხორციელდება იტალიური ენის სწავლება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიასა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
CRUI-ს (იტალიური უნივერსიტეტების რექტორების კონფერენცია) და IEC-ს (საზღვარგარეთ სწავლის მსურველი ქართველი სტუდენტების ხელშეწყობისთვის შექმნილი საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრი) შორის გაფორმებული შეთანხმების წყალობით ამოქმედდება სასწავლო სტიპენდიების ახალი ქსელი (ეს სტიპენდიები დაემატება იტალიის მთავრობის მიერ გამოყოფილ ყოველწლიურ სტიპენდიებს). უკვე გაფორმებულია და, ასევე, ამჟამად ფორმდება შეთანხმებები იტალიის ათამდე უმაღლეს სასწავლებელსა და IEC-ს შორის, რომელიც სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველთა დაფინანსებას ითვალისწინებს. კანდიდატურების მართვა განხორციელდება ონლაინ პორტალის მეშვეობით, სადაც სტიპენდიის მიღების მსურველებს განაცხადის გაგზავნა შეეძლებათ. კანდიდატების შერჩევა მოხდება ეტაპობრივად: ჯერ იტალიური უნივერსიტეტების, შემდეგ კი IEC-ის მიერ (კომისიის ერთ-ერთი წევრი ჩვენი საელჩოს წარმომადგენელიც იქნება). პროგრამა, რომელიც იტალიური ენისა და იტალიის უმაღლესი განათლების პოპულარიზაციის სტრატეგიის შემადგენილი ნაწილია, უახლოეს თვეებში იქნება წარმოდგენილი.
17-20 ოქტომბერი (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა – ნეაპოლის უნივერსიტეტი “L’Orientale”)
ქსელები მოქმედებაში
Webinar – ხიდი ენებსა და კულტურებს შორის
სხვადასხვა ქართული უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების დიალოგი ნეაპოლის უნივერსიტეტთან
კვირეული გაგრძელდება იტალიის საელჩოს მიერ ჩაფიქრებული და იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის “მინერვას” მიერ ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული ღონისძიებით “Webinar“, რომელიც 17 და 18 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება. ღონისძიების მიზანია დიალოგი ჩვენს კულტურებს შორის და დისკუსია ინტერნეტქსელების თემაზე. დისკუსიაში დისტანციურად ჩაერთვებიან ნეაპოლის უნივერსიტეტის “L’Orientale”-ს პროფესორები და სტუდენტები.
ღონისძიებას გახსნის ელჩი ბარტოლი, რომელიც იტალიასა და საქართველოს შორის არსებულ კავშირებზე ისაუბრებს. ნეაპოლის უნივერსიტეტის პროფესორი ალბერტო მანკო, რომელიც იტალიური ენის ცენტრის “მინერვას” საპატიო პრეზიდენტად, თავის გამოსვლას იტალიური ენის მსოფლიო კვირეულის თემას მიუძღვნის. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, რის შემდეგ ხელი მოეწერება შეთანხმებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და “მინერვას” შორის, რომელიც იტალიური ენის ქართველი მასწავლებლებისთვის სერტიფიცირებულ ცენტრად იქცევა.
ღონისძიების პროგრამა ორ ნაწილად იყოფა, რომლებიც ორი კულტურისა და ენის მთავარი ასპექტების განხილვას მიეძღვნება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის და, ასევე, ნეაპოლის უნივერსიტეტის “L’Orientale”-ს პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. Webinar-ში მონაწილეობა და წერილობითი მოხსენების მომზადება ნეაპოლის უნივერსიტეტის შედარებითი ენათმეცნიერების ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის 2 სასწავლო კრედიტით შეფასდება.
ონლაინ პლატფორმა Moodle
სწავლისა და გამოცდილების გაზიარებისთვის
ახალი ინსტრუმენტი მასწავლებელისა და სტუდენტებისთვის. ორდღიანი კურსი
გაიმართება ინოვაციური ონლაინ პლატფორმა Moodle-ის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოში იტალიური ენის მასწავლებლებისა და სტუდენტების ხელშეწყობისთვის შეიქმნა. მონაწილეებს ამ პლატფორმას გააცნობს “Minerva INTIS”-ის (ახალი ტექნოლოგიების, ინოვაციების და განვითარების ინსტიტუტი) ხელმძღვანელი ჯოვანი ჯაკომანტონიო, რომელიც 19-21 ოქტომბერს ჩაატარებს კურსს პლატფორმის შესწავლის მსურველი მასწავლებლებისთვის.
17 ოქტომბერი (კინოთეატრი “კავეა”)
მეცნიერების ქსელი
20:00სთ-ზე, კინოთეატრ “კავეაში”, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ორგანიზებით ნაჩვენები იქნება ვალერიო იალონგოს დოკუმენტური ფილმი “სილამაზის აღქმა. ხელოვნება და მეცნიერება ცერნში”.
18 ოქტომბერი (დანტე ალიგიერის საზოგადოება – თბილისის კომიტეტი)
დანტე ალიგიერის საზოგადოების კომიტეტების ქსელი
კავშირი ინტერნეტქსელის მეშვეობით. ერთმანეთს “იტალიის მოედანზე” შევხვდებით!
