ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

სამეცნიერო დიპლომატია

სწრაფად ვითარდება იტალიასა და საქართველოს თანამშრომლობა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგში.

ერთ-ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი, რომელშიც იტალია ჩართულია, საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნას უკავშირდება. ნაწილაკების ამაჩქარებელზე წარმოებულ კვლევებზე დაფუძნებული უახლესი მიმართულების – სიმსივნის ადრონული თერაპიის – ცენტრი მიზნად ისახავს მეცნიერთა ახალი თაობის აღზრდა-ფორმირებას, მთელი მსოფლიოდან მკვლევარებისა და პაციენტების მოზიდვასა და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებას. უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ინსტიტუტის დაარსება იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნულ ცენტრთან (INFN) და პავიის ადრონული თერაპიის ეროვნულ ცენტრთან (CNAO) თანამშრომლობით განხორციელდა.

აღსანიშნავია თანამშრომლობა იტალიის კვლევების სამეცნიერო საბჭოსა (CNR) და საქართველოს შოთა რუსთაველის სამეცნიერო ეროვნულ ფონდს შორის, რომელიც ორ სამეცნიერო დაწესებულებას შორის ყოველ ორწლიან პერიოდში მეცნიერების სხვადასხვა დარგებში 5 ორმხრივი პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს.

სულ უფრო ღრმავდება თანამშრომლობა მედიცინის დარგშიც, რასაც ადასტურებს შეთანხმება თანამშრომლობაზე გენუის პედიატრიულ ინსტიტუტს Istituto Giannina Gaslini-სა და მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს შორის, რომელიც ითვალისწინებს კლინიკური ასპექტებისა და სამეცნიერო კვლევების გაზიარებისათვის საერთო ქსელის შექმნასა და ადგილობრივი პერსონალის მომზადებას. კიდევ ერთი მემორანდუმი, რომელსაც ხელი ახლახან მოეწერა რომის ბავშვთა საავადმყოფო Ospedale Bambino Gesù-ს და მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს კარდიოქირურგიულ დეპარტამენტებს შორის, მიზნად ისახავს განსაკუთრებული სირთულის შემთხვევების ერთობლივ მართვასა და კარდიოქირურგიული ოპერაციებს, ასევე, სამედიცინო პერსონალის დახელოვნების ერთობლივი პროგრამებსა და ტრენინგებს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სამეცნიერო თანამშრომლობის მაგალითს წარმოადგენს პროექტი Multidisciplinary survey and monitoring of the Vardzia rock cut complex, რომელსაც იტალიური და ქართული ინსტიტუციები და კომპანიები ერთობლივად ახორციელებენ ვარძიის კომპლექსის გადასარჩენად. ვარძია XII საუკუნის კლდეში ნაკვეთი ქალაქი და სამონასტრო კომპლექსია, რომელიც 13 იარუსზე განლაგებულ 600-ზე მეტ ოთახს წარმოადგენს. ეს კომპლექსი ქართული კულტურის გასაოცარი და, ამავდროულად, მეტად ფაქიზი ძეგლია, რომელიც კლდის ჩამოშლისა და სხვა სეისმური მოვლენების შედეგად ზიანდება.

პროექტის სამი ძირითადი კომპონენტია შესწავლა, მონიტორინგი და პრევენცია. პირველი კომპონენტი გეოტექნიკური ხასიათისაა და გულისხმობს მეწყერების, ქანების მოძრაობის, გეოლოგიური და სეისმური ასპექტების გამოვლენასა და სისტემატიზაციას. მეორე მიზანია მონიტორინგი, რომელიც რთული ტექნოლოგიების გამოყენებითა და მილიმეტრული სიზუსტით ტარდება (2012 წელს იტალიური კომპანიის მიერ დამონტაჟებული სისტემა ყოველ თხუთმეტ წუთში აღრიცხავს მონაცემებს ერუშეთის ქედზე 50 ათასზე მეტ წერტილში კლდოვანი მასების შესაძლო გადაადგილების შესახებ). მესამე მიზანი პრევენციული ღონისძიებებია, რაც გულისხმობს ქვათა ცვენის საშიშროებისა და მისი შედეგების შემცირებისათვის ინჟინერული გადაწყვეტილებების შეთავაზება-განხორციელებას.
ინიციატივის სამი ძირითადი პრინციპია: ცოდნის მიღება, გაზიარება და შესაძლებლობათა გაძლიერება. ეს ინიციატივა სხვადასხვა სუბიექტებს აერთიანებს, რომელთა შორისაა: ISPRA (იტალიის გარემოს დაცვისა და კვლევების უმაღლესი ინსტიტუტი), საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ბოლონიის, ფლორენციის, რომისა და მილანის ბიკოკას უნივერსიტეტები და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტი ხორციელდება სხვადასხვა იტალიური კომპანიების მიერ შემუშავებული და მოწოდებული ტექნოლოგიების (მონაცემთა შეგროვებისათვის აუცილებელი ლაზერული სისტემისა და უწყვეტი კონტროლისთვის აუცილებელი სარადარო სისტემის) მეშვეობით. პროექტის კოორდინატორები არიან პროფ. კლაუდიო მარგოტინი და ინჟ. დანიელე სპიციკინო.