მოედანი ვირტუალურია, დიალოგი – რეალური: მხოლოდ იტალიურ ენაზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებს შორის
18 ოქტომბერს, 19:00სთ-ზე დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტში გაიმართება საღამო, რომლის მიზანია სხვადასხვა ეროვნების ადამიანების დაკავშირება, რომლებიც იტალიურ ენაზე ერთმანეთს იდეებსა და პროექტებს გაუცვლიან და ხელს შეუწყობენ ახალი მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
საღამოზე ინტერნეტის მეშვეობით გაიმართება ინტერაქტიული დიალოგი იტალიური ენის ქართველ მასწავლებლებს, სტუდენტებს, იტალიური ენის მოყვარულებსა და დანტე ალიგიერის საზოგადოების სხვა კომიტეტებს შორის. რომი, მილანი, ფლორენცია, ბუენოს აირესი, მადრიდი, ტირანა, ათენი, თბილისი და მსოფლიოს ბევრი სხვა ქალაქი ერთიან ვირტუალურ “იტალიურ მოედნად” გადაიქცევა.
19 ოქტომბერი (საქართველოს ეროვნული არქივი)
ისტორიის ქსელი
მოგზაურობა საუკუნეებში იტალიასა და საქართველოს მეგობრობის მოსათხრობად
საარქივო დოკუმენტები და მასალები XVII საუკუნიდან დღემდე. გამოფენა საქართველოს ეროვნულ არქივში
იტალიასა და საქართველოს მეგობრობას ხანგრძლივი ისტორია აქვს. სწორედ ამ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობაზე მოგითხრობთ საქართველოს ეროვნულ არქივში გამართული გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო კავშირის ამსახველი დოკუმენტები, წერილები და ფოტომასალა.
გამოფენა ეროვნული არქივის საექსპოზიციო სივრცეში 19 ოქტომბერს, 18:30სთ-ზე გაიხსნება და 19 ნოემბრამდე გაგრძელდება. მის მნახველს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ამ მეგობრობის ისტორიას XVII საუკუნიდან დღევანდელ დღემდე.
1626 წლის მაისში საქართველოში წარგზავნილმა თეატინელთა ორდენის მისიონერებმა საქართველოს იმდროინდელი საზოგადოებისა და პოლიტიკური ცხოვრების ამსახველი უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი ცნობები შემოგვინახეს. განსაკუთრებით ფასდაუდებელია ქრისტოფორო კასტელის ჩანახატები და ხელნაწერები, რომლებიც დეტალურად აღწერს იმ პერიოდის საქართველოს, ქართველთა ყოფასა და ზნე-ჩვეულებებს.
ექსპოზიციის დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, იხილოს ორ ქვეყანას შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობების დამადასტურებელი მასალები და მიმოწერა, რომლებიც დათარიღებულია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდით. გარდა ამისა, აქვე ნახავთ იტალიაში ქართველი პარტიზნების ფოტოსურათებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს იტალიელ და ქართველ ხალხს შორის არსებული სოლიდარობის უტყუარი დასტურია. იტალიის როლი საქართველოში განსაკუთრებით თვალსაჩინოა ხელოვნებისა და კულტურის ყველა სფეროში არქიტექტურიდან მუსიკამდე, თეატრიდან კინემატოგრაფამდე, მოდიდან სამზარეულომდე.
29 ოქტომბერი (კინოს სახლი)
ლექსიკონების ქსელი
ქართველი რეჟისორის ფილმი, რომელიც გადაღებულია იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს დაფინანსებით
“სიტყვის კაცის”, ლუიჯი მანტოვანის ცხოვრება ლექსიკონებსა და გრამატიკას შორის
იტალიური ენის მეთვრამეტე კვირეულის იდეალური დასასრულია რეჟ. ლელა ბერიძის მიერ გადაღებული ფილმის “სიტყვის კაცი” ჩვენება. იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს დაფინანსებით შექმნილი ფილმი ნაჩვენები იქნება 29 ოქტომბერს, 18:30 სთ-ზე, “კინოს სახლში” (ძმები კაკაბაძეების ქ. 2).
სრულმეტრაჟიანი ფილმი მოგითხრობთ პადრე ლუიჯი მანტოვანის ცხოვრებაზე, რომელიც იტალიურ-ქართული ლექსიკონის (2006წ.), ქართულ-იტალიური ლექსიკონისა (2014) და ლათინურ-ქართული ლექსიკონის (2016წ.) ავტორია. გარდა ამისა, მანვე შექმნა “ქართული ენის მცირე გრამატიკა” (1997წ.). 87 წლის იტალიელი მისიონერი ლუიჯი მანტოვანი, რომელიც ოც წელზე მეტია, ქუთაისში ცხოვრობს, ორი კულტურის დამაკავშირებელი ხიდი და ჭეშმარიტად “სიტყვის კაცია” – მან ცხოვრების დიდი ნაწილი ქართულ სიტყვებში ჩამალული ზუსტი და ღრმა შინაარსის ძიებაში გაატარა.
ფილმი მოგვითხრობს ლუიჯი მანტოვანის გატაცებაზე, შრომასა და ძალისხმევაზე როგორც ქართული ენის იტალიაში წარმოჩინების, ასევე, იტალიური ენის საქართველოში გავრცელების საქმეში.